ვისია ხატი?
უკვე რამდენიმე წელია, რაც სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს უნიკალური ხატის დაბრუნებას. აღნიშნული ქმნილება1990-იანი წლების დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტის საომარი ფაზის მიმდინარეობის დროს გაქრა ცხინვალიდან და ამჟამად თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
საუბარია ბიზანტიური ხატწერის ადრეული სკოლის გამორჩეულ ნამუშევარზე, სამმაგ ხატზე, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. მასზე ხატმწერმა მაცხოვარი და წმინდანები გამოსახა.
ხატის სიმაღლე 20,32 სანტიმეტრია, სპილოს ძვალზე გრავირების მეთოდითაა შესრულებული და მარგალიტით, ოქროთი და ვერცხლით იყო შემკობილი.
მსგავსი ტიპის სხვა ტრიპტიქონებისგან განსხვავებით (რომელთა რიცხვიც არც ისე დიდია), ეს ხატი ძალიან კარგადაა შემონახული.
სამხრეთოსური და ქართული მხარეები ამ რელიკვიასთან დაკავშირებულ ვერც ერთ ფაქტზე ვერ თანხმდებიან და, უკვე თითქმის 15 წელია, ამ ხატთან დაკავშირებით საკუთარ უფლებებს უმტკიცებენ ერთმანეთს.
ხატის წარმოშობა
ცხინვალის არგუმენტები
სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი მერაბ ზოსეევი ოქონის ტრიპტიქონის ისტორიას ასე აღწერს:
“ლეგენდის მიხედვით, ეს ხატი მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და სამხრეთი ოსეთის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა.”
თბილისის არგუმენტები
საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორის, ელენე კავლელაშვილის თქმით, ოქონის ხატის შესახებ პირველი ცნობები მეთერთმეტე საუკუნეს განეკუთვნება:
“ეს ხატი საქართველოში ბაგრატ მეოთხეს პირველმა მეუღლემ, დედოფალმა ელენემ ჩამოიტანა. ოქონის ტრიპტიქონი დედოფალი ელენეს მზითევის ნაწილი იყო.
ბაგრატ მეოთხემ ოქონის ხატისთვის სპეციალური ტაძარი ააგო, რომელიც მოგვიანებით ძლიერი მიწისძვრისგან დაინგრა. ტაძარი არ აღუდგენიათ. მის ადგილზე მომცრო ზომის ეკლესია ააშენეს. ქმნილება სწორედ ამ ეკლესიაში აღმოაჩინა მკვლევარმა პრასკოვია უვაროვამ (მე-19 საუკუნეში) – 30 ძვირფასი ქვით შემკული ნამუშევარი წარწერით ‘ოქონის ხატო, შეუნდე ცოდვილ კათალიკოს ევდემონს.’
მინაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ წინაშეა ნამდვილად ოქონის ხატი, რომელიც ზუსტად იმ ადგილას აღმოაჩინეს, რომელიც ისტორიულ წყაროებშია მითითებული.
1923 წლის შემდეგ, როდესაც სიწმინდეების განადგურება დაიწყო, ხატი ეკლესიიდან ცხინვალის მუზეუმში გადაიტანეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც არტეფაქტი არა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, არამედ ადგილობრივ მუზეუმს გადაეცა. სწორედ იმ მუზეუმში ინახებოდა ხატი 1992 წლამდე”.
როგორ გაუჩინარდა ოქონის ტრიპტიხი
ცხინვალის ვერსია
1991 წელს ოქონის ტრიპიქონი გაქრა. სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის მაშინდელმა თანამშრომელმა, სერგეი ჩიბიროვმა რელიკვიის გაქრობის ისტორია ასე აღწერა:
“1991 წლის იანვარში ცხინვალის ის ნაწილი, სადაც მუზეუმი მდებარეობს, ქართულმა მილიციამ დაიკავა. იმ პერიოდში ტრიპტიქონი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო გამოფენილი. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც იქნა, მოვახერხეთ შენობაში შესვლა და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი ექსპონატი, ვერცხლის ქარქაშის მქონე რამდენიმე ხანჯალი და ძველი მონეტები გამქრალიყო.’
უნიკალური ხატი მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოჩნდა. 2001 წლის ზაფხულში მავანმა ოლეგ ზემლიანიკოვმა გადაწყვიტა, ის ჟენევაში, კრისტის აუქციონზე გაეყიდა. მისი თქმით, მან აღნიშნული ტრიპტიქონი ვლადიკავკაზის ერთ-ერთ ქუჩაზე მოწყობილ სახელდახელო ბაზრობაზე იყიდა. აუქციონის დირექციას ეჭვი გაუჩნდა. მოიწვიეს ექსპერტები, რომლებმაც უნიკალური ხატის ორიგინალობა საბოლოოდ დაადასტურეს.
მაშინ კრისტის აუქციონის კომისიამ მის საწყის ფასად ორი მილიონი დოლარი დაასახელა”.
თბილისის ვერსია
ელენე კავლელიშვილი ამტკიცებს:
“აუქციონის ორგანიზატორებმა გულდასმით შეისწავლეს საკითხი და გაარკვიეს, რომ აღნიშნული ხატი საქართველოდანაა და ის სახელმწიფო საკუთრებაა, და არა კერძო პირის. საბოლოოდ ხატი ზემლიანიკოვს ჩამოერთვა და აღნიშნული პიროვნება დააკავეს.
2001 წლიდან 2004 წლამდე ხელოვნების მუზეუმი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამტკიცებდა, რომ ხატი ნამდვილად საქართველოს ეკუთვნის და ჩვენს ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო. 2004 წელს, ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ ეს ნამუშევარი ჟენევიდან თბილისში ჩამოიტანეს.
ამის შემდეგ ტრიპტიქონი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება”.
მაშ ვისია ხატი?
ცხინვალის არგუმენტები
ხატის აღმოჩენის შემდეგ სამხრეთი ოსეთის დელეგაცია ამ არტეფაქტის ცხინვალში დაბრუნების საკითხს პერმანენტულად წევს.
სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში, მურათ ჯიოევმა JAMnews-ს განუცხადა, რომ ა.წ. მარტში, ჟენევაში გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე სამხრეთოსურმა დელეგაციამ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოწია. სხვა საკითხებთან ერთად ოსურმა მხარემ ოქონის ტრიპტიქონიც ახსენა.
სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი, მერაბ ზოსეევის თქმით:
“ეს ხატი სამხრეთი ოსეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც წესი, ასეთი დონის ფასეულობას ნებისმიერი ომის შემდეგ აბრუნებენ ხოლმე. დღეს მუზეუმის ახალ შენობას, რომელიც ყველა თანამედროვე ნორმის დაცვითაა აგებული, შეუძლია ეს სიწმინდე უსაფრთხოებით, ტემპერატურული რეჟიმითა და ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოს”.
თბილისის არგუმენტები
ელენე კავლელაშვილი ამბობს:
“შვეიცარიაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ზემლენნიკოვმა ხატი ცხინვალის მუზეუმში შეიძინა 300 დოლარად, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ ხატი 1992 წლამდე დაიკარგა. თუკი ეს მართლაც ასეა, რატომ არ განაცხადეს დანაკარგის შესახებ? რატომ გაჩნდა მოულოდნელი პრეტენზიები მხოლოდ 2002 წელს – მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ოქონის ხატის დაბრუნებისათვის საჭირო ოპერაციები ჩაატარა? 1992 წლიდან 2002 წლამდე ცხინვალის წარმომადგენლებს ხატის დაკარგვის, ან გაქრობის შესახებ ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ.
ეს ხატი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც შვეიცარიამ საქართველოს ოფიციალურად გადმოსცა. ვინმესთვის ამ ქმნილების გადაცემაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს უბრალოდ დაუშვებელია”.
∗ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მიერ მოწოდებული ფოტო
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო