აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა. გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი ვერსია არ აქვს, თუ ვის და რატომ უნდოდა მისი მოკვლა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც 2 აპრილს, დილით, 64 წლის ნადეჟდა ვოუბა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლიდან სამსახურში წასვლას აპირებდა. როგორც ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, მას ფაქტობრივად ფეხი მოწყდა. მაგრამ სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ექიმმა მოახერხა საკუთარი თავისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კერძოდ, ფეხზე თასმა გადაიჭირა და ძლიერი სისხლდენა შეიჩერა.
ნადეჟდა ვოუბას გადარჩენას აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში ცდილობენ. მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, ამას გარდა, ექიმის ცნობით, მას პირველი ხარისხის ჰემორაგიული შოკი და მრავლობითი ჭრილობები აქვს. ვოუბას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი ვერსია არ აქვს, თუ რა შეიძლება გამხდარიყო თავდასხმის მიზეზი. ვერაფერს ვარაუდობენ სოციალური ქსელების მომხმარებელებიც, სადაც ტრაგედია აქტიურად განიხილება.
ბევრი ადამიანი, ვინც პირადად იცნობს ნადეჟდა ვოუბას, ამბობს, რომ მის შესახებ ცუდს ვერაფერს იტყვი. ის საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, არ არის კორუმპირებული. ვერსია იმის შესახებ, რომ თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, წარუმატებელი მკურნალობა გამხდარიყო, არ განიხილება – რამდენადაც ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფო სრული დატვირთვით არ მუშაობს. იქ ქირურგიის განყოფილება არ არის და ყველა მძიმე ავადმყოფი სხვა საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო