ერთიანი ვალუტა: მედლის ორი მხარე
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, უკვე დიდი ხანია, რაც ერთიანი ვალუტის დანერგვის მიზანშეწონილობას განიხილავენ. ეკონომისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ერთიანი ვალუტა კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას დააჩქარებს; ექსპერტების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ პროცესის დაჩქარება კავშირის წევრ ქვეყნებზე უარყოფითად აისახება.
ერთიანი ვალუტის გზით საბჭოთა კავშირისკენ
პოლიტიკური და საერთაშორისო გამოკვლევების სომხური ცენტრის ექსპერტის, რუბენ მეღრაბიანის შეფასებით, ერთიანი ვალუტის შემოღებას არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნები აქვს. მისი აზრით, ეს იდეა პუტინის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ევრაზიული კავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნას გულისხმობს.
‘ე.წ. ‘ევრაზიული კავშირი’ სინამდვილეში მხოლოდ შირმაა, რომლის უკანაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩაყლაპვასა და ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობის ხელყოფას ცდილობს.’
რამდენად შესაძლებელია ამ იდეის განხორციელება
ევროკავშირში, რომელიც ამჟამად ერთიანი ვალუტის მქონე ერთადერთი საერთაშორისო სუბიექტია მსოფლიოში, ეს სისტემა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იქმნებოდა. ევრაზიულ კავშირში ერთიანი ვალუტის დასანერგად წლებია საჭირო.
‘დასავლეთევროპული ქვეყნების ინტეგრაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, ერთიანი ვალუტის შემოღება კი მხოლოდ 2000-იან წლებში მოხერხდა, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია; მით უმეტეს, როდესაც წევრი ქვეყნების ეკონომიკები განვითარების სხვადასხვა დონეზეა,’ – განმარტავს ეკონომისტი თათულ მანასიანი.
მისი თქმით, ერთიანი ვალუტა იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებმაც მეოთხე, უმაღლესი დონის ეკონომიკურ ინტეგრაციას მიაღწიეს. ამისათვის მათ მთლიანად უნდა გაიარონ პირველი სამი ეტაპი, კერძოდ: 1. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა; 2. საბაჟო კავშირის ფორმირება; და – 3. საერთო ბაზრის შექმნა. ეკონომიკური, სოციალური და ფისკალური პოლიტიკის უნიფიცირების გარეშე, ერთიან ვალუტაზე გადასვლა მარტივი არ იქნება.
ერთიანი ვალუტის შემოღების იდეას ევრაზიული კავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ მიესალმება
რუსული ‘ალფა-ბანკის’ მთავარმა ეკონომისტმა, ნატალია ორლოვამ განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის წევრ ორ ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს. ერთიანი ვალუტის დანერგვა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი თანხმობას კავშირის ყველა წევრი განაცხადებს:
‘საქმე ისაა, რომ ყაზახეთმა თანამშრომლობის ვექტორები ჩინეთისკენ მიმართა, რუსეთი კი შედარებით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. თუკი ვითარებას ამ რაკურსით შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე რუბლის მიმოქცევა ყაზახეთისათვის საინტერესო არ იქნება.
ყველა ქვეყანას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რომლებიც ევრაზიული კავშირის ფარგლებში შეიძლება ერთმანეთს არც დაემთხვეს. ეს კავშირი საბჭოთა ეკონომიკის საფუძველზე შეიქმნა, თუმცა დღევანდელი ვითარება სხვანაირია და, შესაბამისად, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებიც განსხვავებულია.’
მიუხედავად ამისა, ორლოვას აზრით, ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი ვალუტის გამოყენება ქვეყნებს შორის ვაჭრობას გაამარტივებს, რადგან მხარეები გაცვლის პროცესში ზედმეტი ხარჯისგან იქნებიან დაზღვეულნი.
რას ფიქრობენ სომხეთის მოქალაქეები ერთიანი ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებით
ერთიანი ვალუტის იდე საზოგადოებას საბჭოთა პერიოდს ახსენებს. ‘მაშინაც ერთიანი ვალუტა გვქონდა.’
74 წლის ანჟელიკა გრიგორიანი ამბობს, რომ ადრე, როდესაც მიმოქცევაში საბჭოთა რუბლი იყო, ყველაფერი უფრო მარტივად კეთდებოდა. ‘მთელი მსოფლიო მოვიარე რუბლებით. რუბლით ჩავდიოდი მოსკოვში, ლენინგრადში, ბალტიისპირეთში. რუბლით ვმოგზაურობდი მთელ მსოფლიოში. ახლა კი სადმე რომ წახვიდე, ფული უნდა გადაცვალო, უკან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა გადაცვალო ვალუტა და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა დაკარგო ფული.’
გაიანე მანუკიანის აზრით, ერთიანი ვალუტის შემოღება, ან არშემოღება მის ცხოვრებაში არაფერს შეცვლის. გაიანე 52 წლისაა და ცეკვას ასწავლის. იგი ფიქრობს, რომ თუკი პროდუქტების ღირებულება არ შეიცვლება, მნიშვნელობა არ აქვს იმ ვალუტას, რომლითაც ანგარიშსწორება მოხდება.
‘უბრალო ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რუბლით გადაიხდის, დრამით, თუ… ეს დიდ დარტყმას მიაყენებს იმ ბობოლებს, რომლებმაც დიდი კაპიტალი დააგროვეს. რა განსხვავებაა, რომელი ვალუტით გადავიხდი პურის ღირებულებას – რუბლით, თუ დრამით; ან რა ეხატება და რა ეწერება კუპიურაზე, თუკი პურის ფასი არ შეიცვლება.’
ერთიანი ვალუტა – დამოუკიდებლობის სანაცვლოდ
ეროვნული კრების დეპუტატის, ეკონომისტ მიქაელ მელქონიანის აზრით, საერთო ვალუტაზე გადასვლის საკითხი სიღრმისეულ ანალიზსა და განხილვას საჭიროებს, რადგან ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა სახელმწიფოებრიობის უარყოფის ტოლფასია. ეროვნული ვალუტა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
‘ერთიან ვალუტაზე გადასასვლელად სერიოზული პოლიტიკური ტრანსფორმაციებია საჭირო. ქვეყნის მომავალი და პერსპექტივები უნდა გავითვალისწინოთ. ამჟამად ამ სიახლისთვის რუსეთიც კი არ არის მზად,’ – შენიშნა მელკოიანმა, რომელმაც სომეხ ხალხს ურჩია, დაფიქრდეს, მზად არის თუ არა დამოუკიდებლობის გასაწირად.
ოფიციალური კომენტარი
ეროვნული კრების ეკონომიკური საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი რესპუბლიკური ფრაქციის დეპუტატმა ვარდან აივაზიანმა განაცხადა, რომ ამჟამად ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთიანი ვალუტის შემოღებისთვის მზად არ არიან. ამასთან, აივაზიანმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული იდეა ოდესმე განხორციელდეს. აივაზიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთო ვალუტაზე გადასვლამდე ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებს შორის აუცილებელია ეფექტური საანგარიშსწორებო მეთოდის შემუშავება.
ჩვენი კიდევ ერთი ოფიციალური რესპოდენტი, სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი არტურ ჯავადიანი აღნიშნავს, რომ ევრაზიული კავშირის ფარგლებში ერთიან ვალუტაზე გადასვლის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. ამჟამად მხოლოდ ერთიანი ანგარიშსწორებითი ერთეულის შექმნაზეა ლაპარაკი.
რას ნიშნავს ‘ერთიანი ანგარიშსწორებითი ერთეული’? თანამშრომელი ქვეყნები ირჩევენ ერთ ვალუტას (ამერიკულ დოლარს, რუბლს, დრამს, ევროს ან ნებისმიერ სხვას), რომლითაც სახელმწიფოთაშორის ანგარიშსწორება მოხდება. აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენება იმისთვის, რომ იმპორტისა და ექსპორტის დროს კონვერტირების შედეგად თანხა არ დაიკარგოს.