აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში საპროტესტო აქციაზე ორი პოლიციელი მოკლეს
აზერბაიჯანში, ბაქოდან ჩრდილოეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარე ქალაქ განჯაში 10 ივლისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს მოკლულია ორი პოლიციელი.
საპროტესტო აქციის მიზეზი ერთი კვირის წინ მომხდარი მოვლენები გახდა. 3 ივლისს განჯაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს ელმარ ველიევს ესროლეს. ის და მისი დაცვის წევრი დაიჭრნენ, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ. მათ აქამდე უცნობმა იუნის საფაროვმა ესროლა.
ის ახლა გამოძიების ქვეშ იმყოფება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. მაგრამ ბევრმა აზერბაიჯანელმა მისი საქციელი „სასტიკი ჩინოვნიკის წინააღმდეგ ბუნტად“ აღიქვა და მას „შურის მაძიებლად და ხალხის დამცველად“ მიიჩნევენ.
საპროტესტო აქციაში განჯაში 10 ივლისს საღამოს დაიწყო. აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ დააახლოებით 200-მა ადამიანმა მოიყარა თავი. განჯელების თქმით, ამ აქციის მოწოდებები ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე თავდასხმის მომენტიდანვე გაისმოდა.
ვიდეოზე ძნელი გასარჩევია, უკავიათ თუ არა მომიტინგეებს ხელში რაიმე იარაღი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, მათ „მჭრელი და ბასრი“ საგნები ჰქონდათ.
https://www.youtube.com/watch?v=ldR_b42JHsU
პოლიციამ აქცია დაარბია, მაგრამ ორი პოლიციელი მოკლეს – პოლკოვნიკი ილგარ ბალაკიშიევი და ლეინტენანტი სამედ აბასოვი. 40 ადამიანი პოლიციის მიერ არის დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ აქციაში მონაწილეობდნენ რადიკალური ისლამისტები და მთლიანობაში, საკუთრივ ველიევზე თავდასხმა „ქვეყანაში ქაოსის დათესვის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა და აზერბაიჯანის ისლამურ სახელმწიფოდ გადაქცევის მცდელობად მიიჩნევა“.
როგორც განჯის მაცხოვრებელმა ქალმა JAMnews-ს უთხრა, ქალაქში დღეს სიმშვიდეა.
თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან სერიოზული რეაქცია და საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.
შედეგები:
– თავად საფაროვის გარდა, კიდევ 11 ადამიანია დაპატიმრებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას წაუყენებენ მათ ბრალად;
– 17 ბლოგერს და სოციალური ქსელების წარმომადგენელს „უკანონო მოწოდებებისთვის“ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქვთ დაკისრებული;
– ოთხი ვებგვერდი (bastainfo.com, criminalaz.com, topxeber.az и fia.az) დაიბლოკა, ხოლო მათი რედაქტორების წინააღმდეგ, დეზინფორმაციის ბრალდებით,სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ამავდროულად, მაგალითად bastainfo.com-ში ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ისინი უბრალოდ საინფორმაციო სააგენტოების სიახლეებს აქვეყნებდნენ და საფაროვს არ იცავდნენ.
სოციალურ ქსელებში ამ საკითხზე მსჯელობისას ბევრი (მაგალითად – ოპოზიციური ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ) პარალელს ავლებს ამ მოვლენასა და ბაქოს მახლობლად მდებარე დაბა ნარდარანიში მომხდარ არეულობას შორის. 2015 წელს იქაც მოხდა პოლიციასა და ისლამისტური მოძრაობის აქტივისტებს შორის შეტაკება. დაიღუპა ექვსი ადამიანი, რომელთაგან ორი პოლიციელი იყო – ისევე როგორც ახლა. დაბა, რომელშიც აქამდე ტრადიციულად აზერბაიჯანში „რადიკალური ისლამის ბუდედ“ იყო მიჩნეული, აქამდე მხოლოდ პოლიციის კორდონის გავლით შეიძლება მოხვედრა, და იქ სიტუაცია ხელისუფლების მიერ მკაცრად კონტროლდება.