ინალ ხაშიგი, სოხუმი
გასულ სამშაბათს მოხდა ის, რაც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ბუდაპეშტში, ‘უეფას’ კონგრესზე ევროპის ეროვნულმა საფეხბურთო ასოციაციებმა კოსოვოს საფეხბურთო საბჭო თავიანთ ორგანიზაციაში მიიღეს.
და, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოელებმა ეს საკითხი დიდი გაჭირვებით გაიტანეს (უეფას წევრების თითქმის ნახევარი ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ‘თვითგამორკვეული ტერიტორიის’ ფეხბურთელები თანასწორუფლებიან სპორტსმენებად ეღიარებინა – 28 ასოციაციამ მხარი დაუჭირა კოსოვოს მიღებას, 24-მა კი ამ წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა. ორმა ასოციაციამ თავი შეიკავა), კოსოვოს გაწევრიანების გარშემო ატეხილი ცხარე დებატები იმაზე ადრე დაავიწყდებათ, ვიდრე ამ ქვეყნის ნაკრები ახალი სტატუსით პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს.
როგორც პრაგმატული ფეხბურთის მოყვარულები ამბობენ, ‘თამაში დაავიწყდებათ, შედეგი კი დარჩება.’
მიუხედავად იმისა, რომ თავს ლამაზი ფეხურთის მოყვარულად უფრო მივიჩნევ, ვიდრე ტაბლოზე გამოსახული ციფრების პრაგმატულ აღმნუსხველად, კოსოვოს საკითხთან მიმართებაში ჩემი ყურადღება სწორედ შედეგმა მიიპყრო. იმიტომ, რომ ბუდაპეშტში მომხდარი, საკმაოდ ფართო მნიშვნელობის საკითხია უეფასთვის და მათთვისაც, ვინც ამ ორგანიზაციისკენ მიილტვის – ‘შეიქმნა პრეცედენტი’.
სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი (ისინი ალბათ საკუთარ სათქმელს თავადვე გააცხადებენ), მაგრამ ცხადია, რომ მე, როგორც აფხაზს, ამ პრეცედენტმა სული გამითბო და აფხაზურ ფეხბურთს გვირაბის ბოლოს სინათლე დამანახა.
რატომ შეუძლია კოსოვოს და რატომ არ შეუძლია აფხაზეთს? ამიერიდან ეს საკითხი ‘უეფას’ წინაშე გამუდმებით აღმოცენდება.
ადრე სპორტი, მათ შორის ფეხბურთიც, რომელსაც აპოლიტიკურობით იწონებდა თავს, მაინც ერთგვარ პოლიტიკურ ბარიერებს ქმნიდა. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას უეფას შინაგანაწესში არსებული პუნქტი ამ ორგანიზაციის წევრობის პირობების შესახებ:
‘უეფას წევრობა შეუძლია ფეხბურთის ეროვნულ ასოციაციას, რომელიც ევროპის კონტინენტზე, გაერო-ს მიერ აღიარებულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში მდებარეობს და საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებასა და იმპლემენტაციაზე აგებს პასუხს.’
თავი დავანებოთ შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის საფეხბურთო ფედერაციებს. ეს ორგანიზაციები წესებს არ დაუქვემდებარეს, რადგან სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის თანაშემქმნელ ქვეყნებს წარმოადგენენ.
ნუ ვახსენებთ შვეიცარიასაც, რომელიც გაერო-ში მხოლოდ 2002 წელს შევიდა; ამ ქვეყნის კლუბები და ეროვნული ნაკრები კი, უკვე რამდენიმე ათეული წელია, საერთაშორისო ეგიდით ასპარეზობენ. მაგრამ ამ ქვეყანაში მხოლოდ ძალაუფლების მქონე ადამიანების ფულადი აქტივები როდი ინახება – აქ ‘უეფასა’ და ‘ფიფას’ შტაბბინებია განთავსებული.
მაგრამ კოსოვო ხომ გაერო-ს წევრი არ არის! ეს ქვეყანა ვერც საიმედო საბანკო სისტემით დაიკვეხნის. მის ტერიტორიაზე არ არის და ალბათ, ამ საუკუნეში არც იქნება ყველაზე უფრო უბადრუკი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის შტაბბინაც კი (მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ უძრავ ქონებაზე გაცილებით დაბალი ფასებია დაწესებული, ვიდრე მოსაწყენ, მაგრამ მეტისმეტად ძვირ შვეიცარიაში). აღარაფერს ვიტყვი კოსოვოელების მიერ ფეხბურთის ისტორიაში დატოვებულ კვალზე, რადგან ამ საკითხზე თავად კოსოვოელებიც არ ლაპარაკობენ ბევრს და ხშირად.
მიუხედავად ამისა, კოსოვოელებს ძალიან უყვართ ფეხბურთი და სურთ, რომ მათი ფეხბურთელები არც მათდამი მტრულად განწყობილი სერბეთის და არც მონათესავე ალბანეთის, არამედ საკუთარი იდენტობისთვის ტანჯვაგამოვლილი, ნაწამები ქვეყნის, კოსოვოს სახელით გამოდიოდნენ.
მოკლედ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას შანსი გაუჩნდა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 10.05.2016