ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა ხმაურიანად გრძელდება. 10 აპრილს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი გამოქვეყნდა, თუმცა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრმა არ მოიწონა. არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა დატოვონ, რადგან, როგორც ამბობენ, მათი მოსაზრებები არ არის გათვალისწინებული და ამ პროექტზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.
ხელისუფლება კი მათ კრიტიკულ შეფასებებს არ იზიარებს.
10 აპრილს გამოქვეყნებული პროექტი ჯერჯერობით არ არის საბოლოო ვარიანტი. თვის ბოლომდე კიდევ არის დრო ცვლილებებისთვის. პროექტის საბოლოო ვარიანტი აპრილის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს. ამის შემდგომ ის განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.
მოკლედ, რა წერია კონსტიტუციის პროექტში ამ დროისთვის:
— პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს. 2023 წლიდან ის არაპირდაპირი წესით, 300 დელეგატის მიერ აირჩევა. დელეგატებიდან 150 იქნება პარლამენტის წევრი; 13-13 აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები; დანარჩენი 124 კი, თბილისის და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
— 35-დან 40 წლამდე იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზი. ასევე 5-დან 15 წლამდე იზრდება, საერთო ჯამში, საქართველოში ცხოვრების ვალდებულება.
— პრეზიდენტს აღარ ექნება კავშირი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებთან, გაუქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო. მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება ეროვნული თავდაცვის საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
— პრეზიდენტი აღარ იქნება ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.
— პრეზიდენტს აღარ ექნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება. მათ, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.
— შეიცვლება დღეს არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა. არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, თუმცა, მანდატების გადანაწილების საკითხია ჯერ ისევ ღიაა.
— უცვლელი რჩება პარლამენტში მოსახვედრად საჭირო სავალდებულო 5 -პროცენტიანი ბარიერი.
— პარლამენტის ადგილსამყოფელი დარჩება ქუთაისში.
— გადასახადების დაწესებისთვის ან მათი გაზრდისთვის საჭირო გახდება რეფერენდუმის ჩატარება.
— კონსტიტუციაში განისაზღვრება ქორწინების ცნება.
— უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის საკითხს კონსტიტუცია არ დაარეგულირებს (ამ რეგულაციაზე იყო საუბარი, მაგრამ პროექტის ბოლო ვარიანტში ის არ მოხვდა).