აფხაზეთი კორონავირუსს მოუმზადებელი ხვდება
აფხაზეთში, ჯერჯერობით, ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც ჩანს, სიტყვა „ჯერჯერობით“ აქ შესაფერისია, რადგან Covid-19 უკვე აღმოაჩინეს მეზობელ კრასნოდარის ოლქში (რუსეთში), საქართველოში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს შეადგენს.
პრევენციული ღონისძიებებიდან მიღებულია მხოლოდ ის, რომ დროებით დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები. სხვა დაწესებულებები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
რუსული მხრიდან მდინარე ფსოუზე არსებული გამშვები პუნქტის საშუალებით შესასვლელი ყველასთვის იზღუდება, რუსეთის მოქალაქეების გარდა.
მდინარე ენგურის გავლით, ქართულ მხარეს მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია. გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთისათვის. ერთ-ერთი მათგანი შაბათს, 14 მარტს ჩამოვიდა. მასში მოთავსებული იყო ტესტები, ნიღბები და დამცავი კოსტიუმები ექიმებისთვის, ასევე ტელევიზორი, რომელსაც რუსეთთან საზღვარზე დადგამენ.
ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაა
მოსალოდნელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებისა და ჰუმანიტარული ტვირთის მეორე პარტიის ჩამოსვლა.
„ჩვენთან ჩამოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოთხი სპეციალისტი, მათთან ერთად იქნება სპეციალური წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი. ისინი შეაფასებენ ლაბორატორიების მდგომარეობასა და ჩვენი საავადმყოფოების აღჭურვილობას, გავუმკლავდებით თუ არა კორონავირუსის ინფექციის აფეთქებას“, – განაცხადა ასტანდა პატარაიამ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ კერძო ვიზიტებისა და სამუშაო მივლინებისგან. საერთაშორისო ექსპერტების შეფასების გარეშეც ხომ გასაგებია, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას.
• კორონავირუსი კავკასიაში. ფაქტები და რიცხვები რეგიონის შესახებ. განახლებადი
არ არის ტესტები, კრიტიკულად ცოტაა სპეციალური აღჭურვილობა და არასაკმარისია ექიმების რაოდენობა
აფხაზეთში, საერთოდ არ არის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტები. მოსალოდნელია, რომ მათ უახლოესი საერთაშორისო დახმარების ფარგლებში ჩამოიტანენ. ასევე აცხადებენ, რომ გარკვეულ რაოდენობას ჩამოიტანენ რუსი სპეციალისტები, სავარაუდოდ, 20 მარტს.
ასევე, აფხაზეთში სპეციალური აღჭურვილობის მწვავე დეფიციტია.
საავადმყოფოებში ძალიან ცოტა ხელოვნური სუნთქვის აპარატია. მაგალითად, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასეთი არც ერთი არ აქვთ.
არ არის არც ერთი ოქსიგენატორი, მოწყობილობა, რომელიც სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით და აჩვენა საკუთარი ეფექტურობა Covid-19-ის მკურნალობის გართულებისას.
„ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ექიმები, არაფერს ვამბობ ინფექციონისტებზე“, – ამბობს ანჟელა არჩელია, აფხაზეთის მთავარი თერაპევტი.
მარტის დასაწყისში შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი. მის შემადგენლობაში შევიდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, მთავარი სანიტარული ექიმი, საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი, საემიგრაციო სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამოქმედდა ცხელი ხაზი, მუშაობს სპეციალური ვებგვერდიც.
შტაბის ხელმძღვანელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბაა.
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა ინფორმაცია, რომ ბგანბამ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და სთხოვა, შეეძინათ მაქსიმალურად დიდი ოდენობით საკვები იმ შემთხვევისთვის, თუკი ყველა საზღვარი ჩაიკეტებოდა. თუმცა, შემდეგ ის გამოვიდა და ეს ინფორმაცია უარყო.
არ არის სამედიცინო ნიღბები და სანიტარული საშუალებები
აფხაზეთში, შეუძლებელია ექიმის სახლში გამოძახება. თუკი ავად გახდით, აუცილებელია თავად წახვიდეთ პოლიკლინიკაში. ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ, სამკურნალო დაწესებულებებს სამედიცინო ნიღბებით ესტუმრონ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ნიღბები არ იყიდება.
„ნიღბები არ გვაქვს და არც გვექნება. რუსეთმა ქვეყნიდან ნიღბებისა და ყველა საჭირო აღჭურვილობის გატანა აკრძალა“, – ამბობს ფარმაცევტი ჯენი ოგანესიანი. „ნიღბებს ჩვენ ხელმძღვანელობა გვაძლევს, მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა, ის ყოველ ორ საათში ერთხელ გამოვიცვალოთ“.
არ იყიდება არც სანიტარული საშუალებები.
„უახლოეს პერიოდში არც შემოიტანენ, საწყობებში კი ყველანაირი მარაგი ამოიწურა“, – ამბობს საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიის მფლობელი, ამანდა ჯუღელია.
ექიმების თქმით, სანიტარულ საშუალებად სამედიცინო სპირტის გამოყენება შეიძლება.
„შესაძლოა სპირტს ცოტა კალიუმის პერმანგანატი დავუმატოთ და მიღებული სითხით ყოველ ორ საათში გავიწმინდოთ ხელი“, – ამბობს მთავარი სანიტარული ექიმი, ლუდმილა სკორიკი.
ასევე, ექიმები გვირჩევენ, ადუღებული წყლით გავრეცხოთ ყველა დაუფასოებელი პროდუქტი, განსაკუთრებით ხილი, ბოსტნეული, ყველი და გავწმინდოთ პური.
გაუქმდეს ქორწილები და ხალხმრავალი დაკრძალვები
აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ლუდმილა სკორიკი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ახლა მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა. ჯერჯერობით შეჩერებულია მხოლოდ კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, მაგრამ სკორიკს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდოს ყველა ქორწილი, დაკრძალვები კი ბევრი ხალხის გარეშე ჩატარდეს.
ასევე, ოპერატიული შტაბი მოუწოდებს დამსაქმებლებს, კარანტინის პერიოდში, 3 აპრილამდე, გაათავისუფლონ 60 წელზე უფროსი ასაკის ყველა თანამშრომელი.
საპრეზიდენტო არჩევნები
აფხაზეთში, 22 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გადადების შესახებ, ჯერჯერობით საუბარი არ არის.
კანდიდატები აქტიურად ხვდებიან ამომრჩევლებს, მათ შორის, საზღვარგარეთ. მოსახლეობაში პანიკა არ არის.