აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში დაუსჯელად ირღვევა ადამიანის უფლებები და შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება.
ანგარიში, რომელშიც მსოფლიოში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებაა საუბარი, 13 მარტს გამოქვეყნდა. აზერბაიჯანს 40-გვერდიანი მონაკვეთი ეთმობა და მასში დეტალურად არის აღწერილი ჩინოვნიკების მხრიდან ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები.
ანგარიშის ავტორმა, სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ შემდეგი ფაქტები ახსენა:
• 2018 წლის სექტემბერში, პოლიციის განყოფილებაში თეიმურ ახუნდოვის გარდაცვალება შეფასებულია წამებით სიკვდილად.
• სასაზღვრო ძალების რიგითი ჯარისკაცის, ჰუსეინ გურბანოვის სიკვდილი (არის ეჭვი, რომ ის თანამოსამსახურეებმა მოკლეს);
• პოლიციის მიერ ბლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის წამება.
• ციხეებში ძალიან ცუდი პირობებია, კამერები გადატვირთულია, არ არის გათბობა და ვენტილაცია, პატიმრები შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.
• ქვეყანაში ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ამასთან, მათ გაცილებით უფრო მკაცრად ეპყრობიან, ვიდრე დანარჩენებს.
• ხელისუფლება ზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიას, ჟურნალისტებს ემუქრებიან, ხანდახან კი სცემენ ან აპატიმრებენ.
IREX-ის 2018 წლის მდგრადი განვითარების ინდექსის თანახმად, „აზერბაიჯანში ძირითადი მედიასაშუალებები მმართველი ელიტის კონტროლის ქვეშაა და მხოლოდ ისეთ ამბებს აშუქებს, რომელიც მათ ინტერესებშია“.