ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. რატომ არ ჩავიდა ის სომხეთში?
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იმყოფებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანში, სადაც ლიდერებს, თავდაცვის მინისტრებსა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
რატომ არ ჩავიდა ლიბერმანი სომხეთში? ეს შეკითხვა ისრაელის ექსპერტებს ისრაელის ტელევიზიის მე-9 არხის ეთერში დაუსვეს. ვაჯამებთ ამ გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს.
საქართველო
ისრაელი-საქართველოს მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განახლება.
2008 წლამდე ისრაელი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ჯარის მოდერნიზებაში. აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ყველა პროგრამა შეჩერდა – ისრაელმა ეს აშშ-ს კვალდაკვალ გააკეთა.
ორივე ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შემცირების მცდელობით ხსნიდა. თუმცა, ისრაელი მანამდე ქართული ჯარის მოდერნიზაციაში აქტიურად მონაწილეობდა.
2017 წლის ბოლოს აშშ-მ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესაძლო განახლების შესახებ განაცხადა. და ისრაელმა ახლა ასევე შეცვალა საკუთარი სტრატეგია და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას განაახლებს.
• რატომ აძლევს ამერიკა საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin-ს და რა შუაშია აქ რუსეთი
აზერბაიჯანი
ისრაელის თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანში უპრეცედენტოდ გაგრძელებული – 5-დღიანი ჩასვლა, ადგილობრივი პოლიტოლოგის არიე გუტის აზრით, რამდენიმე მიზეზით აიხსნება. მათ შორისაა:
• აზერბაიჯანი – ისრაელის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. საქონელბრუნვის მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
• აზერბაიჯანი – ისრაელის სამხედრო პროდუქციის რეგიონში ყველაზე მსხვილი მყიდველია.
• აზერბაიჯანი – ტრანს-კავკასიური ნავთობისა და ბუნებრივი კორიდორის უმნიშვნელოვანესი პუნქტია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის პირობებში. უსაფუძვლო არ იყო, რომ ავიგდორ ლიბერმანის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტს მოჰყვა.
• აზერბაიჯანის როგორც შუამავლის როლი მატულობს სირიაში კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, სადაც თურქეთის, ირანის, რუსეთის, აშშ-სა და ისრაელის ინტერესებია გადაჯაჭვული. ბოლო დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს პუტინსა და ალიევს შორის ურთიერთობა აღდგა, – ამბობს არიე გუტი.
დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ პირად მეგობრობას, რომელიც ისრაელის თავდაცვის მინისტრსა და აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებას აკავშირებს.
სომხეთი
სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნიდან ავიგდორ ლიბერმანი მხოლოდ სომხეთში არ ჩავიდა. კერძოდ, ამასთან დაკავშირებით შემდეგი ვარაუდები გამოითქმება:
• ისრაელსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის დონე დაბალია.
• სომხეთი საკვანძო მოთამაშეს არ წარმოადგენს ორ მთავარ საკითხში, რაც ისრაელს და აშშ-ს აინტერესებს – სირიის კრიზისი, და ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსკავკასიური მიწოდებები.
• ყარაბაღის საკითხში ისრაელი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.
• ისრაელისა და სომხეთის საკითხში შენარჩუნებულია მტკივნეული პრობლემა – ისრაელის მხრიდან 1915 წელს მომხდარი სომხების გენოციდის აღიარების სურვილის არქონა. ამისთვის ისრაელის შიდა ოპოზიცია ახლანდელ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს.