აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
ზედიზედ მესამე წელია, აფხაზეთი სასოფლო-სამეურნეო პარაზიტს – ფაროსანას ცვალებადი წარმატებით ებრძვის. ამ ბრძოლაში დამარცხება აფხაზეთის სოფლის მეურნეობას კატასტროფას უქადის.
მტერს სახეზე უნდა ცნობდე
ფაროსანა მოყავისფრო-მარმარილოსფერი ბაღლინჯოა – პატარა ღილის ტოლი მწერი. ის 140-ზე მეტი სახეობის კულტურას ანადგურებს, ზამთარს კი საცხოვრებელ შენობებში ატარებს, ძირითადად, სახლებისა და ბინების შპალერებსა და კედლის ნაპრალებს შორის იზამთრებს.
არ იკბინება, არ ზუზუნებს, მაგრამ კვების სფეროში ადამიანს უწევს კონკურენციას.
აფხაზეთში 2017 წელს კაკლის ნარგავების 70 პროცენტი იმის გამო დალპა, რომ ფაროსანების კოლონიები კაკლის ხეებში იბუდებდნენ, ნაყოფის წვენით იკვებებოდნენ და მას სრულფასოვან მცენარედ ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევდნენ.
შავი და ხესავით მაგარი მანდარინები, ჩამოცვენილი ფეიჰოა, ლპობის ლექებით დაფარული ხურმა – ეს ყველაფერი 2017-18წლების ზამთარში რესპუბლიკის ყველა მიწის ნაკვეთის ჩვეული სახე იყო.
სამყურა ბალახი უძლური აღმოჩნდა
ადამიანები განგაშის ზარს სცემენ, მაგრამ სოფლის მეურნეობის სფეროს ჩინოვნიკები და მეცნიერები ხალხს აწყნარებენ, და ამტკიცებენ, რომ ეს სეზონური მოვლენაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ფაროსანა – აფხაზეთისთვის ახალი სახეობა არ არის, არამედ ჩვეული მწერია, რომელმაც კლიმატის გლობალური ცვლილების გამო ქცევის ხასიათი შეიცვალა.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყის ბაღლინჯო, – ამბობს რომან დბარი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, – ყველაზე უწყინარი მწერი, რომელიც ჩვენს ტყეებში ბინადრობს. საჭიროა, უბრალოდ ბოსტანში სამყურა მცენარე დაირგას, და მწერები გაქრება“.
მაგრამ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მრავალგზის შეამოწმეს — არც სამყურა, და არც დიქლოფოსი ფაროსანაზე არ ზემოქმედებს.
ამასობაში კი ამ მწერმა თავისი აქტიურობით ქართველი და რუსი სპეციალისტებიც დააფიქრა, და მასთან ბრძოლა აფხაზეთის ფარგლებს გარეთაც დაიწყეს.
• საქართელო: კაკალი არ იქნება? როგორ გაუსწორდა ფაროსანა მოსავალს „თხილის ქვეყანაში“
შეუიარაღებელი ჩინოვნიკები
როდესაც პარაზიტის მასობრივი განადგურების საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანასთან დამოუკიდებლად ბრძოლის სახსრები არ გააჩნდა.
„ფაროსანასთან საბრძოლველად 10 მილიონი რუბლი გამოგვიყვეს [დაახლოებით $ 160 ათასი], – ჩიოდა მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი დაურ თარბა, – მაგრამ ეს თანხა მხოლოდ მუშების ანაზღაურებას არ ჰყოფნის, ძვირად ღირებული პესტიციდებისა და მცენარეების შესაწამლი საგანგებო აღჭურვილობის შეძენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“.
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც საქართველოს პარაზიტთან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინეს, მაგალითად, „გლობალური მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“, აფხაზეთისთვისაც დაიწყეს დახმარების გაწევა. შემოჰქონდათ პესტიციდები, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მწირი აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატებით დამუშავებამ ფაროსანას პოპულაციას საგრძნობი ზიანი ვერ მიაყენა.
რუსეთის მიერ ფაროსანას წინააღმდეგ მიღებული ზომები
2018 წლის გაზაფხულზე რუსეთმა აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა ექვსი დღით აკრძალა, რამაც აფხაზ ფერმერებს შორის პანიკა გამოიწვია.
„თუკი ქვეყანაში კარანტინული პარაზიტი გაჩნდება, ჩვენ იმ ქვეყნიდან პროდუქციის შემოტანას ვკრძალავთ, – განმარტა მაშინ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯამბულატ ხატუოვმა, – ყუბანის ტერიტორიაზე მავნებლის შემოღწევას ვერ დავუშვებთ“.
მაშინ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აფხაზეთის მცხოვრებლების მიმართ წინადადება წამოვიდა — ფაროსანა ლაბორატორიული ცდებისთვის შეეგროვებინათ. ამ დროს მწერი გამოზამთრების მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათი შეგროვება ხელითაც შეუფერხებლად იყო შესაძლებელი. კილოგრამ ბაღლინჯოს ათას რუბლად [დაახლოებით $18] იბარებდნენ.
აფხაზეთის მაცხოვრებლებმა საგანგებო ჩასაბარებელ პუნქტებში, ფულის სანაცვლოდ, თითქმის სამი ტონა ბაღლინჯო ჩააბარეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა იმ კვლევებს რაიმე შედეგი.
საშიშია თუ არა ქიმიური შეტევა სხვა მწერებისა და ცხოველებისთვის?
2018 წელს რუსეთმა აფხაზეთს ფაროსანასთან საბრძოლველად 300 მილიონი რუბლი გამოუყო [დაახლოებით $ 4 მილიონი].
გადაწყდა, რომ ფული პირდაპირ არ გადაეცათ, არამედ ამ თანხით პესტიციდების აუცილებელი რაოდენობა შეეძინათ, ასევე საგანგებო აღჭურვილობა – ქიმიური ნივთიერებების – „ბორეის“ და „ბიფეტრინის“ დასატანად.
აგრონომების თქმით, ეს პესტიციდები მწერებს არჩევით ანადგურებს, და ადამიანებსა და ცხოველებზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. მაგრამ სპეციალისტებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ პრეპარატებს ფუტკრების დახოცვა შეეძლო.
„მე ამ თათბირს საგანგებოდ დავესწარი, რათა მომესმინა, თუ რა გავლენას მოახდენდა ფაროსანასთან ბრძოლა ჩემს ბიზნესზე, – ამბობს აფხაზეთის მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი დაურ ტუღუში, – და, მგონი, საშიში არაფერია. მთავარია – ფუტკრები დროულად ჩაკეტო და ყურადღება მიაქციო, რომ ბაღები ქარიან ამინდში არ დაამუშაონ“.
მინდვრების ქიმიური დამუშავების შედეგად შინაური ცხოველების სიკვდილის შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ახლა პლანტაციებისა და მიტოვებული შენობების პესტიციდებით დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. მაგრამ 2018 წლის შემოდგომაზე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფხაზეთს ფაროსანისგან გათავისუფლებულად თუ არ აღიარებს – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანისთვის საზღვარი, შესაძლოა, კვლავ ჩაიკეტოს.
მოსავლის აღების დრო
2018 წლის ივნისში გაირკვა, რომ გატარებულმა ზომებმა შედეგი მაინც გამოიღო – ფაროსანას პოპულაციას დიდი ზიანი მიადგა. მუშმალამ, რომელიც პარაზიტისგან ერთ-ერთი პირველი ზიანდებოდა ხოლმე, კარგი მოსავალი გამოისხა.
„20 ქილა კომპოტი მოვხუფეთ, გასულ წელს კი – არც ერთი“, – ჰყვება ლიანა, სოხუმის ჩანბას ქუჩის ბინადარი. მიაჩნდათ, რომ ეს ქუჩა ბაღლინჯოს შემოსევამ ყველაზე მეტად დააზარალა.