აზერბაიჯანის ბიუჯეტი 2018: ვინ და რატომ იხდის ფულს?
«მოდით, ეროვნული და რელიგიური ტრადიციები გავითვალისწინოთ, მოწვეულ პირებს პატივი ვცეთ და ამ საკითხებს არ ჩავუღმავდეთ»,
– ასეთი ფრაზით მიმართა დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა ფინასთა მინისტრ სამირ შარიფოვს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის 2018 წლის პროექტის განხილვის დროს.
ეს ფრაზა კარგად ასახავს აზერბაიჯანელების დამოკიდებულებას ბიუჯეტის მიმართ. არავის ახსოვს შემთხვევა, რომ ქვეყნის პარლამენტის ზეწოლით რაიმე სახის ცვლილება განეხორციელებინათ ბიუჯეტში, ან საერთოდ არ დაემტკიცებინათ. ყოველ წელს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღების ვადების სიმცირის რეკორდები მყარდება. ბიუჯეტის ცვლილებებსაც კი ისე სწრაფად იღებენ, რომ საზოგადოება მხოლოდ ერტი თვის შემდეგ აცნობიერებს, თუ რა მოხდა. ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე კვირაზე მეტხანს არ გრძელდება. საკანონმდებლო მოთხოვნები რომ არ არსებობდეს, ამ დოკუმენტს კიდევ უფრო მოკლე დროში მიიღებდნენ.
ამის პარალელურად კი აზერბაიჯანის რიგით მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ რა სიურპრიზები ელით წელს, მოიგონებს თუ არა ხელისუფლება ახალ გადასახადებს, ეპატიებათ თუ არა მომხმარებლებს გაზისა და დენის დავალიანებები და გაიზრდება თუ არა ხელფასები.
ვინ მიიღებს მეტ ფულს?
ხელფასები გაიზრდება იმიტომ რომ საარსებო მინიმუმი მოიმატებს. დამქირავებელს ამ მაჩვენებელზე მცირე თანხის გადახდის უფლება არ აქვს.
მინიმალური და საშუალო მაჩვენებლები 2018 წლის პროექტში
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა მოსახლეობის შემოსავლებთან დაკავშირებული მაჩვენებლების ინდექსაციის შედეგია – ინფლაციის გათვალისწინებით, რომელიც წელს 13%-ით განისაზღვრება. კანონი ყოველწლიური ინდექსაციის შესახებ 1992 წელს მიიღეს. მოგვიანებით ამ რეგულაციაზე მორატორიუმი გამოცხადდა, ამჟამად კი მორატორიუმი გაუქმებულია.
ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2018 წლისთვის ფასების ზრდის მაჩვენებელი 6,1%-ს არ გადააჭარბებს, 2019 წელს კი ნაზრდი 4,3%-ზე მეტი არ იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამინისტრი სოციალური ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდასარ აპირებს
რას უნდა ელოდონ მასწავლებლები ექიმები? მასწავლებლები პროფესიული ვარგისიანობის შემმოწმებელ ტესტს, ე.წ. „დიაგნოსტიკას“ გაივლიან. როგორც ჩანს, ის პედაგოგები, რომლებიც ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, გაზრდილ ხელფასს მიიღებენ – ბიუჯეტში განათლების სფეროს მუშაკების ხელფასების ათპროცენტიანი ზრდაა გათვალისწინებული.
ექიმების ხელფასი კი წინა წელთან შედარებით 3 %-ით შემცირდება.საუაბარია საერთო თანხაზე და ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, ექიმების რაოდენობა მოიკლებს, თუ უბრალოდ დასაქმებულ მედიკოსებს შეუმცირდებათ ანაზღაურება.
სტუდენტების სტიპენდიების ხარჯები გასულ წელთან შედარებით ორზე მეტჯერ შემცირდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არაა ზუსტად განსაზღვრული ის, რომ სტიპენდიის თანხა დაიკლებს – შესაძლოა, უბრალოდ, უფრო შერჩევითი ხასიათი მიეცეს სტიპენდიების გაცემას. მაგალითად, არაა გამორიცხული, რომ ფინანსური დახმარება მხოლოდ ფრიადოსნებმა მიიღონ.
რა გაგვიძვირდება?
1-ლი იანვრიდან ძალაში შედის კანონი უმუშევრობის დაზღვევის შესახებ..ანუ სოციალურ ფონდში გადასახდელ თანხასა და საშემოსავლო გადასახადს (რომლებიც ხელფასიდან უნდა დაიქვითოს) კიდევ ნახევარი პროცენტი დაემატება, რომელიც ზემოაღნიშნული დაზღვევის უზრუნველსაყოფად უნდა იქნას გადახდილი.
მოქალაქეების დიდი ნაწილი შიშით ელოდება ცნობებს იმის შესახებ, რომ კომუნალური მომსახურებების ტარიფები გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრო პირობას იძლევა, რომ წყალი და ელექტროენერგია არ გაძვირდება; გაზის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ წყლისა და შუქის მიმწოდებელი საწარმოები („აზერსუ“ და „აზერიშიღი“) სახელმწიფო სუბსიდიებს მიიღებენ, „აზერიგაზი“ კი დახმარება არ არის გათვალისწინებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ „აზერიგაზი“ მომხმარებლის ხარჯზე შეეცდება საკუთარი პრობლემების მოგვარებას.
პროექტში გაწერილი პროგნოზის მიხედვით, გაისად სახელმწიფო უწყებები უფრო მეტ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს (1,5-ჯერ მეტ ელექტროენერგიასა და ორჯერ მეტ გაზს) დახარჯავენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომლის მიხედვითაც ან სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ გასული წლების დავალიანების გასტუმრებას, ან მომავალ წელს რაღაც განსაკუთრებულ აქტიურობას ელოდებიან.
უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს იმპორტულ საქონელზე, იმიტომ რომ ფინანსთა სამინისტრო საბაჟო მოსაკრებლების სისტემას ცვლის. იმპორტულ სიგარეტსა და ალკოჰოლზე დაწესებული სააქციზო გადასახადი, ფაქტობრივად, გაორმაგდება.
კიდევ როგორ აპირებს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების განკარგვას?
გაისად სოციალურ იპოთეკაზე, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, ტუბერკულოზთან ბრძოლაზე, თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების ხარჯების გასტუმრებაზე, პირადობის მოწმობების ბეჭდვასა და ლიცენზიების დამზადებაზე გაცილებით მეტი დაიხარჯება. ამ სფეროებისა და დარგებისთვის გამოყოფილი თანხა ორზე მეტჯერ გაიზრდება.
ეროვნული თეატრების „მცურავ რეჟიმზე“ შესანარჩუნებლად მთავრობა გაისად 30%-ით ნაკლებს დახარჯავს. როგორც ჩანს, ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას შეუძლია, ზემოაღნიშნული კულტურული დაწესებულებები დამოუკიდებლად „უზრუნველყოს მანათით“.
ყველაზე მეტად „კაპიტალდაბანდებების“ მუხლში გაწერილი ხარჯები გაიზრდება. ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა 1,5-ჯერ გაიზრდება და 7,8 მილიარდ მანათს მიაღწევს. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი – 4,9 მილიარდი მანათი – განსაზღვრულია, როგორც „სამშენებლო ხარჯები“, თუმცა, გადაწყვიტეს, არ დაეზუსტებინათ, კონკრეტულად რისი მშენებლობისთვის გამოიყოფა ეს აქტივი.
ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 10% საგარეო ვალების გასტუმრებას მოხმარდება.
ამას გარდა, ნავთობპროდუქტების ექსპორტის მხარდასაჭერად აზერბაიჯანი 15 მილიონ მანათს დახარჯავს. გასულ წელს იმავე მიზნით 20 მილიონი დაიხარჯა.
კიდევ 701 მილიონი მანათი გაურკვეველი მიმართულებების ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად დაიხარჯება.
კიდევ როგორ აპირებს სახელმწიფო ფულის შოვნას?
ხელისუფლება აშკარად რეალისტურად უყურებს ეკონომიკის სანავთობო სექტორის პოტენციალს და ამიტომ აქცენტს მხოლოდ ნავთობზე აკეთებს. მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირებისას 1 ბარელი ნავთობის სავარაუდო ფასად 45 დოლარი იქნება განსაზღვრული. ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის 60%-ს უშუალოდ სანავთობო სფერო უზრუნველყოფს.
ამავდროულად, ფინანსთა მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მოსახლეობაში ეროვნული ვალუტის მომართ ნდობის ამაღლების კუთხით პირველად შედეგებს მიაღწია
ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ მომავალ წელს არ მოხდება ისეთი კარდინალური ცვლილებები, რომლებვიც ბიუჯეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობას წარმოშობს. იმიტომ რომ, როგორც წესი, ეს გადახედვა მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ხდება ხოლმე.