კიბო განაჩენი აღარ არის
სომხეთში სულ უფრო მეტად იზრდება კიბოთი დაავადებისა და ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მამაკაცებს შორის ყველაზე მეტად ფილტვის კიბოა გავრცელებული, ქალებს შორის კი – სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბო მოსდევს. სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ კიბოს საწყისი სტადიის მქონე ადამიანები იშვიათად მიმართავენ ექიმს. “კიბო განაჩენი აღარ არის”, – ამბობენ ექიმები და მოსახლეობას ურჩევენ, გამონახონ დრო და გამოკვლევა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ.
ჯანდაცვის სომხურ-ამერიკული ცენტრის რადიოლოგი, ანი აკოფიანი აღნიშნავს: “თხოვნით მივმართავ ქალებს, არ დაელოდონ კიბოს კლინიკურ გამოვლინებებს და ყველა შემთხვევაში მიმართონ ექიმს. სიმსივნე კიბოსწინარე ეტაპზევე უნდა იქნას აღმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ უმნიშვნელო ჩარევაც საკმარისია და ძუძუს მოკვეთა საჭირო აღარ არის ხოლმე. ხშირად ლაზერით მკურნალობა და ქიმიოთერაპიაც ზედმეტია. ამდენად, დროული აღმოჩენა საგრძნობლად ამცირებს დანახარჯებს და მკურნალობის კურსიც გაცილებით მალე სრულდება”.
ექსპერტების თქმით, სომხეთში პაციენტები დაავადების მხოლოდ მესამე, ან მეოთხე სტადიის დაწყების შემდეგ მიმართავენ ხოლმე ექიმს. თუმცა, ბოლო დროს გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს დაავადების ადრეულ სტადიაზე აკითხავენ”.
ჯანდაცვის სომხურ-ამერიკულ ცენტრში ყოველწლიურად 43 000 ქალს უტარდება გამოკვლევა. ცენტრის ცხრამეტწლიანი მუშაობის განმავლობაში სარძევე ჯირკვების გამოკვლევის 243 977 პროცედურა ჩატარდა. ძუძუს კიბო 9 908 ქალს დაუდგინდა, რომელთაგან 5 982 გადარჩა.
ცენტრის დირექტორი, ხაჩანუშ აკოფიანი ამბობს, რომ ოცი წლის წინათ მთელი დღის განმავლობაში სულ ორი, ან სამი პაციენტს იღებდნენ, ამჟამად კი კლინიკა დღეში 150-200 ქალს ემსახურება.
“უკვე ოთხი წელია, რაც ასეთი მაჩვენებლები გვაქვს, რაც ინფორმირების, მასმედიასთან თანამშრომლობის შედეგია. რამდენიმე წლის წინათ მხოლოდ იმ შემთხვევებში გვაკითხავდნენ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად სავავალო ხდებოდა. იმ დროს, როდესაც დაავადების მესამე, ან მეოთხე სტადია იყო დაწყებული. ასეთ შემთხვევებში კი მედიცინა უძლურია. ადრე შეფარდება 40/60-ს შეადგენდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 60/40-ია”.
ფანარჯიანის სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტის, არტურ ავეტისიანის თქმით, დაავადების აღმოჩენა მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე სრული განკურნების საშუალებას იძლევა.
“რა თქმა უნდა, განცხადებების ინტენსიური გამოქვეყნება გარკვეულ პოზიტიურ დინამიკას იძლევა, მაგრამ პაციენტების 30% მაინც მხოლოდ დაავადების მესამე, ან მეოთხე სტადიის დაწყების შემდეგ მოგვმართავს ხოლმე”.
37 წლის კარინე გასპარიანი ამბობს, რომ ცოტა უფრო ადრე რომ მისულიყო ექიმთან, ან მამოგრაფია მაინც რომ ჩაეტარებინა ყოველწლიურად, ბევრ პრობლემას აირიდებდა.
“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მუხლი ამტკივდა. შემდეგ ხერხემლის ტკივილი მაწუხებდა. მეგონა, რომ სამსახურეობრივი ტრავმები მქონდა. ბოსტნეულის მაღაზიაში ვმუშაობდი და ხშირად სიმძიმეების აწევა მიწევდა. ამის შემდეგ იმდენად ცუდად გავხდი, რომ სიარულის უნარი დავკარგე. ექიმთან მივედი და სარძევე ჯირკვლების კიბოს უმძიმესი ფორმა დამიდგინეს. მეტასტაზები უკვე ძვლებზე იყო გადასული. ექიმები გამოკვლევის შედეგებს ამოწმებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. პრობლემის გართულების თავიდან ასაცილებლად სარძევე ჯირკვლები და საკვერცხეები ამომაჭრეს. მადლობა ღმერთს, გადავრჩი! მადლობას ვუხდი ექიმებს!”
იგი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გარდა, ოჯახს გამოკვლევისა და მკურნალობისთვის საჭირო საკმაოდ დიდი თანხების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაც მოუხდა.
“მხოლოდ გამოკვლევებზე 700-800 ათასი დრამი ($1460-1670) დამეხარჯა. ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსს გავდიოდი და თითოეული პროცედურა 300 ათასი დრამი მიჯდებოდა. ჩვენს ოჯახს მეგობრები და ნათესავები ეხმარებოდნენ. ასე გადავლახეთ ეს განსაცდელი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეცოცხლა”.
სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ქირურგიული ჩარევა, მედიკამეტური მკურნალობა, ქიმიური, მიზნობრივი მკურნალობა და დასხივებითი თერაპია. ონკოლოგები აღნიშნავენ, რომ სიმსივნეების უმრავლესობა მხოლოდ ერთი მეთოდით ვერ ინკურნება. ხშირად შერეული ხასიათის დაავადებასთან გვაქვს საქმე და ამიტომ, შესაძლოა, ერთდროულად ოპერაციაც გახდეს საჭირო, ქიმიოთერაპიაც და დასხივებით მკურნალობაც.
საუნივერსიტეტო კლინიკა “მურაცანის” ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი ლიანა საფარიანი აღნიშნავს, რომ ექიმებიც საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დგანან – თითოეულ შემთხვევაში მკურნალობის ისეთი კურსი უნდა დანიშნონ, რომელიც პაციენტის ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისი იქნება.
“განვითარებულ ქვეყნებში ასეთი პრობლემები არ არსებობს, რადგან ასეთ სახელმწიფოებში მოქმედებს დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც ყველა ძვირადღირებული წამლის ფულს სახელმწიფო იხდის. სომხეთში კი ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, წამლებიც ძალიან ძვირია. ხშირად გვეუბნებიან, რომ გადარჩნისთვის ბინების გაყიდვა უწევთ. ექიმისათვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბინებს გაყიდიან და წამლებს იყიდიან, არ არსებობს იმის ასპროცენტიანი გარანტია, რომ დაავადება არ განმეორდება.
პაციენტები, რომლებიც ინვალიდობის რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნებიან, სახელმწიფოსგან დაახლოებით 60 ათას დრამს ($125) იღებენ. ეს თანხა ერთგვარ დახმარებას წარმოადგენს ქიმიოთერაპიის კურსის გავლის პროცესში, მაგრამ 60 ათასი დრამი არც ისე დიდი თანხაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ სრულად დაფაროს პაციენტის ხარჯები”.
ბევრი პაციენტი წამლებს მეზობელ საქართველოში ყიდულობს, სადაც ეს პრეპარატები ორჯერ, ან სამჯერ უფრო იაფი ჯდება. სხვებს კი წამლებს საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავები და მეგობრები უგზავნიან.
“ეს საკითხი ჩვენი კომპეტენციის ნაწილი არ არის, მაგრამ, თუ არ ვცდები, სომხეთში შემოტანისას მედიკამენტებს 20%-იანი დღგ ერიცხება. მკერდის კიბოს შემთხვევაში, ზოგჯერ ეს წესი სერიოზულ პრობლემას ქმნის. ზოგიერთი მედიკამენტის სრული კურსი 600 ათასი დრამი($1250) ღირს. წელიწადში 16-17 ინექცია საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია”, – ამბობს ლიანა საფარიანი.
47 წლის სუსანა სერობიანი, რომელმაც მრავალი პრობლემა გადალახა და სარძევე ჯირკვლის კიბო დაამარცხა, ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა და ეს პროცედურა 70 ათასი დოლარი დაჯდა.
“მე კიბოს ერთ-ერთ ყველაზე უარესი ფორმა აღმომაჩნდა. ამ სახეობის კიბოს მკურნალობა ძალიან ძვირი ღირს. წარმოიდგინეთ – ერთი ინექცია დაახლოებით 3 000 დოლარი ჯდებოდა. მკურნალობის ამ სახეობას მიზნობრივი თერაპია ეწოდება. პროცედურისათვის საჭირო თანხა მეგობრებმა და ნათესავებმა მომცეს. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვქონდა, ბინაც კი”, – ამბობს სუსანა – რომელიც სამი შვილის დედაა და განათლება ეკონომიკის სფეროშ აქვს მიღებული.
ქალი, რომელმაც კიბოს მკურნალობის მძიმე კურსი გაიარა, აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე იაფ გზას პროფილაქტიკა წარმოადგენს
“თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია მკურნალობის პროცესში ჩაბმა, ან მხოლოდ ნაწილობრივ იღებს ამ საქმეში მონაწილეობას, იმის საშუალება მაინც მისცეს ადამიანებს, რომ გამოკვლევების გზით შეიმოწმონ ჯანმრთელობა, რათა დროულად გამოვლინდეს დარღვევები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკერდის კიბოს შემთხვევაში, რომელიც გაცილებით უფრო მარტივადაა განკურნებადი, ვიდრე, მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე. ყველა სომეხი ქალი იმსახურებს იმას, რომ ყოველწლიურად მიიღოს ექიმის კონსულტაცია და თავისი უბნის პოლიკლინიკაში უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა. დაე, ეს კონვერტი რვა მარტს მიიღონ ჩვენმა ქალებმა. განსაკუთრებით მათ, ვინც რისკის ჯგუფშია”.
სუსანა სერობიანი პაციენტების ორგანიზაცია “Europa Donna Armenia”-ს წევრია. ეს დაწესებულება მსოფლიოს 47 ქვეყანაში საქმიანობს და, უკვე 2 წელია, რაც სომხეთშიც ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მისიას დაავადების გვიანდელ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს, რათა სომხეთში მკერდის კიბო ადრეულ ეტაპზევე იქნას გამოვლენილი – ისე, როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში – და პაციენტებმა მკურნალობისას 100-პროცენიანი შედეგი მიიღონ.
სუსანა აღნიშნავს, რომ პაციენტების ორგანიზაციების ერთ-ერთ მისიად ლობინგი მიაჩნია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ექიმები და პაციენტები გაერთიანდებიან და მათთვის საჭირბოროტო საკითხებს ერთობლივი ძალებით წამოწევენ, შესაძლებელი იქნება ზემოქმედების მოხდენა, და ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში.
ონკოლოგი არტურ ავეტისიანი საზიგადოებრივი მოთხოვნის ფორმირების აუცილებლობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, სომხეთში სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნება და ამოქმედდება სარძევე ჯირკვლის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა – ისე, როგორც განვითარებულ და განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებშია მიღებული.
“კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო და საქველმოქმედო ფონდები გაერთიანდებიან (არც ის იქნება ურიგო, თუკი მათ მსოფლიო ბანკიც შეუერთდება), სკრინინგის პროგრამას რეგულარულ ხასიათს მისცემენ და რისკის ჯგუფში მყოფ ქალებს გრაფიკით, რეგულარულარულად ჩაუტარებენ მამოგრაფიულ შემოწმებას. სახელმწიფო სკრინინგის ორგანიზებული პროგრამის არსებობის შემთხვევაში, ყველა ჩაიტარებს გამოკვლევას. ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის დაავადების მასშტაბების მაჩვენებლებს, რადგან დაავადების უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდება. თუმცა, ამავდროულად, სიკვდილიანობა შემცირდება”.
ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ ატარებს საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული ეტაპის დამდგენ სკრინინგს, რომლის მიზანიც დაავადების დროულად აღმოჩენა და პროფილაქტიკაა. ამ პროგრამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სომხეთში მცხოვრები ქალებს არ სურთ გამოკვლევაზე მისვლა. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამ დაავადების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 57% სომხეთში ამ დაავადების განვითარების მესამე, ან მეოთხე სტადიაზე ვლინდება.
სკრინინგი, რომელიც მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპის გამოვლენისთვისაა გამიზნული 30 ათასი დრამი ($62) ღირს, სონოგრაფია – 10 ათასი დრამი ($20), მამოგრაფია, რომელსაც, ძირითადად, 35-40 წლის ქალები გადიან – 20 დრამი ($40). ეს ფასები სომხეთში მცხოვრები ქალების დიდი ნაწილისთვის ძალიან მაღალია.
ჯანდაცვის სომხურ-ამერიკული ცენტრის დირექტორი, ხაჩანუშ აკოფიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ცდილობს, რაიმე გზით გააუმჯობესოს არსებული მდგომარეობა და ამიტომ უფასო გამოკვლევების ჩასატარებლად სომხეთის რეგიონებსა და ყარაბაღში ჩადის ხოლმე.
“მცირე ხნის წინ არცახში ვიყავით, სადაც ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევები ჩავატარეთ. შემოწმება 250-მა ადამიანმა გაიარა. კიბოს რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ერთ მეძუძურ დედას ქსოვილების პათოლოგია აღმოვუჩინეთ. პაციენტს კიბოსწინა დაავადება დაუდგინდა. ერევანში ჩამოვიყვანეთ, ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ. ეს დიდი მიღწევაა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩავდივართ, რადგანაც ვიცით, რომ სოფლის მოსახლეობას ქალაქში ჩამოსვლისა და გამოკვლევებისათვის საჭირო ფულის გადახდის საშუალება არ აქვს. ისინი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ”.
გამოქვეყნდა: 14.12.2016