ინოვაციური ბიზნეს-ფორუმი სომხეთში - რეგიონების განვითარების მცდელობა
სომხეთში რიგით მეექვსე ინოვაციური ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა. ამჯერად მან ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლა და „ჩემი ნაბიჯი შირაქის ოლქისთვის“ დაერქვა.
„ჩემი ნაბიჯი“ – საპროტესტო აქციის დასახელებაა, რომლითაც სომხეთში „ხავერდოვანი“ რევოლუცია დაიწყო. ახლა ამ სახელს მმართველი საპარლამენტო პარტია ატარებს. და ამავე სახელწოდებით მიმდინარეობს ინოვაციური ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც რევოლუციის ლიდერი და უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობს.
ბიზნეს-ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ისეთი მეწარმე მიიზიდოს, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ სომხეთის ოლქების განვითარებას.
• მხოლოდ ქალებისთვის — როგორ აამოქმედეს სომხეთში “სოციალური ბიზნესი”
• ფოტორეპორტაჟი სომხური კაფედან, სადაც შშმ ადამიანები მუშაობენ
ბიზნეს-ფორუმის გახსნა
ბიზნეს-ფორუმი „ჩემი ნაბიჯი შირაქის ოლქისთვის“ ამ რეგიონის ყველაზე დიდ ქალაქში – გიუმრიში ჩატარდა. მანამდე ფორუმები არარატის, ლორის, გეგეარკუნიკის, სიუნიკის, ტავუშის ოლქებში ჩატარდა.
ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს, რომ ახალგაზრდა მეწარმეები წარადგენდნენ თავიანთ პროექტებს, რომლებშიც ინვესტიციების ჩადებას დიდი ხნის წინ შექმნილი კომპანიები და სხვა ბიზნესმენებიც შეძლებენ
ამ ფორუმების ფარგლებში, ასევე ტარდება ადგილობრივი, იმ რეგიონისთვის სახასიათო პროდუქციის გამოფენები, სადაც ეს ღონისძიებები ტარდება.
ამჯერად გამოფენაში შირაქის ოლქში მოქმედი 60 კომპანიაზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.
აქ პრემიერს ორიოდე საჩუქარი გადასცეს – „ხავერდოვანი“ რევოლუციის ლიდერის მსგავსი თოჯინა და ადგილობრივი წარმოების ფეხსაცმელი.
„ამ ფეხსაცმელს სიამოვნებით ჩავიცვამ. ახლა, ყველაფერი რაც ტანთ მაცვია, ჰალსტუხის გარდა, ადგილობრივი წარმოებისაა, ასე რომ, სიამოვნებით ჩავიცვამ გიუმრიში შექმნილ ფეხსაცმელს, – თქვა ფაშინიანმა.
აქვე მთავრობის მეთაური ოლქში მოქმედი საბანკო სისტემის მომსახურებას გაეცნო. ნიკოლ ფაშინიანი კომპანიის ონლაინ-ვებ-გვერდ SHEMM-ზე დარეგისტრირდა. ეს ქვეყანაში პირველი ვებგვერდია, რომელიც ბუღალტრულ მომსახურებას სთავაზობს.
ფორუმების მონაწილეები
შირაქში ფორუმზე მონაწილეობა 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მთავრობის წევრების გარდა, აქ იმყოფებოდნენ – დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელები, პარლამენტის დეპუტატები,სომხეთში აკრედიტებული ელჩები, მსხვილი სახელმწიფო და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები, 50 – უცხოელი და 150 ადგილობრივი ბიზნესმენი.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბიზნეს-ფორუმი იმის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კონცეპტუალური მიდგომების შესახებ მოჰყვეს:
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ რომ ჩვენ სომხეთის ეკონომიკაში ჩამოვაყალიბეთ ახალი ფენა, რომელსაც მიკრობიზნესი დავარქვით. 2020 წლის 1 იანვრიდან 24 მილიონ დრამამდე ბრუნვის მქონე კომპანიები [50 ათასი$] გარკვეული სახის გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, პლუს ამ კომპანიებში ჩართული თანამშრომლებისთვის განკუთვნილი გადასახადი 5000 დრამს [10$] შეადგენს“.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრით პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შთაბეჭდილებები
ბიზნეს-ფორუმის დასრულებისთანავე ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook -ის გვერდზე ჩანაწერი გააკეთა:
„შირაქის ოლქში ისევ გავხდით ისეთი სიტუაციების მომსწრენი, როდესაც ბიზნესმენები მუშახელს ვერ შოულობენ, ზოგიერთი შრომისუნარიანი ადამიანი კი ყველა „ჰალსტუხიანისგან“ ყვირილით და ღრიალით მოითხოვს ჰუმანიტარულ დახმარებას“.
ამით აშკარად იმედგაცრუებულმა პრემიერმა ის შეღავათები ჩამოთვალა, რაც მისმა მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შესთავაზა, და დაასკვნა:
„ყველა სხვა დანარჩენი პრობლემა თითოეულმა ოჯახმა თავისი კანონიერი მუშაობით უნდა გადაჭრას. და სომხეთში არის სამუშაო. სომხეთში სამუშაო ადგილების გაჩენა შესაძლებელია. სამუშაოს გარდა, კეთილდღეობის მიღწევის სხვა გზები არ არსებობს…
სხვათა შორის, ისეთი ადამიანები, ვისაც კონკურენტუნარიანი განათლება აქვს მიღებული, სომხეთში კარგად ცხოვრობენ, და კიდევ უკეთ უნდა იცხოვრონ. უნდა წავახალისოთ ჩვენი შვილები, რომ კონკურენტუნარიანი განათლება მიიღონ, თვითგანვითარებით, თვითკრიტიკითა და ხელოვნებით დაკავდნენ. აი, ეს არის იმის მარტივი ფორმულა – თუ როგორ მივაღწიოთ კარგ ცხოვრებას“.