ნიკოლ ფაშინიანი: "რუსეთსა და სომხეთს გადაუწყვეტელი პრობლემები არ აქვთ"
კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შედგა.
რუსეთის ლიდერმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს:
„დღეს სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით თანმიმდევრულად ვითარდება. ეს პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს, სამხედრო სფეროსა, უსაფრთხოების საკითხებსა, და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება“.
თავის მხრივ, ფაშინიანმაც დაადასტურა, რომ მხარეები აპირებენ, იმ საკითხების მთელ სპექტრზე იმსჯელონ, რაც ბოლო ხანს ერევნისა და მოსკოვის ურთიერთობებში დაგროვდა:
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, როდესაც არავითარი კითხვა არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ არც საკუთრივ ურთიერთობა არსებობს. რუსეთსა და სომხეთს გადაუწყვეტელი პრობლემები არ აქვთ. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისა და ერთმანეთს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს ეყრდნობიან. ჩვენ ურთიერთობის მომავალი განვითარებისათვის ვართ განწყობილები, არამხოლოდ ორმხრივი, არამედ – ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებშიც (რუსეთის ეგიდით მოქმედი სტრუქტურები – JAMnews)“.
სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ პრობლემების საპირისპიროდ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება:
„გრკვეული პესიმიზმის საპირისპიროდ, რომელიც სომხეთისა და რუსეთის პრესასა და სოციალურ ქსელებში არსებობს, ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად, და ძალიან ბუნებრივად ვითარდება“.
ეს სომხეთის რევოლუციის შემდეგ სომხეთისა და რუსეთის ლიდერების უკვე მესამე შეხვედრაა. რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ადრე იუწყებოდნენ, რომ კრემლი ფაშინიანთან ერთად სომხეთის ყოფილი ხელმძღვანელების დევნის საკითხზე მსჯელობას აპირებს, კერძოდ, ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანისა და სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიკაელ არუთიუნიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე.
მოსკოვი ასევე უკმაყოფილოა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ყოფილი გენერალური მდივნის, იური ხაჩატუროვის გარშემო შექმნილი სიტუაციით. ის, როგორც კოჩარიანი და არუთიუნიანი, „1 მარტის“ გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია და ბრალად ხელისუფლების უზურპაცია ედება. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების დანარჩენი წევრები მიიჩნევენ, რომ ინციდენტმა ორგანიზაციის სტატუსს სერიოზული ზიანი მიაყენა.
2008 წლის 1-2 მარტის მოვლენები 2008 წლის 19 თებერვალს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო. იმ ბლოკის მომხრეები, რომელსაც სათავეში სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ედგა, ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა, და კენჭისყრის შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად სერჟ სარგისანი დაასახელა. ქვეყნის პრეზიდენტი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. მან საგანგებო მდგომარეობა დააწესა. 2008 წლის 1მარტს, დემონსტრაციის დარბევის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი – რვა სამოქალაქო პირი, და პოლიციის ორი თანამშრომელი.
დღის წესრიგის კიდევ ერთი თემაა – სომხეთის მიერ რუსული შეიარაღების შესყიდვა. იური ხაჩატუროვის ისტორიის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, შესაძლოა, 100 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საკრედიტო შეთანხმების შესრულებაზე უარი განაცხადოს, მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ „ეს არაკორექტული ინფორმაციაა“.
სომეხ პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდარიანს მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა მოსკოვსა და ერევანს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების შესაძლებლობას წარმოადგენს.
„პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთერთობის პოლიტიკა ელჩებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერაც კი არ იმართება, არამედ პირველი პირების დონეზე. საიმედო კონტაქტის დასამყარებლად კიდევ არაერთი ვიზიტი გახდება საჭირო. არ მგონია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში ყველაფერი მშვენივრად იქნება. მაგრამ, როგორც ჩანს, შეიარაღების მოწოდება გაგრძელდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხიდების დაწვას და ემოციური განცხადებების კეთებას რუსეთშიც არავინ აპირებს“.