მეწყერი ბაქოში: მსხვერპლი არ არის, მაგრამ 11 სახლს დაანგრევენ
გაზიარება
გაზიარება
დაბა ბადამდარში, ბაქოს განაპირას, სადაც 12 ოქტომბერს მეწყერი ჩამოწვა, ამჟამად ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდადაა – ვიზუალურად თვალსაჩინო ცვლილებები არ არის, მხოლოდ პერიოდულად ფერდობებზე მეწყრის ჩამოწოლა და ნიადაგის გადაადგილება ხდება.
მეწყერი პარასკევს იმ ტრასის მარჯვენა მხარეს ჩამოწვა, რომელიც დაბა ბადმადარს დაბა „მე-20 ნაკვეთთან“ აერთებს. ჩამოწვა 250 მეტრის სიგანისა და 200 მეტრის სიგრძის მიწის შრე. ახლოს მდებარე თერთმეტი სახლი არ დაზიანებულა, მაგრამ იქ გამოირთო გაზი, წყალი და ელექტროენერგია, მაცხოვრებლებს კი დროებით ადგილის შეცვლა შესთავაზეს.
ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლის აზიზ გარალოვის თქმით, სწორედ ამ ადგილას აშენებული კერძო სახლები გახდა ახლანდელი მეწყრის ჩამოწოლის ირიბი მიზეზი. მათში არ არის საკანალიზაციო სისტემა, გამდინარე წყალი მიწაში ჩაედინება და მას ამოძრავებს.
დაბა ბადამდარი მეწყერსაშიშ ზონაში მდბარეობს, და ასეთი რამ აქ უკვე რამდენჯერმე მოხდა. მაგალითად, სულ ახლახან, 2018 წლის დასაწყისში, როდესაც მეწყერის გამო 390 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. სხვა სიტყვებით ბადმადარი – საცხოვრებლად ნაკლებად ვარგისიანი ადგილია. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში აქ გაშენდა მთელი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც უმეტესწილად უკანონო მშენებლობებისგან შედგება.
ახლა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პირველი მოადგილეელდარ ავიზოვი ამბობს, რომ ამ სახლებზე პასუხისმგებლები პირველ რიგში ის პირები არიან „ვინც ოდესღაც ამ საშიშ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლებას გასცემდა, რადგან მოცემულ ზონაში ყოველთვის შეინიშნებოდა მეწყერები, ამიტომაც აქაური ლანდშაფტის თავისებურებები უნდა გაეთვალისწინებინათ“. ვინ არიან ეს პირები და სად უნდა ვეძებოთ ისინი, ამას ჩინოვნიკი არ აზუსტებს, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ ხსენებულ 11 სახლს დაანგრევენ. და მათი მაცხოვრებლები არავითარ კომპენსაციას არ მიიღებენ – ამის შესახებ განაცხადა ვიცე-პრემიერმა ჰაჯიბალა აბუთალიბოვმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ბაქოს მერი იყო.