ერევანმა სომხეთის "რევოლუციურ" მთავრობას მხარი დაუჭირა
24 სექტემბერი 00:30 განახლება
ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში, 00:30 საათისთვის, წინასწარი შედეგების მიხედვით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“, რომელმაც ხმათა 82%-ზე მეტი დააგროვა.
ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს პარტია „აყვავებული სომხეთი“, 6,43% მაჩვენებლით.
დანარჩენი ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
ბლოკი „ლუისი“ — 4,78%
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“ — 1,56%.
„ერკირ ცირანი“ — 1,38%
„ორინაც ერკირი“ — 0,94%
ბლოკი „ერევნელები“ — 0,80%
პარტია „მემკვიდრეობა“— 0,67%
ბლოკი „ერევნის საზოგადოებრიობა“ — 0,56%
პარტია „აიკ“ — 0,22%
„რეფორმისტების“ პარტია— 0,15%
პარტია „დემოკრატიული გზა“ — 0,14%.
ერევანში დღეს უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნები ტარდება. მასში 12 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს. საბოლოოდ ბრძოლა ქალაქის მერის თანამდებობისთვის მიმდინარეობს, რადგან მას სწორედ ეს უხუცესთა საბჭო აირჩევს.
მაგრამ ამ არჩევნების შედეგების მიხედვით გაირკვევა არამხოლოდ ის, თუ ვინ დაიკავებს მერის თანამდებობას, არამედ ისიც, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ანიჭებენ ერევნელები უპირატესობას. დედაქალაქში დღეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს.
მერი შეიძლება გახდეს არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკური ძალის – პარტიის ან ბლოკის სიის პირველი ნომერი, რომელიც უხუცესთა საბჭოში მანდატების 40 ან მეტ პროცენტს მიიღებს. თუკი ასეთ შედეგს ვერც ერთი მონაწილე ვერ უჩვენებს, საბჭოში შემავალ პარტიებს შეუძლიათ კოალიცია შექმნან და გადაწყვიტონ, ვინ აირჩიონ მერად.
არჩევნებში მონაწილე პარტიების გამსვლელი ქულა 6 პროცენტია. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება და განმეორებით არ ჩატარდება, თუკი მინიმუმ სამი პოლიტიკური ძალა დააგროვებს გამსვლელ პროცენტებს.
ზუსტად დილის 08:00 საათზე 475 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ისინი ერევნის დროით 20:00 საათზე დაიკეტება.
ეს პირველი არჩევნებია ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, რომლის შედეგადაც სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა.
ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტია ამ არჩევნებში არ მონაწილეობს – თავისი ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზის დასახელების გარეშე.
საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირველთაგანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი მივიდა. ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ში თავისი ოფიციალური ვიზიტი გადადო, სადაც მას გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მას არაერთხელ უთქვამს, რომ ამ არჩევნების შედეგებმა მოქალაქეებს შეკითხვები არ უნდა გაუჩინოს.
დ
ედაქალაქის მერის თანამდებობა 9 ივლისს ტარონ მარგარიანის გადადგომის შემდეგ ვაკანტური გახდა.
რატომ გადადგა წინა მერი ტარონ მარგარიანი
რევოლუციის შემდეგ ერევნის დედაქალაქში მაშინვე დაიწყო საპროტესტო აქციები დედაქალაქის მერის ტარონ მარგარიანის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრაციების ფორმალურ მიზეზად ქალაქის ცენტრალურ პარკში ხეების გაჩეხვა იქცა.
მაშინ პროტესტის რამდენიმე მონაწილემ მერიაში შესვლაც კი მოახერხა, აქციები რამდენიმე დღეს არ ცხრებოდა, თუმცა ტარონ მარგარიანი არ გადამდგარა.
ამ მოვლენებიდან ერთ თვეში ტარონ მარგარიანი ისევ სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ახლა მისით ეროვნული უშიშროების სამსახური დაკავდა. გაირკვა, რომ მერიაში ქონების გაფორმებისა და მშენებლობის ნებართვების სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ.
შედეგად ეროვნული უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი მდგომარეობის თაღლითობისთვის გამოყენება.
ტარონ მარგარიანთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები არც ამით დასრულებულა.
ჟურნალისტებმა მარგარიანის არადეკლარირებული ქონების შესახებ გამოძიება ჩაატარეს. გამოძიების ავტორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქალაქის თავს მისი ხელფასით 210 წელი სჭირდებოდა, რომ ასეთი ქონება დაეგროვებინა.
ჟურნალისტებმა მასალები ეროვნული უშიშროების სამსახურს გადასცეს, ერევანში კი მიტინგები დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ: ისტორია ერევნის მერის გადადგომის შესახებ – ყველა დეტალი
ორთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 9 ივლისს მარგარიანი მაინც გადადგა. ის ჟურნალისტების წინაშე აქამდე არ გამოჩენილა და მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთი ბრალდება არ განუმარტავს.
ახლახან ცნობილი გახდა ასევე, რომ ყოფილი მერი ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ დაიკითხა და მან სახელმწიფო ბიუჯეტში 3 მილიონამდე დოლარის დაბრუნების პირობა დადო.
ფავორიტები
1.
გამარჯვების მთავარ კანდიდატად ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ მიიჩნევა. მისი ბირთვს ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ წარმოადგენს.
თავად პრემიერი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიაში და მერის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს – აიკ მარუტიანს უჭერდა მხარს.
ცნობილი მსახიობი და პრდუსერი, ის რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო და ყოველთვის ნიკოლ ფაშინიანის გვერდით იდგა. მარუტიანმა პოლიტიკური კარიერა რამდენიმე თვის წინათ დაიწყო, როდესაც პარტია „სამოქალაქო შეთანხმების წევრი გახდა“.
2.
ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“; სხვათა შორის, გამოკითხვების თანახმად, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“.
„აყვავებული სომხეთის“ პირველი ნომერია ნაირა ზოგრაბიანი.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან მკვეთრად გააკრიტიკა როგორც ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ მერობის კანდიდატი, ისე მის დასაცავად გამოსული ნიკოლ ფაშინიანი.
ამის მიზეზად იქცა რემარკა იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები „შავებსა“ და „თეთრებს“ შორის არჩევანი იქნება, ანუ – ხავერდოვანი რევოლუციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
ასევე წაიკითხეთ: „შავები“ და „თეთრები“ – როგორ გაბრაზდნენ პოლიტიკური ოპონენტები მერზე
3.
კიდევ ერთი ძალა, რომელიც ალბათ გამსვლელ ბარიერს გადალახავს – ეს არის ბლოკი „ლუისი“. მან მერის თანამდებობაზე ახლანდელი იუსტიციის მინისტრი არტაკ ზეინალიანი წამოაყენა.
ეს ბლოკი ოდესღაც ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეებისგან ჩამოყალიბდა. ისინი პარლამენტში ფორმალურად აქამდეც ფაშინიანის მოკავშირეებად რჩებიან, რადგან ერთი ფრაქციის წევრები არიან.
თუმცა, ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებმა გამოავლინა, რომ მათი ბლოკი დე-ფაქტო დაიშალა. წინასაარჩევნო რბოლის დროს ბლოკ „ლუისის“ წარმომადგენლები ფაშინიანის განცხადებებს ასევე აკრიტიკებდნენ.
4.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უხუცესთა საბჭოში გასვლას შეძლებს ასევე პარტია „მემკვიდრეობა“ და „დაშნაკცუტიუნი“.
რატომ გახდა სომხეთში საშიში ხმების ყიდვა
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლების მოსყიდვის შემთხვევა პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.
არჩევნების წინ ამომრჩევლებისთვის ქრთამის დარიგების გამო დაწესებული სასჯელი გამკაცრდა, ქრთამის აღებაზე კი სისხლის სამართლის სასჯელი დაწესდა.
ასევე წაიკითხეთ: ყველა დეტალი წინასაარჩევნოდ ქრთამის მიცემისა და აღების გამო დაწესებული სასჯელების შესახებ. როგორ იყო და როგორ იქნება.
წინათ მათთვის, ვინც არჩევანის უფლებას ან არჩევნების ორგანიზების მონაწილეებს თავიანთი უფლებამოსილებების აღსრულებას ხელს უშლიდა, გათვალისწინებული იყო სასჯელი – თავისუფლების ორიდან ხუთ წლამდე აღკვეთა.
საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგ გათვალისწინებულია თავისუფლების ოთხიდან ექვს წლამდე აღკვეთა, ან $5.000 — 6,000 ოდენობის ჯარიმა.
არჩევნების ან კენჭისყრის შედეგების გაყალბება ადრე სამი-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ახლა – ოთხ-რვა წელიწადს.