კავკასიური სამზარეულო მოსკოვში
მოსკოვის სარესტორნო ბაზარზე ბოლო ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მონაცვლეობით ლიდერობდნენ – ხან იტალიელები, ხან იაპონელები, ხან ინდოელები და ხანაც ყველასათვის უცნობი ‘ფიუჟენები’. დღეს კი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ განებივრებულმა მოსკოველმა მომხმარებელმა უპირობო გამარჯვებულის ტიტული კავკასიურ სამზარეულოს მიანიჭა.
ტერმინის დაბადება
სწორედაც რომ კავკასიურს, და არა ცალკე აღებულ აზერბაიჯანულ, სომხურ ან ქართულ სამზარეულოს. მოსკოვში ჯერ კიდევ შემორჩა უკანასკნელი ბასტიონები, სადაც შეფმზარეულის ეროვნებას უთითებენ, მაგრამ საკმარისია, მათ მენიუს გადახედოთ, მიხვდებით, რომ ეს უბრალო მარკეტინგული სვლაა. გუთაბი და ხინკალი, ხაში და საცივი, ზუთხი ბაქოურად და შემწვარი ხონთქარა, ხაჭაპური და ბასტურმა, ‘არარატი’ და ჭაჭა – ეს ყველაფერი მშვიდობიანად თანაარსებობს ერთი ყდის ქვეშ. ამ ბიზნესში ეროვნული სიწმინდის დამცველებს ნამდვილად გაკოტრება ელით.
კრემლიდან ბირიულოვომდე
კავკასიური სამზარეულოს ტრიუმფში დასარწმუნებლად სტატისტიკა საჭირო არ არის. საკმარისია დავაკვირდეთ, თუ როგორ მატულობს იმ სახინკლეების რაოდენობა, რომელთა დასახელებაშიც მფლობელის სახელი ფიგურირებს – პირობითად, ‘[სტუმრად] ვიღაცასთან’.
ეს ექსპანსია ცენტრთან სიახლოვით არ იზღუდება. ყოვლად წარმოუდგენელია თავის პატივისმცემელ ნებისმიერ მოსკოვურ ოფისში პარასკევის ‘ნადიმი’ ოსური ღვეზელების გარეშე, რომლებიც თანდათანობით, მაგრამ სულ უფრო ხშირად ‘ანაცვლებენ’ პიცას.
თუ ‘გუგლის’ მონაცემებს დავეყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებების რაოდენობის მხრივ კავკასიური სამზარეულო ჩამოუვარდება იტალიურს (დაახლოებით 1500 შემოთავაზება) და ტოლს არ უდებს იაპონურს, რომელზეც ინტერნეტში დაახლოებით 1000 შემოთავაზება მოიძებნა.
სინამდვილეში, ეს მონაცემები ზუსტი არ არის. იტალიელ და იაპონელ რესტორატორებს ყველა შემთხვევაში აქვთ საკუთარი ვებგვერდები. ისინი ცდილობენ, ინტერნეტში მოწინავე პოზიციები დაიმკვიდრონ. მათ არც მდიდარი კავკასიელები ჩამორჩებიან; თუმცა პარალელურად, მეტროსადგურების მახლობლად, გარეუბნების სიღრმეებში არსებობს ბევრი ისეთი დაწესებულება, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი და მოსახლეობაში ისედაც პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ, მათი მფლობელები ‘ონლაინ პრომოუშენისთვის’ ფულს არ ხარჯავენ.
‘მაგნოლია’
რუსეთის დედაქალაქის კავკასიურ დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია კაფე ‘მაგნოლია’ , რომელიც ქალაქის განაპირას, რკინიგზის პლატფორმის მახლობლად მდებარეობს. გარეგნულად საწყობს წააგავს, ინტერიერი კი ცრემლებს მოგგვრით – იაფფასიანი ავეჯი, პოლიეთილენის გადასაფარებლები, ბარის დახლის თავზე გაკრული ვალერი ხარლამოვის ფოტო, ხელნაკეთი სურათები, რომლებიც ალბათ ოცდაათიოდე წლის წინ იზმაილოვოს ბაზრობაზეა ნაყიდი. იქვე, კუთხეში ორკასეტიანი მაგნიტოფონიც დგას.
ინტერიერის კიდევ ერთი, აუცილებელი შემადგენელია ‘მაგნოლიას’ მფლობელი და მისი მეგობრები, რომლებიც მთელ დღეს ორ ძირითად საქმიანობას ანდომებენ – თამაშობენ ნარდს, და წყვეტენ დილემას – სლავა მეტრეველი უფრო გენიალური ფეხბურთელი იყო, თუ დავით ყიფიანი.
ერთი შეხედვით, შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი პოპულარული იყოს. მაგრამ ამ ‘ღარიბულ თავშესაფრთან’ გაჩერებულ მანქანებს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ბევრ ავტომობილს ორი ყველაზე რესპექტაბელური მოსკოვური სერიის (‘ЕКХ’ და ‘АМР’) ნომრები აქვს, რაც იმის ნიშანია, რომ მათ მფლობელებს შეუძლიათ ისეთ ადგილებში ისადილონ, სადაც დღიური ნავაჭრი მთლიანად ‘მაგნოლიას’ ღირებულებაზე მეტია. მაშ, როგორ ავხსნათ საიდუმლო?
არავითარი საიდუმლო! პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ იქ ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ, და მეორეც ის, რომ ‘მაგნოლია’ ლეგენდაა. ეს კაფე თავის პოპულარობას ფიოდორ ბონდარჩუკს უნდა უმადლოდეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ თავის ბლოგში აღნიშნა, რომ რუბლიოვის შოსეზე საცობის განტვირთვას ‘მაგნოლიაში’ უცდის, საიდანაც შინ დანაყრებული, დამშვიდებული და სრულიად ბედნიერი ბრუნდება. ბევრმა მკითხველმა ბონდარჩუკის ეს დაკვირვება შეამოწმა და დაადასტურა კიდეც. და ალბათ ‘მაგნოლიაში’ მოსახვედრად მალე რიგის დიდი ხნით ადრე დაკავება მოგვიწევს.
კონკურენტები
აპრილში მოსკოვში იგეგმება პირველი და ყველაზე ცნობილი კავკასიური რესტორნის, ტვერსკაიაზე მდებარე ‘არაგვის’ ხელახალი გახსნა. ეს რესტორანი ოდესღაც ამ ბაზრის მონოპოლისტი იყო, მაგრამ ყველაფერი ცვალებადია. მრავალწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ ‘არაგვს’ უკიდურესად კონკურენტულ გარემოში უწევს დაბრუნება.
ამჟამად არაგვის მფლობელების სარეკლამო კამპანია ორ ფაქტორს ეყრდნობა. როგორც თავად ამბობენ, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ რესტორნის აღორძინების საქმეს თავად მოსაკოვის მერი, სერგეი სობიანინი მფარველობდა; ასევე საგულისხმოა, რომ განახლებულ ‘არაგვში’ აღდგება ოთახი, სადაც ლავრენტი ბერიას უყვარდა დასვენება.
გამოქვეყნებულია: 26.04.2016