მათ ჰიპოკრატეს ფიცი გატეხეს
არევიკ ზოჰრაბიანმა უკვე შეწყვიტა იმ ექიმის ძებნა, რომელსაც მისი ქმრის სიკვდილში მიუძღვის ბრალი. სამწლიანმა ბრძოლამ უშედეგოდ ჩაიარა. როგორია,ყოველდღიურად აუხსნა ორ მცირეწლოვან ბავშვს,თუ სად არის და რატომ არ მოდის მამა?!
ეს ამბავი 2013 წლის გაზაფხულზე მოხდა. არევიკის ქმარს, 27 წლის ცოლაკ მკრტიჩიანს უბრალოდ მუცელი ასტკივდა; ალერგიულობის გამო, წამლებს ვერ იღებდა და ამიტომ, სააქციო საზოგადოება „მასისის სამედიცინო ცენტრს“ მიმართა, სადაც მას კუნთში პრეპარატი „პაპავერინის“ ინექცია გაუკეთეს და შინ გაუშვეს. არევიკის თქმით, ღამით მის მეუღლეს მუცლის ტკივილი განუახლდა და იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ მისულიყო საავადმყოფოში.
‘წაყოლა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა , _ უცბად მივალ და მალე დავბრუნდებიო; და წავიდა… რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა. მთელი ღამე ველოდებოდი. დილის 6 საათზე კი მომაკითხეს და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა’, _ ჰყვება არევიკი და საუბარს ვეღარ აგრძელებს…
მასისის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგემ, გევორკ გრიგორიანმა ცოლაკს, ინტრავენური გზით, პრეპარატი „ბარალგეტასის“ ინექცია გაუკეთა, რის შედეგადაც პაციენტს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცოლაკ მკრტიჩიანი „ბარალგეტასის“ ტიპის ნარკოტიკული პრეპარატის (ბარალგინის) ინექციის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.
არევიკი ამტკიცებს, რომ ცოლაკმა ჯერ კიდევ პირველი ვიზიტისას გააფრთხილა ექიმი, რომ წამლებზე ალერგია ჰქონდა; თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში ჩადებულ ჩვენებაში ექიმი გრიგორიანი აღნიშნავს, რომ პაციენტს მსგავსი არაფერი უთქვამს.
ანაფილაქსიურ შოკიდან ადამიანის გამოყვნა და მისი გადარჩენა ადრენალინის (ეპიფერინის) ინექციითა და რეანიმაციული ზომების დროულად გატარებით შეიძლება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ცოლაკ მკრტიჩიანს ადრენალინის ინექცია ძალიან გვიან გაუკეთეს.
ექსპერტთა კომისიების ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები
ცოლაკ მკრტიჩიანის სიკვდილის გარემოებათა დადგენის მიზნით, შეიქმნა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი,რომელსაც სომხეთის მთავარი ალერგოლოგი, სპარტაკ ღამბაროვი ხელმძღვანელობდა.
კომისიის დასკვნის მიხედვით, ადრენალინის ინექციის დროულად გამოყენების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. გაურკვეველი მიზეზის გამო, აღნიშნული დასკვნა საგამოძიებო ორგანომ მტკიცებულებად არ მიიღო. არევიკ ზოჰრაბიანი იხსენებს,თუ რა უთხრა მას გამომძიებელმა პირველივე შეხვედრაზე ექიმთან დაკავშირებით: „ის სახელოვანი ადამიანია, მასთან ვერაფერს გახდები“.
წინასწარი საგამოძიებო მოკვლევის ფარგლებში, კიდევ ერთი ექსპერტიზა დაინიშნა. ამჯერად საექსპერტო ჯგუფს ანესთეზიოლოგი ირინა მალხასიანი ხელმძღვანელობდა.
მეორე კომისიამ ისეთი დასკვნა დადო,რომ მის საფუძველზე, საქმის დახურვაც კი შეიძლებოდა. მალხასიანმა და მისმა ჯგუფმა დასკვნაში აღნიშნეს, რომ დაგვიანებული ინექცია სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა და ანაფილაქსიური შოკი გარდაუვალი იყო.
არევიკ ზოჰტაბიანმა ეს დასკვნა გაასაჩივრა და შედეგად მესამე კომისია შეიკრიბა, რომელსაც ისევ ირინა მალხასიანი ხელმძღვანელობდა. ახალმა კომისიამ წინა დასკვნა დაადასტურა. არევიკ ზოჰრაბიანი ამბობს, რომ ასეთი დასკვნის გამოტანით კომისიის წევრები თავიანთი კოლეგის, ექიმი გრიგორიანის ინტერესების დაცვას ცდილობენ. საბოლოოდ კი, ცოლაკ მკრტიჩიანის სიკვდილის ფაქტზე აღძრული საქმე, სამედიცინო ექსპერტების კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაიხურა.
ჩვენთან საუბრისას ირინა მალხასიანმა განაცხადა, რომ ეს საქმე არ ახსოვს და სალაპარაკო დრო არ აქვს. მიისივე თქმით, პაციენტის სიკვდილი, როგორც წესი, ექიმის ბრალი არ არის ხოლმე, და ჟურნალისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უადგილოა.
თავად ექიმმა გევორქ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ისურვა. მისი თქმით, ადვოკატები და ჟურნალისტები მიკერძოებულები არიან. ერთი ეს გვითხრა: „მიდით ახლა,და თქვენებურად თავს ლაფი მასხით!’
გევორქ გრიგორიანის სასარგებლოდ მოამზადებული დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, საგამოძიებო კომისიის წევრი, ანესთეზიოლოგი დავიდ მელქონიანი აღნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს საქმე არ ახსოვს, თუმცა ფიქრობს, რომ მასისის საავადმყოფოში ბევრი პრობლემაა, მათ შორის ისიც, რომ კლინიკაში ანესთეზიოლოგების სადღეღამისო მორიგეობა არ არის დაწესებული.
დავით მელქონიანი ასევე მიიჩნევს, რომ ექიმები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტში არიან. შესაძლოა, რომელიმე ექიმი 30 წლის მანძილზე ბრწყინვალედ მუშაობდეს, მაგრამ ერთი შემთხვევის გამო, უცებ ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს. ‘დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ ყველაფერი. შესაძლოა, მას პირადი ტრაგედია შეემთხვა, ან რაღაც სხვა მოხდა’, _ ამბობს მელქონიანი.
საექიმო „სოლიდარობის“ წინაშე კანონი უძლურია
ადვოკატი ინესა პეტროსიანი, რომელიც არევიკ ზოჰრაბიანის ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტების დასკვნა წინასწარი მოკვლევის ფაზაში მნიშვნელოვან მტკიცებულებად ითვლება. პეტროსიანი აღნიშნავს, რომ „სამედიცინო ექსპერტებს, საექიმო სოლიდარობიდან გამომდინარე, საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ დასკვნები არ გამოაქვთ’. ადვოკატის აზრით, მოკვლევაში ის ორგანოც უნდა მონაწილეობდეს, რომელიც საქმეს წარმოებაში იღებს _ როგორც, მაგალითად, სატელეფონო ზარების ანალიზის დროს.
სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 130–ე მუხლი ექიმის შეცდომად მიიჩნევს შემდეგს: სამედიცინო დახმარებისა და მომსახურების გაწევისას პროფესიული მოვალეობის არშესრულება, ან ნაკისრი ვალდებულებების არასწორად შესრულება, რის შედეგადაც პაციენტი კვდება, ან მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი ადგება.
პოლიციის მონაცემების მიხედვით, 2010-2014 წლებში ზემოაღნიშნულ მუხლთან დაკავშირებული სამართალდარღვევების 121 შემთხვევა აღირიცხა, რომელთაგან 22 სასამართლოს გადაეცა, 54 _ დაიხურა, 2 _ შეჩერდა, 43 კი _ წინასწარი საგამოძიებო მოკვლევის სტადიაშია.
სომხეთის სასამართლო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ექიმის პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობის, ან არასათანადო წესით შესრულების მუხლით სასამართლოში 27 საქმეა განხილული. ზემოაღნიშნული საქმეები მთლიანობაში 32 ექიმს შეეხო. 28 მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელთან ცხრამეტი ამნისტის საფუძველზე გათავისუფლდა. 8 შემთხვევაში კი, სასამართლომ დაწესებული სასჯელი პირობითად ცნო და, 70-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულებს გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ერთი ექიმი გაამართლეს, კიდევ ერთი კი, დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო, გაათავისუფლეს. ორ ექიმს 100 000 დრამის (200 დოლარზე ოდნავ მეტი) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი არა კაზარიანი განმარტავს, რომ მოსამართლეებს აქვთ უფლება, სასჯელის პირობითი გამოუყენებლობის გადაწყვეტილება მიიღონ. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლზე.
‘სასამართლო პოლიტიკას, როგორც წესი, საკასაციო სასამართლო განსაზღვრავს, რომელიც პრეცედენტებს ეფუძნება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სასამართლო პოლიტიკა ტელეფონით ან სასამართლოებს შორის გაცემული ინსტრუქციებით განისაზღვროს. 70-ე მუხლი, ერთი მხრივ, ჰუმანურობის აქტს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი კორუფციის რისკის შემცველია’, _ ამბობს არა კაზარიანი.
ამდენად, ექიმების უფლებები, როგორც, წინასწარი საგამოძიებო მოკვლევის, ისე სასამართლო წარმოებისა და ექსპერტიზის შემთხვევებშიც სრულადაა დაცული. ის ადამიანები კი, რომლებმაც ექიმთა დაუდევრობით ნათესავები და ახლობლები დაკარგეს, საკუთარი ინტერესების დაცვას ადვოკატებისა და ჟურნალისტების დახმარებით ცდილობენ. ისინი სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ჩივიან, თუმცა უფრო ხშირად იმედი უცრუვდებათ, დაუსჯელობას ურიგდებიან და ჩუმდებიან.
35 წამი ერევნის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებასთან