დრო ომისა და დრო მიტევების
დროა, შევაფასოთ ის შედეგები,რაც ახლახან აფხაზეთის ტერიტორიაზე ოსი და ქართველი ტყვეების გაცვლით მივიღეთ.
სამხრეთი ოსეთის თხოვნის საფუძველზე, აფხაზურმა მხარემ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს რვა მოქალაქე. თავისუფლება მიიღო სამხრეთი ოსეთის ოთხმა მოქალაქემაც,რომლებმაც საქართველოს საპატიმროებში თერთმეტი წელი გაატარეს. სამ მათგანს ტერორიზმში ედებოდა ბრალი და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მეოთხე კი სხვა მუხლით _ 28–წლიან სასჯელს იხდიდა.
საგულისხმოა, რომ ეს თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის ნორმალიზების საქმეში, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.
რასაკვირველია, განაჩენის გამოტანისას ქართულმა მხარემ არ გაითვალისწინა, რომ 1989 წლიდან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მუდმივი ომი მიმდინარეობდა. ომში არიან დივერსანტები და ჯარისკაცები, მაგრამ არ შეიძლება ტერორისტები იყვნენ. სამხედრო პატიმრებს ტერორისტებისგან რადიკალურად განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი აქვთ.
ოსური მხარე ბრალდებას უარყოფდა, ერთმნიშვნელოვნად სიცრუედ აფასებდა და მიაჩნდა, რომ სამხრეთი ოსეთის მოსახლეებს 2005 წელს გორში მომხდარ ტერაქტთან კავშირი არ ჰქონდათ. ქართული მხარე საპირისპირო პოზიციაზე იდგა.
ამ სრულიად განსხვავებული შეფასებების მიუხედავად,განსაზღვრება „ტერორისტი“ ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია, რადგან კონფლიქტის (ომის) არსებობას ორივე მხარე აღიარებდა. შესაბამისად, პატიმრებსაც სამხედრო ტყვეების სტატუსი უნდა ჰქონოდათ.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ამ ადამიანებს პატიმრობაში უკვე სამი წელი ჰქონდათ გატარებული. ხუთდღიანი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკვე უშუალოდ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის გაკონტროლება დაიწყო, ამ ადამიანების მრავალრიცხოვან ქართველ ტყვეებზე გაცვლა ძნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის პატიმრებთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა.
ამ სამხედრო ტყვეებმა დამსახურებული თავისუფლების მოპოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს,რაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში სახელისუფლებო ცვლილებები მოხდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ქართულ და სამხრეთოსურ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც; განსაკუთრებით კი აღსანიშნავია სამხრეთი ოსეთის ქალების ასოციაციის _ „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“_ თავმჯდომარის, ლირა ცხოვრებოვასა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო უფლებათა მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის პირადი წვლილი.
საინტერესოა გათავისუფლებული პატიმრების ნაამბობი იმის შესახებ,რომ ციხეში კრიმინალები მათ ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციისგან იცავდნენ; მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც ოსები ქართველებს სოლიდარობას უცხადებდნენ და შიმშილობის აქციაში მათთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. 2008 წლის აგვისტოშიც კი, როდესაც რუსეთმა სამხრეთი ოსეთი აღიარა და ოსებს ეს დაუფარავად უხაროდათ, ქართველები,რომლესაც, ბუნებრივია,ეს სულ არ ახარებდათ, ოსებისადმი აგრესიას არ გამოხატავდნენ.
რა ხდება _ ხომ არ აჯობებს, ყველამ კრიმინალური კანონებით ვიცხოვროთ და ჩვენი ქვეყნები ციხეს დავამსგავსოთ? იქნებ იმის მიხვედრა ჯობდეს, რომ ადამიანები ვართ და, მეზობლების მიმართ შემწყნარებლობა და მათი ინტერესების პატივისცემა გვმართებს?
სამხრეთი ოსეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილად იქცა ყოფილი პარლამენტარის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბათრ ფუხაევის შემთხვევა _ მან,საკუთარი ჯანმრთელობის და თავისუფლების ფასად, კანონიერების აღდგენის მიზნით, უარი თქვა ტყვეების გაცვლაში მონაწილეობაზე და სამართლიან განაჩენს ითხოვს. ფუხაევის ისტორია ტრაგიკულია _ მას თავის სამშობლოში ღალატს აბრალებენ.
დაუნდობლობა და სისასტიკე ომის ყველაზე საშინელი შედეგებია. საქართველოში პატივით დაკრძალეს ექსპრეზიდენტი გამსახურდია, რომელმაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი და სამოქალაქო ომი მოუტანა. რუსეთში ჩეჩენი ბოევიკები მასობრივი ამნისტიით თავისფლედებიან; სამხრეთ ოსეთში კი ომთან დაკავშირებულ დანაშაულებში ბრალდებულ პატიმრებს შორის არავინ შეუწყალებიათ.
საქართველოსთან ურთიერთობაში მომდევნო ნაბიჯები უნდა გამოინახოს და გადაიდგას. ცხადია, არც ორი საუკუნის მიჯნაზე ჩვენს შორის მომხდარი უნდა დავივიწყოთ.
დოსიე, JAMnews
• 2016 წლის 11 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთი ოსეთის 4 მკვიდრი გაათავისუფლა. ამის საპასუხოდ, აფხაზურმა მხარემ და სამხრეთ ოსეთმა თბილისს 13 ქართველი პატიმარი გადასცეს. ტყვეების გაცვლა ქართულ, აფხაზურ და სამხრეთოსურ მხარეებს შორის ენგურის ხიდზე შედგა და ეს სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას ‘პრაგმატული თანამშრომლობის შედეგი’ და ‘მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტი’ უწოდეს.
• სამხრეთოსური მხარისთვის გადაცემულ ოთხ პატიმარს, 2005 წლის პირველ თებერვალს გორში მომხდარი ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამ შემთხვევას სამი პოლიციელი ემსხვერპლა.ასევე, აფეთქების შედეგად ოცზე მეტი ადამიანი დაიჭრა. საპასუხოდ გათავისუფლებული 13 ქართველი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული
• ‘დაკავებულების გათავისუფლებისას გამოვლენილი ურთიერთგაგება სამომავლო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ საფუძველს ქმნის’ ,_ ნათქვამია ევროკავშირის, ეუთო–სა და გაერო–ს ერთობლივ განცხადებაში. http://www.osce.org/cio/226871
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ტერმინოლოგიასა და პოზიციას გამოხატავს და შესაძლოა, რედაქციის პოზიციას არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა 2016 წლის 23 მარტს