სომეხმა მეწარმემ მწოლიარე დემონსტრაცია მოაწყო
ინჟინერმა, მეწარმემ და სამოქალაქო აქტივისტმა ვარდგეს გასპარიმ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის შენობის წინ რამდენიმე საათი მწოლიარე მდგომარეობაში გაატარა, რითაც მან ბიუროკრატიული დაბრკოლებების მიმართ საკუთარი პროტესტი გამოხატა.
გასპარი ჰყვება, რომ 13 დეკემბერს მისმა კომპანიამ ქვეყანაში 740კგ წონის და 10 ათას დოლარად ღირებული ელექტრონული აღჭურვილობა შემოიტანა, თუმცა განბაჟების პროცესი ჯერ არც კი დაწყებულა. ვარდგეს გასპარის თქმით, სახელმწიფო შემოსავლების სამინისტრომ მას „კორუფციული რისკების შემცველი ურთიერთობების გაბმა მოსთხოვა: კერძო ბროკერთან დაკავშირება, რომელიც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყველა საკითხს გადაწყვეტდა“. სამოქალაქო აქტივისტს ეს სიტუაცია მიუღებლად მიაჩნია.
გარდა ამისა, მას მოსთხოვეს საქონლის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთებიც – იმის თაობაზე, რომ ამ საქონელს სამხედრო ან სასოფლო სამეურნეო დანიშნულება არ გააჩნია.
აქტივისტი ირწმუნება, რომ ამგვარი საბუთების მიღება კორუფციულ რისკებს გულისხმობს. ამ ცნობებს კერძო კომპანიები დიდი თანხის სანაცვლოდ გასცემენ, მაგრამ ისინი საქონლის შეუმოწმებლად, მხოლოდ საბუთებს ადგენენ.
„საბაჟოზე ბროკერი გეუბნება: მომეცი ესა თუ ის თანხა და ყველა საკითხს მოვაგვარებო. შენ კი საჩივრით ვერავის მიმართავ, რადგან ეს კერძო პირია. ამჯერად ბროკერებს ვუთხარი, რომ მებაჟეებს არაფერს გადავუხდიდი. მკითხეს: „საბაჟოსთან ყველა საკითხს შენ თვითონ გაარკვევ?“ დიხ-მეთქი, – ვუთხარი, და ჩემი საქმით დაკავება არც ერთმა ბროკერმა აღარ ისურვა.
14 დღეა, დმოუკიდებლად ვეძებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შევავსო მე თვითონ დეკლარაცია. წერილობით მოთხოვნას ვაგზავნი და მეუბნებიან: მოდი და ვილაპარაკოთ. სწორედ ეს არის კორუფცია: როდესაც შენ წერილობითი მოთხოვნა შეგაქვს, ისინი კი სალაპარაკოდ გიხმობენ და კერძო ტელეფონის ნომერს გაძლევენ, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ის ლინკი გადმოგიგზავნონ, სადაც საქონლის დეკლარირებისთვის საჭირო ანკეტას იპოვი“, – აღშფოთებით ამბობს ვარგდეს გასპარი.
ამ სიტუაციისადმი ყურადღების მისაპყრობად, ის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წინ დაწვა – პლაკატით: „არუთიუნიანო, მატყუარა გარეწარი ხარ“. (ვარდან არუთიუნიანი – სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე).
აქტივისტი ამბობს, რომ საქმე ფულში არ არის, არამედ მას სისტემის შეცვლა სურს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ გაძარცვონ და სომხეთის მოქალაქეები ქვეყანაში საქონლის ყოველი შემოტანისას კორუფციული რისკის წინაში არ იდგნენ.
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა გასპარის პროტესტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა.
ვარდგეს გასპარი – სამოქალაქო აქტივისტია. როგორც წესი, ის თავის პროტესტს მწოლიარე დემონსტრაციებით გამოხატავს ხოლმე. გასპარის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ JAMnews-ის სტატიაში „პოლიტპატიმრები გადაწყვეტილების მიხედვით“