სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი ამერიკული კომბაინების შეძენას გეგმავს და აზერბაიჯანი ნედლი ნავთობის ქვეყნიდან ნედლი ბამბის ქვეყნად გადაიქცევა.
ბამბის მოსაგროვებლად მაშინვე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუშაკები და სტუდენტები შეყარეს. ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს.
ეკონომიური ზომები
SOCAR-ის პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი გამოვიდა წინადადებით, რომლის მიხედვითაც, საყოფაცხოვრებო გაზის დეფიციტის პრობლემა ეკონომიით უნდა მოგვარდეს: “როგორც წესი, სიცივის დროს ადამიანები სახლებს გაზით ათბობენ, მაგრამ დათბება თუ არა, იმის ნაცვლად, რომ გაზს დაუწიონ, ფანჯრებს აღებენ ხოლმე,” – აღნიშნა მან.
ალტერნატიულ-ეთიკური ზომები
სახელმწიფოს მიერ დაქირავებული გაჭირვებული მუშაკებისთვის მცირეოდენი თანხის შოვნის საშუალება გამოიძებნა.
დეპუტატმა ხადი რაჯაბლიმ აღნიშნა: “თუკი მასწავლებელი 150-200 მანათს იღებს და ეს შემოსავალი თავის სარჩენად არ ჰყოფნის, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სხვა საქმით უნდა დაკავდეს. ლენქორანში, სოფელ ვერავულში ცხოვრობს მასწავლებელი, სახელად ბალაბეკი. დღის პირველ ნახევარში ის სკოლაში ასწავლის, შემდეგ კი ქვის მთლელად მუშაობს.”
ესთეტიკური ზომები
გადაწყვეტილია მანათის კურსის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემაც. ეს საკითხი სიავუშ ნოვრუზოვმა მოაგვარა. დეპუტატის წინადადება: “რუსეთში იბეჭდება ფულის კუპიურები, რომლებზეც გამოსახულია რუსეთის ყველა მეფე (“ცარი”). მე არ ვემხრობი ჰეიდარ ალიევის ხელმოწერის მანქანაზე მიკრობის პრაქტიკას, მაგრამ მისი პორტრეტი აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ეროვნულ ვალუტას.”
ვინ, თუ არა ის? ადრე ნოვრუზოვი არანაკლებ გონივრული ინიციატივით გამოვიდა და საზოგადოებას ინტერნეტში გავრცელებული ცილისწამებისა და პროვოკაციების პრობლემის მოგვარების გზა შესთავაზა. მისი გეგმის მიხედვით, ყველა კომენტარს აუცილებლად უნდა ერთვოდეს მომხმარებლის პირადობის მოწმობის მონაცემები.
სიავუშ ნოვრუზოვი – დეპუტატი, ფინანსისიტი, IT სპეციალისტი და, უბრალოდ, კარგი ადამიანი!