დაზავებას უცხოური გემო დაჰკრავს
კონფლიქტის ზონაში არსებული მოვლენათა მიმოხილვა 13:00 6 აპრილიდან 2016 13:00 7 აპრილამდე
ინფორმაცია ბაქოდან
დადასტურებული ცნობების შეჯამება
ბაქოში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – რუსეთმა, აშშ-მ და საფრანგეთმა – ერთდღიანი სამუშაო დაასრულეს. თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი იგორ პოპოვს, ჯეიმზ უორლიკს, პიერ ანდრესა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ანჯეი კასპშიკს შეხვდა.
ამავე დროს ბაქოში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც პრეზიდენტ ილხამ ალიევს შეხვდა.
მოლაპარაკებაზე ორი მთავარი თემა განიხილებოდა – სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის საკითხში მხარეებისათვის დახმარების აღმოჩენა და ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პროცესის ახალი ეტაპის სასწრაფოდ დაწყება.
‘კონკრეტული წინადადებები გვაქვს, რომელთა ამოქმედებასაც თანათავმჯდომარებთან ერთად ვცდილობთ,’ – განაცხადა ლავროვმა.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება რუსეთის პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის ვიზიტი ერევანსა და ბაქოში.
მილი მეჯლისის დეპუტატმა, ელმან მამედოვმა განაცხადა, რომ ამ ვიზიტისგან კარგს არაფერს ელოდება: ‘წლების განმავლობაში მათი ქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ იყო მიმართული და რა შეიძლება ახლა შემოგვთავაზონ?’
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს მოსკოვში რუსეთის შუამდგომლობით, აზერბაიჯანული და სომხური სამხედრო ძალების გენერლებმა ჯარების გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
‘თუმცა 6-7 აპრილის ღამეს სომხეთს შეიარაღებული ძალები ნახიჭევანის მიმართულებით აზერბაიჯანის პოზიციების დაბომბვას განაგრძობდა’, – განაცხადეს სამინისტროში.
თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, ვაგიმ დარგიახლის თქმით, ოთხდღიანი დაბომბვის შედეგად გამყოფ ზოლზე 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაგიფ დარგახლიმ დღეს მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: ‘თუ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას კვლავ გააგრძელებს, მას კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.’
6 აპრილს ბაქოს ქუჩებში სტიქიური დემონსტრაციები მოეწყო. ახალგაზრდები დროშებით ხელში პატრიოტულ ლოზუნგებს სკანდირებენ.
სოციალურ ქსელებში
პირველი ტრენდი: ერთობისადმი ნოსტალგია
ზავის დადების შემდეგ სოციალურ ქსელებს იმედგაცრუების ტალღამ გადაუარა. ამ სამ დღეს ყველა იხსენებს, როგორც ერის ერთიანობის არნახულ შემთხვევას.
‘გთავაზობთ, ეროვნული ერთიანობის დღე 31 დეკემბერს კი არა, 2 აპრილს აღვნიშნოთ.’
‘ 20 წელია, ჩვენი ხალხი ასეთი ერთიანი არ მინახავს.’
მეორე ტრენდი: საზოგადოების მცირე უთანხმოება საომარი განწყობის წინააღმდეგ
‘აზადლიღის პროსპექტზე იმართება ავტომობილების მსვლელობა დროშებითა და ლოზუნგით ‘ყარაბაღი.’ გონს მოეგეთ, ძმებო, ნაბახუსევი მძიმე იქნება, და შესაძლოა, ხვალვე დადგეს ლავროვის ვიზიტის წინა დღეს.’
ფეისბუკში გახსნილია საიდუმლო ჯგუფი სახელწოდებით ‘სომხები და აზერბაიჯანელები ომის წინააღმდეგ.’
ორგანიზატორები საკუთარი წამოწყების გასაჯაროებას ჯერჯერობით ერიდებიან.
მესამე ტენდენცია: იმედგაცრუება და დაღლილობა.
‘აპრილის ამ 5 დღეში დაღუპული 31 ადამიანის სახელებს დეკემბერში დაღუპული 31 მენავთობეს გვერდით მივაწერთ, ზემოთ კი მაისში დამწვარი 15 მობინადრეს, მათ შორის 5 ბავშვის, სახელები დაიწერება.’
‘მომდევნო ათწლეულების დაცინვასა და დამცირებას გამოწრთობილი ნერვებით ვხვდებით.’
‘უსუსური პაიკები ვართ მსოფლიოს ოდიოზური მმართველების დაფაზე.’
ექპერტის მოსაზრება
არასტუნ ორუჯლუ, კვლევითი ცენტრის „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ხელმძღვანელი:
‘გამოცხადებულმა ზავმა არ უნდა დაგვაღონოს. ჩემი აზრით, ახლა უმოკლეს დროში დაიწყება რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები და, ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება სომხეთზე რეალურ ზეწოლას მოახდენს აიძულებს, უკან დაიხიოს, რადგან:
– აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს ბრძოლა – ოკუპაციის ხანგრძლივობის მიუხედავად;
– დღეს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული მთლიანობა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია;
– ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რაიმე სახის სტაბილურობასა და რეგიონში გლობალური ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე საუბარი არ ღირს;
– აზერბაიჯანს საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მცირე დროის განმავლობაში ფსიქოლოგიური, სამხედრო და სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებაა, რომელიც, შესაძლოა, არასწორიც იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ იმედგაცრუების მიზეზი არ არსებობს. ვიყოთ ოპტიმისტები.’
ინფორმაცია ერევნიდან
დადასტურებული წყაროს ცნობა
ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახრი იუწყება, რომ აზერბაიჯანის ძალებმა დღეს ღამით გამყოფი ზოლის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, სოფელ თალიშის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია ჩაატარეს. ‘მოწინავე ქვედანაყოფები ორგანიზებულად იცავდნენ პოზიციებს. მოწინააღმდეგე უკუგდებულია,’- აცხადება პრესსასახური.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იმასაც აღნიშნავს, რომ გუშინ საღამოს (22:35-დან 23:00-მდე პერიოდში) აზერბაიჯანის არმია სომხეთის საზღვართან, სოფელ ვარდენისის მიმართულებით ისროდა. დაიცხრილა სამხედრო ქვედანაყოფები და დასახლებული პუნქტები.
სომხეთის პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება. იგი კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. სომხური მედიის განცხადებით, შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა განიხილებოდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ‘ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების წინადადება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების გამოძიების მექანიზმს ეხება. ამ ინიციატივას და შემხვედრი ზოლიდან სნაიპერების გაყვანის წინადადებას სომხეთი ყოველთვის უჭერდა მხარს… აზერბაიჯანი კატეგორიულ უარს აცხადებს ამ ზომების მიღებაზე, რადგან სრულიად განსხვავებული მიზნები ამოძრავებს. ეს მიზნები საბოლოოდ 1-2 აპრილის ღამეს გაცხადდა და შედეგად, აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ აქცია კავკასია რეგიონად, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.’
სერჟ სარგსიანი სომხეთისათვის მტკივნეულ კიდევ ერთ თემას შეეხო – მან თქვა, რომ სომხეთის მოკავშირეები აზერბაიჯანთან იარაღით ვაჭრობენ.
‘რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ თავდაცვის ერთ სისტემაში ვართ. ცხადია, მტკივნეულია, როდესაც რუსეთი და ამ სტრუქტურის სხვა ქვეყნები იარაღით ვაჭრობენ აზერბაიჯანთან. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. დიახ, დღეს აზერბაიჯანს უფრო თანამედროვე ტექნიკა აქვს, და ბოლო სამი დღის სამხედრო მოქმედებებმაც ცხადჰყო, რომ ეს იარაღი მართლაც გამოიყენება.’
სომხური მედია, ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეხების ზოლში მხარეების მიერ 5 აპრილს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში დაცულია.
5 აპრილის საღამოს სომხეთის ტელევიზიის პირველმა არხმა, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ გამყოფ ზოლზე სროლები მაინც აღინიშნა. თუმცა, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დავიდ ბაბაიანმა ახალი ამბების საღამოს გამოშვებაში, პირდაპირ ეთერში განაცხადა: ‘იმასთან შედარებით, რაც 1-დან 4 აპრილის ჩათვლით ხდებოდა, ბოლო საათების სროლები შეიძლება უმნიშვნელოდაც მივიჩნიოთ.’
ეუთო-ს მინსკის ჯგუფმა, რომელიც კრიზისთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში ვენაში მუშაობდა, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მხარეებს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები და კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ. ამავე განცხადების მიხედვით, სიტუაციის გამწვავება იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები თანათვმჯდომარეების მონაწილეობით.
საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანი ტვიტერში თავის გვერდზე ასევე იტყობინებოდა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები 9 აპრილს ერევანში ჩავლენ.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის ოპერატიული განყოფილების უფროსი, ვიქტორ არუსტამიანი აცხადებს, რომ 4-დღიანი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა 29 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 7 – ოფიცერი და პრაპორშჩიკია; დაჭრილია 101 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა შორის 29 – ოფიცერი და პრაპორშჩიკია.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ექსპერტი, თათულ აკოფიანი, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით,’სომხურ კვლევათა ცენტრ Ani’-ს ვებგვერდზე წერს: ‘სომხური მხარე ირწმუნება, რომ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებული ყველა პოზიცია დაიბრუნა: 3 ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ტაპკარაკოიუნლუ-მატაგისი-ტალიში, 5 – სამხრეთ-აღმოსავლეთით – ყაზახლარი-არალერი.’ თუმცა, მისივე თქმით, ეს მონაცემები, მართალია, ოფიციალურია, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბოლოო.
სოციალურ ქსელებში
პირველი ტრენდი: მხოლოდ საკუთარი თავის და ჯარის სიძლიერის იმედზე შეიძლება ყოფნა.
სომხურ პრესაში აღშფოთებით წერენ იმაზე, რომ ევრაზიულმა კავშირმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მანამდე ერევანში დაგეგმილი პრემიერთა სამიტი გადადო, ‘რადგან მედვედევის მონაწილეობით გამართულ სამიტს ცალმხრივ მხარდაჭერად შეაფასებდნენ.’
‘ღმერთო ჩემო, მსოფლიოში 230 ქვეყანაა, და რაღა ესენი აგვირჩიე მოკავშირედ! რისთვის? ასეთი რა ბრალი მიგვიძღვის?’ ამის საპასუხოდ ითქვა: ‘იმიტომ, რომ მეგობრები ჩვენ თვითონ ავირჩიეთ.’
‘ყაზახეთმა წინადადება წამოაყენა სამიტის მოსკოვში და არა ერევანში გამართვის თაობაზე – ვითომ რუსეთიც მომხრეა. ეს ალბათ იმისთვის – სულთანი რომ არ განაწყენდეს? საკმაოდ უცნაური კია მოკავშირეს მხრიდან.’
მეორე ტრენდი: საეჭვოა, დაზავებამ დიდხანს გასტანოს.
‘თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში საომარი მოქმედებები განახლდება. სამწუხაროდ. დაზავება მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მხარეებმა ამოისუნთქონ’.
მესამე ტრენდი: ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაზე ტრაგიკული მოვლენებიც კი პოზიტიურად უნდა აღვიქვათ.
‘საინტერესო დამთხვევა – 1-დან 2 აპრილის ღამეს ერევნის მხოლოდ ერთ სამშობიარო სახლში 20 ახალშობილი ვაჟი გაჩნდა – ზუსტად იმდენი, რამდენი ბიჭიც იმ დროს ყარაბაღში მოგვიკლეს’.
ვრცელდება ასეთი ხუმრობაც:’სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც მშვიდობიან დროს ქვეყნიდან მიდიან, ომის დროს კი უკან ბრუნდებიან’.
მეოთხე ტრენდი: ახლა სიხარულის დრო არ არის – არ უნდა დაგვავიწდეს ისინი, ვინც დაიღუპა და ვინც დაღუპულებს გლოვობს.
‘ხალხო, ნუთუ გამარჯვებამ,უფრო სწორად კი ცეცხლის შეწყვეტამ, ასე დაგაბრმავათ? ნამდვილი საძაგლობაა ეს ცინიკური ხუმრობები და ‘დღის აფორიზმები.’ 29 სიცოცხლე სამუდამოდ გაქრა, 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ტალიშში დაუნდობლად ამოწყდა ოჯახი, თქვენ კიდევ – გეხუმრებათ! არ შეიძლება, არაფრად გიღირდეთ იმ ადამიანების სიცოცხლე, ვინც თქვენი მშვიდი ცხოვრებისთვის თავი გაწირა!’
მეხუთე ტრენდი: ის ერთიანი სული უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც საშიშროების მომენტში ისევ გაჩნდა.
‘ამ ერთიანობის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ, მხოლოდ საშიშროების წინაშე არ უნდა ვერთიანდებოდეთ. გმირები მხოლოდ დაღუპულთა შორის არ უნდა ვეძებოთ, გვერდითაც ბევრი გვყავს, უბრალოდ უნდა შვამჩნიოთ და დავაფასოთ’.
ექსპერტის მოსაზრება
რიჩარდ კირაკოსიანი, რეგიონულ კვლევათა ცენტრის დირექტორი 1in.am-თან ინტერვიუში ამბობს:
‘აზერბაიჯანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმა დიპლომატიურ კალენდარს და შეხვედრებს ემთხვევა. ამით აზერბაიჯანის მხარე საკუთარ იმედგაცრუებასა და საერთაშორისო სტრუქტურებისადმი უპატივცემულობას ცხადჰყოფს. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უფრო საერთაშორისო საზოგადოებრიობას ეხებოდა, ვიდრე სომხეთსა და მთიან ყარაბაღს. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
ერთი რამ ცხადია: ჩვენ მომავალი ესკალაციისთვის მზად უნდა ვიყოთ, კერძოდ კი 24 აპრილს და მომდევნო დღეებში. და ეს მხოლოდ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღისთვის კი არ არის გამოწვევა, არამედ შუამავლებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვისაც, რომლებმაც მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამ მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად,.
JAMnews–ის დოსიე:
• JAMnews-ის მიერ მომზადებული 6 აპრილის მოვლენების მიმოხილვა
• ინფორმაცია, რომელსაც კონფლიქტის მხარეთა ოფიციალური წყაროები ავრცელებენ, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა პასუხს კითვაზე – თუ რომელმა მხარემ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, და რომელმა იმოქმედა საპასუხოდ. ამ კითხვას ჯერჯერობით ვერც საერთაშორისო წყაროები პასუხობენ.
• შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და საომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, 1991 – 1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დე–ფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკად არსებობს, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის – არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
• ეუთო-ს მინსკის ჯგუფი – ეუთო-ს წევრი ქვეყნების კავშირი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგლირების შვიდობიანი გზების ძიების პროცესს ხელძღვაელობს, 1992 წელს შეიქნა. 201 წლის დასაწისიდან მინსკის გფის თანათავმჯდმარეები არიან: იგორ პოპოვი (რუსეთის ფედერაცია), 2014 წლის ივლისიდან პიერ ანდრე (საფრანგეთი), და 2013 წლის 6 აგვისტოდან ჯეიმზ უორლიკი (აშშ). მინსკის ჯგუფში შემდეგი ქვეყნებია წარმოდგენილი: ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.
სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნებულია 07.04.2016