ერთი ოლიმპიადის გამო - ასობით წელიწადი ტყის აღსადგენად
„ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით
კოლხური ბზა – რელიქტური მცენარეა. არსებობს იმის პალეონტოლოგიური დადასტურება, რომ ის კავკასიის ტერიტორიაზე სამასი მილიონი წლის წინ იზრდებოდა. ბზის უბედურება სოჭის ოლიმპიადამდე ხუთი წლით ადრე დაიწყო, როდესაც მასშტაბურ მშენებლობებს მიჰყვეს ხელი. ეკოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ბზის ტყეები ინფექციურმა დაავადებებმა დაასუსტა. ხოლო როდესაც რკინიგზასა და ადლერი-კრასნაია პოლიანას ავტოტრასას აშენებდნენ, ტყის მასობრივი გაჩეხვა დაიწყეს. ამ დროს ბევრი იშვიათი სახეობის მცენარე დაზარალდა.
2012 წლის შემოდგომაზე ოლიმპიური სოფლისთვის იტალიიდან მარადმწვანე ბზა შემოიტანეს. ეს ამ მცენარის პარკისთვის განკუთვნილი ნაირსახეობაა. ნაყიდი მცენარეების ფესვებს კი ლარვი პეპლები და პარაზიტი მწერები ჩამოჰყვა. სწორედ ის პარაზიტი პეპელა, რომელიც მხოლოდ ბზის ყველა სახეობის ფოთლებითა და ქერქით იკვებება, და სხვას არაფერს ჭამს.
იტალიური მცენარეების ჩამოტანისას ფიტოკონტროლის წესები დაარღვიეს. შესამოწმებლად სოჭის ეროვნული პარკის სპეციალისტები გამოიძახეს, რომლებმაც მაშინვე თქვეს, რომ ჩამოტანილი ხეები უნდა დამწვარიყო, თორემ ამას კატასტროფა მოჰყვებოდა. მათი თქმით, მათ ყური არავინ დაუგდო და ეს დასნებოვნებული მცენარეეები სოჭისა და ოლიმპიური სოფლის მთელ ტერიტორიაზე დარგეს.
2012 წლამდე კრსანოდარის მხარეში ლარვი პეპელა არ ყოფილა. ამ კლიმატში მათი ბუნებრივი მტერი არ არსებობს. ადგილობრივი ფრინველებიც კი არ ჭამენ ამ პეპლის მუხლუხოებს, რადგან ეს მწერები ბუსუსებით დაცულები და თან შხამიანები არიან. ჩამოტანილ სახეობებს, რომლებიც ხელსაყრელი კლიმატისა და მტრების არარსებობის გამო უკონტროლოდ იწყებენ გამრავლებას, მეცნიერები „ინვეიდერებს“ (დამპყრობლებს) უწოდებენ.
თავიდან პარაზიტმა პეპელამ სოჭის ბზის ყველა ნარგავის შეჭმა დაიწყო. ეს სოჭის ეროვნული პარკის სპეციალისტებმა შენიშნეს და რუსეთის ფედერაციის ბუნების სამინისტროს აცნობეს. კრასნოდარის მხარის ცნობილი ბზის ტყეები დაღუპვისგან რომ გადაერჩინათ, მეცნიერებმა ჩინოვნიკებს დაზიანებული ხეების პესტიციდებით დამუშავების ნებართვა სთხოვეს. ბუნების სამინისტრომ მათ უარი განუცხადა. მათ მოიმიზეზეს კანონი „განსაკუთარებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების“ შესახებ.
2013 წლის სექტემბერში სოჭის ერონული პარკის თანამშრომლებმა „ფოთლების სახასიათო დაჭმის“ შემთხვევები ნაკრძალის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
ხოლო 2014 წლის სექტემბერში ხოსტის უთხოვარა-ბზის ცნობილი ტყე განადგურდა. იქ პეპელამ 182 ჰექტარის ტერიტორიაზე მთელი ბზა შეჭამა. ეს სოჭის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი იყო.
ამჟამად ტყე ისე გამოიყურება, როგორც ატომური ზამთრის შემდეგ შეიძლება გამოიყურებოდეს. ირგვლივ მხოლოდ ბზის მკვდარი ღეროები და გირლიანდებივით დაკიდული ხავსია. წინათ ფესვებთან ჩრდილის მოყვარული დაბალი მცენარეები იზრდებოდა. ბზის დაღუპვის გამო, მზის პირდაპირმა სხივებმა ისნიც გაახმო. ტყეში ღრმადაც კი, ვერც ერთი ცოცხალი ბზა ვერ ვიპოვე, ზოგიერთ ხეს ქერქიც კი აღარ ჰქონდა. არც მუხლუხოები შემხვედრია – ალბათ ყველაფერი შესანსლეს და გახოხდნენ.
“ჩრდილოეთი კავკასიის ეკოლოგიური ვახტის“ საბჭოს ყოფილი წევრი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი, ევგენი ვიტიშკო ხოსტის ბზის ტყის დაღუპვისა და ჩინოვნიკების უმოქმედობის შესახებ მიამბობს:
„2014 წელს მხარის ყველა სატყეო მეურნეობაში უკვე გაჩენილი იყო პარაზიტი პეპლის კერები, თანაც – არა ერთეული შემთხვევები – როგორც მანამდე, არამედ 90 პროცენტით დაზიანებული. ისევ ბუნების სამინისტროს მივმართეთ პესტიციდების სანქცირებისთვის, და მათ ისევ უარი გვითხრეს“.
თვენახევრის განმავლობაში (2014 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე) კოლხური ბზის სახეობის განადგურების საფრთხემ „საშიშიდან“ „კრიტიკულ“-ს მიაღწია. ბუნების დაცვის სამინისტროს პასუხი ასეთი იყო: „მეორედ მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ ფედერალური კანონის თანახმად, სახელმწიფო ნაკრძალისა და ბუნებრივი პარკების ტერიტორიებზე აკრძალულია პესტიციდების გამოყენება. რეკომენდირებულია პეპლებთან ბრძოლის მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდების შემუშავება“.
მოგვიანებით ჩინოვნიკებმა ეროვნული პარკის სპეციალისტებს განუმარტეს, რომ ბიოლოგიური პრეპარატები ამ მეთოდებს არ განეკუთვნება, რადგან ასევე პესტიციდებს წარმოადგენს. 2014 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, ლარვი პეპლის კერები ბზის ტყეების 1863 ჰექტარიდან 253 ჰექტარს იკავებდა. იმავდროულად დასნებოვნებული მონაკვეთები გაჩნდა ნოვოროსიისკში, არმავირში, კრასნოდარში, მაიკოპსა და კრასნოდარისა მხარისა და ადიღეის სხვა ოლქებში.
ბუნების სამინისტროს მეორე უარის შემდეგ სოჭის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა პეპელასთან ბიოლოგიური წესით შებრძოლება სცადეს და შედეგად მათ ბზის ტყეების მცირე მონაკვეთები გადაარჩინეს, თუმცა ეს ადგილები პეპლების გამუდმებულ შეტევას განიცდის.
სოჭის ეროვნული პარკის სამეცნიერო დირექტორმა ბორის ტუნიევმა გვიამბო: „ბევრი ხერხი ვცადეთ, მაგრამ ამ პოპულაციის წინააღმდეგ არაფერი არ გამოდგა. ჩვენს კლიმატურ პირობებში ეს პეპელა წელიწადში ოთხ თაობას იძლევა, და აქ მშვენივრად იზამთრებენ. მსოფლიოში მას ყველგან პესტიციდებით ებრძვიან, ჩვენ კი იძულებული ვიყავით რაღაცები გამოგვეგონა“.
„ბუნების სამინისტროში ახლა თათბირებს ატარებენ და დამნაშავეებს ეძებენ – არადა, ახლა ერთდერთი იმის გაკეთება შეიძლება, რომ პეპელას საშუალება მისცე, ბზის ტყის ნარჩენები გადაჭამოს. დამუშავება შეწყდეს და გადარჩენა ვცადოთ. ყველაფერი შეაჭმევინო, და დაელოდო, ვიდრე შიმშილით არ განადგურდება. თუ ბზა არ იქნა, არც ეს პეპელა იქნება. პარალელურად თესლების მარაგი და დახურული ნაკრძალები უნდა შეიქმნას. ისინი პესტიციდებით უნდა დამუშავდეს და თანდათან აღდგეს მათი რაოდენობა. თუმცა, ამას არაერთი ასეული წელიწადი დასჭირდება“.