ნატალია გარახანოვა, ბაქო
თუ პატარა, “ოჯახური” ოფისი გაქვთ, დამლაგებელი თქვენს სამუშაო ადგილას მხოლოდ კვირაობით მოდის და მასთან ურთიერთობა დაჭმუჭნულ ქაღალდზე მიწერილი მკაცრი წერილით ამოიწურება – მაგალითად, იმაზე საყვედურით, რომ უნიტაზის სახეხი საშუალება გათავდა. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ოფისი დიდია, და უფროსი სისუფთავის მოყვარული, დამლაგებელი სრული განაკვეთით მომუშავე საშტატო თანამშრომელია; და, სამწუხაროდ, თანამშრომელზე მეტიც.
არ ვიცი, თქვენთან როგორ არის, მაგრამ ჩვენთან ოფისის დამლაგებლებს ცალკე კასტა აქვთ – ერთგვარი მიკროსამყარო, სადაც “ფუტკრების იდუმალ ცხოვრება” მიედინება. საიდუმლო “სიხარულები”, ცხელ-ცხელი ჭორები, წვრილმანი ვნებები და, რაც მთავარია, “უფროს ძმად” გადაქცევისა და საბრალო ოფისის საკუთარი მკაცრი, შეუდრეკელი, მაგრამ სამართლიანი ნებისადმი დაქვემდებარებისკენ სწრაფვა.
ჩამორჩენილობის, შაბლონური აზროვნებისა და ფსევდორელიგიური ტრადიციების ეს მართლაც უნიკალური მაგალითი ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური მოვლენებისა და მასების ყოველდღიური ვნებათაღელვის სარკედაც გამოდგება.
მათი მოქმედებების არეალი საკმაოდ ფართოა, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ 4 ძირითადი მიმართულება, რომლებსაც, პირობითად, “სამინისტროებს” დავარქმევთ. ამ სამინისტროებს გულმოდგინედ აკონტროლებს “უფროსი ძმა” – ტირანი ჯორჯ ორუელის რომანიდან “1984”.
სიმართლის სამინისტრო
დიახ, დიახ! სწორედ აქ იყრის თავს სისუფთავის დამცველთა მთელი ცოდნა.
თუკი ოფისში დამლაგებელი გყავთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ მას ყოველთვის ყველაფერი ეცოდინება ყველასა და ყველაფერზე – ვინ სად ცხოვრობს, ვინ როდის დაიბადა, და ვის რა თვალით უყურებს უფროსობა.
ისინი ვირტუოზულად ფლობენ მანიპულირების ხელოვნებას. ერთგან საჭირო სიტყვას იტყვიან, სხვას მოსწრებულად მიანიშნებენ; შემდეგ – კიდევ სხვას, რომელიც ნათქვამს გაავრცელებს; ვინმეს რაიმე ამბავს გამოსტყუებს, თავისასაც დაურთავს და შემდეგ სხვას ეტყვის. საბოლოოდ კი ჭორების ისეთ კორიანტელში ამოყოფს თავს, რომ თავადაც დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.
მათ გონებაში სოციალური შეფასების ალგორითმი ამოქმედდება ხოლმე და სულ რამდენიმე კითხვის დასმაც ჰყოფნით, რომ გარკვეულ სოციალურ ჯგუფს მიგაკუთვნონ. ამის შემდეგ კი ქცევების შესაბამის მოდელს მოგისადაგებენ.
საიდან ხარ? ბაქოელი ხარ? თუ რაიონიდან? თუ რაიონიდან, რომლიდან? ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ძირძველი ბაქოელი ხარ? კარგია. დიდი დასახლებული პუნქტიდან? კარგი, აგიტანთ. სოფლიდან? აგვიკლეს ამ სოფლელებმა! ჰო, მართლა – დედა და მამა სად მუშაობენ, ან ცნობილი ნათესავები ხომ არ გყავს?
მშვიდობის სამინისტრო
ამ სამინისტროში სამხედრო-საომარ სფეროში არსებულ ცხელ-ცხელ სიახლეებს მოგახსენებენ. და ამ ხარბი ცნობისმოყვარეობით აღსავსე უფსკრულში მოხვდებით თუ არა, მაშინვე შეიტყობთ, ვინ ვინ გაწირა, ვინ გაილანძღა, ვინ ვის დაასწრო მანქანის დაყენება ან ვინ ვის არ მიესალმა ქუჩაში; ვინ თანამდებობიდან გადააყენეს და ა.შ. რომელ თანამშრომლებს აქვთ დაძაბული ურთიერთობა და ერთმანეთს ვინ მტრობს. ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ ამ ჩამონათვალში თავადაც მოხვდებით. შეიძლება, უცებ მძვინვარე მეტოქეებიც აღმოაჩინოთ, რომლებსაც გასული წლიდან გულში წყენა ექნებათ თქვენდამი ჩარჩენილი, რადგან მათთვის ახალი წლის მილოცვა დაგვიწყებიათ.
სიყვარულის სამინისტრო
ოფისის ყველა დამლაგებელი შეთავსებით მაჭანკალიც არის. ის აუცილებლად დაინტერესდება თქვენი ოჯახური მდგომარეობით. და აქაც გაგაოცებთ მისი ალგორითმის მიხედვით მოქმედი ცნობიერება. მაშ ასე, თუ ქალი ხარ:
• გათხოვილი ხარ? – დიახ. – რამდენი შვილი გყავს? არ გყავს შვილები? რატომ? პრობლემები გაქვს?
• გათხოვილი ხარ? არა. – რატომ? რამდენი წლის ხარ? უკვე დროა. დანიშნული იყავი? მოდი საქმროს გიპოვი. ჩვენი მეზობლის ვაჟს ჰყავს მეგობარი…
თუ მამაკაცი ხარ:
• ცოლი გყავს? – კი. – რამდენი შვილი გყავს? არ გყავს შვილები? რატომ? ცოლს პრობლემები აქვს?
• ცოლი გყავს? – არა. – რატომ? რამდენი წლის ხარ? უკვე დროა. შეყვარებული გყავს და მშობლებს არ მოსწონთ? მოდი, კარგ საცოლეს მოგიძებნი – ჩვენი მეზობლის დაქალს ქალიშვილი ჰყავს…
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში? თუკი ობობას ამ აბურდულ ქსელში მაინც გაებით, ისღა დაგრჩენიათ, ალგორითმი გაანადგუროთ. რაღაც ისეთი მოიგონეთ, რაც ამ გაქანებულ მატარებელს შეაჩერებს, თორემ ჯგუფი “ნაუტილუს პომპილიუსის” სიმღერის არ იყოს – თქვენც “სიყვარულის ბორბალი ჩაგიხვევთ”.
მაგალითად, შეგიძლიათ, დამაჯერებელი ტონით აცნობოთ, რომ უკვე დიდი ხანია, თქვენმა პატივსაცემმა მშობლებმა მავან ჭაბუკს აღუთქვა თქვენი თავი (თქვენს ნაამბობს პიკანტურობა შეემატება, თუკი აღნიშნავთ, რომ ეს ჭაბუკი თქვენი შორეული ნათესავია), მაგრამ ამჟამად ჭაბუკი საზღვარგარეთაა ფულის საშოვნელად – რათა მომავალი ოჯახი უზრუნველყოს. ან სიტყვა მიეცით ერთ ახალგაზრდა გოგონას (ბუნებრივია, მამათქვენის უახლოესი მეგობრების ქალიშვილს) და მოთმინებით ელოდებით, როდის დაასრულებს სწავლას ისე, როგორც ყველა კეთილშობილ გოგონას შეეფერება. ჩვენ ხომ განათლებული ხალხი ვართ!
ასეთ შემთხვევაში თავს დაგანებებენ და თქვენდამი პატივისცემით განიმსჭვალებიან.
დოვლათის სამინისტრო
იმის გამო, რომ დამლაგებლები ხშირად ოფისის მომარაგებასაც უძღვებიან, უმეტესად მასობრივ ტერორთან გვაქვს საქმე. თითქოს ყოველთვის რაღაც გაკლიათ ოფისში, არადა ერთი შეხედვით ყველაფერი საკმარისია. გთხოვენ, ამდენი საპონი არ დახარჯოთ; “ჭამთ, თუ რა ხდება”-ო?! – კითხულობენ. ნურც ტუალეტის ქაღალდს გამოიყენებთ ასე აქტიურად, რადგან “ბიუჯეტში უნდა ჩავეტიოთ”-ო.
შეიძლება ასეთი სიტუაციაც შეიქმნას:”წყალს კვირის დასაწყისში შევუკვეთავ, რადგან ასე ვარ მიჩვეული; ასე რომ, მორჩა – რაც არის, კვირის ბოლომდე იმყოფინეთ.” ასეთი შემთხვევებიც ხდება ხოლმე – “ნუ დადიხართ დერეფანში, იატაკი ახლახან მოვრეცხე”. ეს, როგორც წესი, სამუშაო დღის შუა პერიოდს ემთხვევა – როდესაც მნიშვნელოვანი საბუთების ამობეჭდვა უნდა მოასწროთ. ასე რომ, თუკი ასეთ პირობებში გაძლება გსურთ, ცივი ომის დაწყება მოგიწევთ – თუნდაც მოწინააღმდეგის დამშევა მოგიხდეთ.
ესეც ორუელის ნათქვამია – “თუ უმნიშვნელო წესებს იცავ, შეგიძლია მნიშვნელოვანი წესები დაარღვიო.” ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი კონფორმიზმის კანონებს მიჰყვებით, და დამლაგებლების წესებით ითამაშებთ, არ არის გამორიცხული, რომ ნაწილობრივ მაინც შეძლოთ თქვენთვის მშვიდი საოფისე ცხოვრების უზრუნველყოფა და სამსახურზე კონცენტრირებაც კი მოახერხოთ; მაგრამ თუ სულით მეამბოხე ხართ, მშვიდი ცხოვრება დაივიწყეთ, მაგრამ იმის შანსი ნამდვილად გაქვთ, რომ საკუთარი ტერიტორია დაიბრუნოთ და აღარასდროს მოგმართონ საყოფაცხოვრებო საპნისა და უთანასწორო ქორწინების თაობაზე; თუმცა, რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ უფროსი ძმა სულ გაკვირდებათ.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ იატაკის ჯოხით მოფუსფუსე ჩუმი ქალია, რომელიც განსკუთრებულს არაფერს აკეთებს – მხოლოდ იატაკს წმენდს? ეს თქვენ გგონიათ, რომ ასეა. ჩვენთან, კავკასიაში, დამლაგებელი კომპანიაში რიგით მეორე ადამიანია; რა თქმა უნდა – გენერალური დირექტორის მძღოლის შემდეგ.
გამოქვეყნდა 11.06.2016