მუსლიმი ქალი აფხაზეთში
სირიასა და აფხაზეთში ცხოვრების შესახებ
მე მქვია ნატალია კომბარი. 23 წლის ვარ. სირიიდან ჩამოვედი. სანამ ომი დაიწყებოდა, იქ კარგად ვცხოვრობდით. უკვე სამი წელია, რაც აქ ვართ.
მეგობრები გავიჩინე. ბევრი აფხაზი გოგონა დადის მეჩეთში და ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. მაგრამ ქრისტიანი მეგობრებიც მყავს.
აფხაზეთში იმიტომ ჩამოვედით, რომ აქ დედაჩემი დაიბადა. დედაჩემი რუსია, მაგრამ მისი ბაბუა იყო აფხაზი – გვარად გაბლია. მამაჩემი კი არაბია. ბებიაჩემმა მთელი ცხოვრება ოჩამჩირეში გაატარა.
აფხაზეთის ახალგაზრდები სირიელ თანატოლებივით სოციალურ ქსელებში “დაძვრებიან” და ერთმანეთსაც იქ ეცნობიან. რეპატრიანტებს შორის ძალიან პოპულარულია ქსელი WhatsApp, რომელიც, პრაქტიკულად, ყველას აქვს. ეს რესურსი ინფორმაციისა და ჭორების მთავარი წყაროა.
ამას გარდა, აფხაზეთში ყველა იყენებს “ვკონტაკტეს” და “ფეისბუკს”.
ძალიან მიყვარს ცურვა. სირიაში ქალები საცურაოდ სპეციალურ აუზებზე დადიოდნენ, სადაც მამაკაცებისათვის შესვლა აკრძალულია. აფხაზეთში ასეთი დაწესებულებები არ არის. უპირატესობას ისეთ პლაჟებს ვანიჭებ, სადაც ცოტა ადამიანია. ცურვისას, რა თქმა უნდა, ტანსაცმელი გვაცვია.
როდესაც მეკითხებიან, სად უკეთესია ცხოვრება – აფხაზეთში, თუ სირიაში, ყოველთვის მიჭირს პასუხის გაცემა. სირია, აფხაზეთთან შედარებით, უფრო ცივილიზებული იყო, მაგრამ აფხაზეთში საოცარი ბუნებაა და სირიას ამით ჯობს.
ხშირად ჩავდივარ ოჩამჩირეში. იქ ძალიან ცოტა ადამიანია. თითქმის უკაცრიელი ადგილია. ცარიელი პლაჟებია და იქ ცურვა მომწონს.
ქმრის შესახებ
ბევრს მიაჩნია, რომ მუსლიმ გოგონებს საერთოდ არ აქვთ უფლებები. ეს ასე არ არის. ყველა ოჯახში განსხვავებული წესებია. არის ოჯახები, სადაც გოგონებს გათხოვებას აიძულებენ, მაგრამ ისეთი გოგონებიც არსებობენ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ.
ერთადერთი პირობა არსებობს – თუკი გოგონა მუსლიმია, აუცილებლად მუსლიმზე უნდა გათხოვდეს. თუმცა, მე არ განვსჯი იმ გოგონებს, რომლებიც არამუსლიმ მამაკაცებთან ქორწინდებიან.
ჩემი მომავალი მეუღლე ჩვენი მეზობელი იყო. ეთნიკურად არაბია. ერთმანეთი მოგვეწონა და მისი მშობლები ჩემი ხელის სათხოვნელად გვეწვივნენ.
ნიშნობამდე ერთად სეირნობა არ შეგვეძლო, რადგან ეს სამარცხვინო ქცევად მიიჩნევა. მაგრამ, ნიშნობის შემდეგ ჩვენთან სახლში მოსვლის უფლება მიეცა. ვსეირნობდით და ხელჩაკიდებულებიც კი დავდიოდით.
უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ფილოლოგიის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილებაზე. ჩემმა მეუღლემ ამავე ფაკულტეტის დასრულება მოასწრო, მაგრამ ის ინგლისური ენის განხრით სწავლობდა. მე უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე. შემდეგ ომი დაიწყო.
მე და ჩემი ოჯახი აფხაზეთში გადმოვედით, ჩემი მეუღლის ოჯახი კი ბელგიაში გაიქცა. ჩემთან ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ერთადერთი გზა რუსეთზე გადის. მას კი რუსულ ვიზას არ აძლევენ, იმის გამო, რომ არაბია.
ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს. კონტაქტს არ ვკარგავთ. შვილი გვყავს – პატარა გოგონა.
ზოგადად, აფხაზეთში რეპატრიანტებს ძალიან კარგად ეპყრობიან. რეპატრიაციის კომიტეტი ბინის ქირასაც კი გვიხდის.
არ ვიცი, რა გველის წინ – დავბრუნდებით სირიაში, თუ სადმე სხვაგან ვიცხოვრებთ. სირიაში ყველაფერი დავკარგეთ – სახლი, ბიზნესი… ჩემი მეუღლის ოჯახი საკმაოდ მდიდარი იყო – საკუთარი საწყობები ჰქონდათ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
ამჟამად ჩვენს ოჯახში მხოლოდ მშობლები მუშაობენ. მე ბავშვს ვუვლი. ჩემმა უმცროსმა დამ სკოლა დაამთავრა, მაგრამ არც ის მუშაობს. არავინ იცის, რა გველის მომავალში.
ისლამის შესახებ
აფხაზეთში ბევრი ტურისტია და ადამიანები ხშირად შილიფად ჩაცმულები დადიან, მაგრამ ამ მოვლენის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება მაქვს. ისლამის მიხედვით, ვინმეს განსჯის უფლება არ გვაქვს. ასეთებს ალაჰი განსჯის. ის ადამიანები, რომლებიც სხვებს ისლამის სახელით განიკითხავენ, ნამდვილი მუსლიმები არ არიან.
ძალიან რელიგიური ვარ, თუმცა არა – ფანატიკოსი. რამადანს ვიცავ და დღეში ხუთჯერ ნამაზს ვასრულებ – არც ისე რთულ რაღაცებს. თუმცა, მეჩეთში იშვიათად დავდივარ, უფრო სახლში ვლოცულობ.
ჰიჯაბის შესახებ
ჩემი ქრისტიანი მეგობრები მეკითხებიან ხოლმე, – ჰიჯაბს რატომ ატარებო? ყოველთვის ვპასუხობ, რომ მისი ტარება მსიამოვნებს.
ჩვენი რელიგია ამბობს, რომ თავსაფრით უნდა ვიაროთ, მაგრამ ჩვენს რჯულს არ შეუძლია, ქალს ჰიჯაბის ტარება აიძულოს. დღეს ბევრი მუსლიმი ქალი თავსაფრის გარეშე დადის. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია აფხაზ ქალებს შორის.
აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ნორმალურად აღიქვამენ, რომ ჰიჯაბებით დავდივართ. ამ მხრივ, პრობლემები არ გვაქვს. პირიქით, ხშირად მეუბნებიან, რომ თავსაფარი მიხდება.
სახლში მხოლოდ იმ შემთხვევებში ვატარებ, როდესაც ვინმე უცხო გვსტუმრობს. 10-15 წუთი მჭირდება, რომ თავსაფარი მოვიხვიო და მაკიაჟი გავიკეთო. თავსაფრის გარეშე არასდროს გავალ სახლიდან.
ახლა მოდაშია თავსაფრის ისე ტარება, როგორც მე მაქვს მოხვეული. ამ სტილს თურქულს უწოდებენ. ადრე თავსაფარს სხვანაირად ვიხვევდი.
აფხაზეთში არ არის ტანსაცმლის სპეციალური მაღაზია მუსლიმი ქალებისათვის, ამიტომ ნივთების შერჩევა ჭირს. აფხაზური მოდაც სხვანაირია – სირიულისგან განსხვავებული.
რა იქნება მომავალში
იცით, სიამოვნებით გავატარებდი მთელ ცხოვრებას აფხაზეთში, თუ ქმარი გვერდით მეყოლება და სამსახური მექნება. მაგრამ აფხაზეთში სამსახურის პოვნა ძნელია; სამსახურის გარეშე კი როგორ იცხოვრებ – ოჯახი ხომ უნდა არჩინო!
ჩემი ამბავი უბრალოდ ჩემი ამბავია. მეც, როგორც ათასობით სხვა, ჯერ კიდევ ვეძებ გამოსავალს იმ მძიმე სიტუაციიდან, რომელშიც აღმოვჩნდი.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო