პარლამენტმა პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. თბილისში ქუჩის აქციები იწყება
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა “ქართლი ოცნების” დეპუტაციის ნაწილმა, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტების რამდენიმე თავმჯდომარემ.
ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება და სრულ მობილიზაციას აცხადებს. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ამ პროცესების უკან ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი დგას.
• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან
•სპექტაკლი თუ ბუნტი მმართველი გუნდის შიგნით? პროპორციული სისტემის განხილვა პარლამენტში
• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები
____________________
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.
აქედან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
კანონპროექტის ჩავარდნას, პარლამენტის დარბაზში ხმაური და სტვენა მოჰყვა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ფურცლები ისროლა. საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში ხმოვანი, ე.წ. განგაშის სიგნალი ჩართო.
დარბაზში გაჩნდა ერთდროულად რამდენიმე დაძაბულობის კერა – დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ივნისში, თბილისის ცენტრში მიმდინარე ხალხმრავალი აქციების დროს. მაშინ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა თავად არაფორმალურმა ლიდერმა და მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დადო.
ორი თვის წინ “ქართულმა ოცნებამ” თავად დაარეგისტრირა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხებოდა. დოკუმენტს უმრავლესობის 93-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა.
თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და პარლამენტმა ცვლილებების განხილვა დაიწყო, ამ დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ მათ მიერვე ინიცირებული ეს ცვლილება საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის და ისინი მას მხარს არ დაუჭერდნენ.
პოლიტიკურ სივრცეში და მის მიღმაც ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ “ქართული ოცნების” რამდენიმე საკმაოდ პასიურმა დეპუტატმა (რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანიცაა) გაბედა და საკუთარ ლიდერს აუჯანყდა, თანაც ისეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილება.
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან იკრიბებიან და ყველას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
“ცხადდება სრული მობილიზაცია და უწყვეტი აქციები, ყველა მოდით პარლამენტთან,” – განაცხადა საპარლემენტო კენჭისყრის შემდეგ შოთა დიღმელაშვილმა, ივნისის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ოცნება დეპუტატებმა დატოვეს
კენჭისყრიდან ნახევარ საათში “ქართული ოცნებიდან” გასვლის და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო შვიდმა დეპუტატმა – თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ.
„ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
“პოლიტიკური შულერობა” უწოდა ამ პროცესს დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დატოვა “ქართული ოცნება”. “საბედისწერო შეცდომად” შეაფასა მოვლენები დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
„ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექმნა, ეს არის „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა.