მწირი შედეგი
სანქტ-პეტერბურგში სარგსიან-ალიევ-პურინის მრავალეტაპიანი შეხვედრა დასრულდა.
თავიდან რუსეთის პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შემდეგ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლა, ბოლოს კი სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.
სამივე მხარემ მოლაპარაკებები მთლიანობაში დადებითად შეაფასა. მხარები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.
ამასთან, “მეოთხე” მხარემ – დასავლელმა შუამავლებმა, ეს მოლაპარაკება რუსეთის მხრიდან ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის “მონოპოლიზაციის” მცდელობად შეაფასა. პეტერბურგის მოლაპარაკებების ანონსის გამოქვეყნებას დაუყოვნებლივ მოჰყვა ეუთოს გენერალური მდივნის, ლამბერტო ზანიერის რეაქცია, რომელმაც განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაში ეუთოს მონაწილეობა არ მიუღია – არადა, ეს ორგანიზაცია კონფლიქტის დარეგულირებაზე ოფიციალურად პასუხისმგებელი ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურაა.
მინსკის ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარემ, ჯეიმზ უორლიკმა იმედი გამოთქვა, რომ სანქტ-პეტერბურგის შეხვედრა 16 მაისს ვენაში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება, სადაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერენ მხარს. იქვე მიაღწიეს შეთანხმებას გამყოფ ზოლზე მომხდარი ინციდენტების გამოძიების მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებითაც.
ერევანი
ნაირა ჰაირუმიანი, Lragir.am-ის მიმომხილველი:
20 ივნისს სანქტ-პეტერბურგში სომხეთის, აზერბაიანისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კონკრეტული ამოცანა გადაწყდა – მხარეები ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის აპარატის უფლებამოსილებების გაზრდაზე შეთანხმდნენ. საერთო განცხადებაში არ არის აღნიშნული, რამდენად გაიზრდება, და შეიცვლება თუ არა პირადი წარმომადგენლის მანდატი.
იმ ანტაგონისტური პოზიციების გათვალისწინებით, რომლებითაც მხარეები რუსეთში გაემგზავრნენ, ეს შედეგი ყველაზე უმტკივნეულოა ყველა მხარისათვის – ყველა კმაყოფილია. სომხეთის პრეზიდენტმა საზავო რეჟიმის განმტკიცების მის მიერვე შეთავაზებული პირობების ოდნავ წინ წაწევა მაინც შეძლო; აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინციდენტების გამოძიების ეუთოს მიერ ინიცირებული მექანიზმების შეთანხმების “გაქაჩვა” მოახერხა, პუტინმა კი მხარეების მხრიდან სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავების პირობას მიაღწია და შუამავლის კაპიტალი შეინარჩუნა,”უთოს მინსკის ჯგუფის” დასავლელმა თანათავმჯდომარეებმა – აშშ-მ და საფრანგეთმა კი მხარეებისათვის რუსული გეგმის თავს მოხვევის შესაძლებლობა გაანეიტრალეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ძალების გამყოფ ზოლზე სიმშვიდე სუფევს. ეს გარემოება მთავარ მიღწევად შეფასდა.
შეხვედრამდე აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაქო მზად არის, აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი არსენ ბაღდასარიანი ყარაბაღში მომხდარი მკვლელობისთვის გასამართლებულ ორ აზერბაიჯანელ დივერსანტზე გადაცვალოს. ექსპერტები იმასაც კი ვარაუდობდნენ, რომ ვლადიმირ პუტინი მხარეებს ტყვეების გაცვლაში დაეხმარებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ წინადადებას სომხური მხარე არ დათანხმდა.
გარდა ამისა, შეხვედრას წინ უსწრებდა, სანქტ-პეტერბურგში რუსულ-იტალიურ-აზერბაიჯანული შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც, რუსული “გაპრომბანკის” ფულით აზერბაიჯანში უნდა აშენდეს იტალიური ქარხანა, რომელიც რუსულ გაზზე იმუშავებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის მიერ, ეს ალიევის მხრიდან სანქტ-პეტერბურგში სავარაუდო გარიგების დადების “ავანსად” შეფასდა.
სამიტამდე სომხურ პრესაში აქტიურად განიხილებოდა გარიგების შესაძლებლობა – ლაპარაკობდნენ რუსეთის პრეზიდენტის განზრახვაზე, სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების იმ გეგმაზე დაეყოლიებინა, რომელიც სერიოზულ ტერიტორიულ დათმობებს გულისხმობდა. ეს გეგმა, უკვე დიდი ხანია, განიხილება; მეტიც, სომხეთის მხარე მას მოლაპარაკების საფუძვლადაც კი მიიჩნევს. თუმცა, ბოლო დროს რუსი და სხვა ქვეყნის ექსპერტები აცხადებენ, რომ სომხურმა მხარემ პოზიციები გაამკაცრა და ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი აღარ სურს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი დაჟინებით მოითხოვს მიწების ნაწილის “დეოკუპაციას”.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთსაპირისპირო განწყობა უახლოეს მომავალში მოგვარდეს – სომხური მხარე ამჟამად არსებული საზღვრების შენარჩუნებასა და განმტკიცებას მოითხოვს, აზერბაიჯანი კი მის შეცვლს. როგორც თავის დროზე რუსეთის პრემიერი, დმიტრი მედვედევმა ამბობდა, სიტუაცია იმგვარად განვითარდა, რომ ან არსებული სტატუსკვო უნდა აღიარო, ან ომი უნდა დაიწყო. თუმცა, 2016 წლის აპრილის მოვლენებმა ცხადყო, რომ არც ომია გამოსავალი.
მოსალოდნელია, რომ სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას “მინსკის ჯგუფის” სხვა ორი თანათავმჯდომარეც (იგულისხმება საფრანგეთი და შეერთებული შტატები) შეეცდება. მაგრამ გეოპოლიტიკური გრაფიკი განუხრელად მიიწევს წინ და ძალიან მალე აშშ-ში, რუსეთში, საფრანგეთსა და სომხეთში აქტიური ელექტორალური პერიოდები დაიწყება, რომლებიც კონფლიქტის მოგვარების აქტივობას შეზღუდავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხი ისევ პასიურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ჯერჯერობით ერთადერთ მიღწევად სამშვიდობო რეჟიმის ფორმალური განმტკიცება შეიძლება ჩაითვალოს.
ბაქო
შახინ რზაევი, ჟურნალისტი, ბაქო:
გულწრფელი აღიარება: ანალიტიკოსად არ ვვარგივარ
აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ ჩემი მხრიდან წინდაუხედაობა იყო ყარაბაღის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების ერთგვარ წინსვლად შეფასება. კონსპირაციული თეორიებიც კი მელანდებოდა – თითქოს აპრილში მომხდარი სამხედრო დაპირისპირება “შეთანხმებული ომი” იყო, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების გარდაუვალი კომპრომისებისთვის შემზადებას.
ვენაში გამართული შეხვედრა, რომელშიც ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებიც იღებდნენ მონაწილეობას, ასევე სანქტ-პეტრბურგში გამართული მომდევნო მოლაპარაკებები, რომელშიც თავად პუტინიც კი მონაწილეობდა, კონფლიქტის სწრაფად – წლის ბოლომდე მაინც- მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთგვარ ბუნდოვან იმედს აჩენდა.
მაგრამ ამ იმედებს ასრულება არ ეწერა. ომიდან სანქტ-პეტერბურგის შეხვედრამდე პერიოდში ქვეყნების მეთურები ერთმანეთს ფეისბუკის “ტროლინგსტატუსების” დონეზე წაეკიდნენ. პრეზიდენტების ურთიერთდაცინვა შურა ბალაგანოვსა და პანიკოვსკის მოგაგონებდათ – “შენ ვინღა ხარ?” და სხვა…
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ქვეყნების მეთაურების პირადი ურთიერთდამოკიდებულებაა. ერთი მხრივ, МГИМО-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი) კურსდამთავრებული, პოლიტბიუროს წევრის ვაჟი, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად და კიდევ ბევრ სხვა ენაზე – “გაზეთების, ქარხნებისა და ორთქლმავლების” მფლობელი; მეორე მხარეს კი – ელექტროტექნიკური ქარხნის უბრალო მუშა. უზარმაზარი სხვაობაა სოციალურ სტატუსებს შორის. აქ უკვე დიპლომატია არ ჭრის, “გაგებებზე” მიდის საუბარი.
მგონია, რომ მოლაპარაკებების პროცესი ადგილიდან არ დაიძვრება მანამ, ვიდრე ეს ორი ადამიანია ხელისუფლების სათავეში. არადა, დიდი ხნით არიან. სერჟს წასვლა კი მოუწევს, მაგრამ ძალაუფლების ბერკეტების შენარჩუნებას მაინც შეძლებს.
აი, ჰეიდარ ალიევი და ლევონ ტერ-პეტროსიანი რომ ყოფილიყვნენ, ნამდვილად გაბედავდნენ და მოაგვარებდნდნ ამ კონფლიქტს. ამათ კი გაქანება არ ეყოფათ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 21.06.2016