ფაშინიანი: "აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება კი არა, შურისძიება სურს“
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ნიკოლ ფაშინიანის ნახევარსაათიან სიტყვაში ყარაბაღის კონფლიქტისადმი მის პოზიციას საკვანძო ადგილი ეკავა. მან დაწვრილებით ილაპარაკა სომხეთში არსებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე, რასაც, მისი აზრით, წინა ხელისუფლება ქმნის. თურქეთი მან მოიხსენია როგორც „საფრთხე სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის“, რუსეთი კი როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.
გთავაზობთ გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისების დეტალებს.
ყარაბაღის კონფლიქტი და აზერბაიჯანთან ურთიერთობა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის პირობების შექმნისკენ მოუწოდა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის, ასევე აზერბაიჯანის ხალხებისთვის მისაღები უნდა იყოს“. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს ფორმულა ცხოვრებაში განვახორციელოთ“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა არ სურს, – მიაჩნია სომხეთის პრემიერს. ფაშინიანის თქმით, იმას ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის მოგვარებისკენ კი არა, შურისძიებისკენ მიისწრაფვიან „1990 და 2016 წლებში ყარაბაღელი ხალხის მიმართ აგრესიის წარუმატებელი აქტების გამო“.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება კონფლიქტის გადაწყვეტას არ აპირებს. ამის ნაცვლად, მათ ყარაბაღის ხალხის დამარცხება სურს… აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლება თავის პოზიციებზე დარჩა და ყარაბაღის საკითხის ისეთი გადაწყვეტისკენ მიისწრაფვიან, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხისთვის იქნება მისაღები. ამ მიზნით აღვივებენ ანტისომხურ განწყობებს, შეიარაღებაზე უზარმაზარი რესურსი იხარჯება, ხოლო არმენოფობია ოფიციალური პოლიტიკად აქციეს.
მათ მთიანი ყარაბაღის იმ სტატუსით დაბრუნება სურთ, რაც მას საბჭოთა წლებში ჰქონდა. მაგრამ ეს ძალისხმევა ამაოა, რადგან მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ხალხმა საბჭოთა წლებში თავის თვითგამორკვევის უფლება განახორციელა, და სსრკ-ს ფარგლებიდან გავიდა. იგივე გააკეთა აზერბაიჯანელმა ხალხმაც. და ბაქოს ამგვარი პოზიცია საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეას უტოლდება“.
ფაშინიანის აზრით, ბაქო ყარაბაღის კონფლიქტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემად წარმოაჩენს.
„ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ეს ტერიტორიული კონფლიქტი არ არის. საუბარია ადამიანებზე, ქალებსა და მამაკაცებზე, საკუთარ სამშობლოში ცხოვრების მათ უფლებაზე, ისე ცხოვრების – როგორც საუკუნეების განმავლობაში მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ ადამიანებთან საუბარი არ სურს, რადგან მათ მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებთ – და არა ხალხი. უფრო სწორედ, ტერიტორიები, ადამიანების გარეშე“.
• სომხეთის ახალი ხელისუფლება vs რუსეთი და დასავლეთი
მეზობელი სტრატეგიული პარტნიორების და საფრთხეების შესახებ
ხელისუფლებაში მოსვლამდე ფაშინიანი რუსეთის ლიდერობით მოქმედი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის მომხრე იყო. მაგრამ უკვე 2018 წლის გაზაფხულზე, როდესაც ქვეყანაში მისი ლიდერობით „ხავერდოვანი“ რევოლუცია დაიწყო, მან ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია მკვეთრად შეცვალა. ამავდროულად, ის, წინა ხელისუფლების მსგავსად, რუსეთთანაც და დასავლეთთანაც თანამშრომლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:
„რუსეთი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, საქართველო და ირანი – ჩვენი სტრატეგიული მეზობლები. ჩვენ აშშ-სთან, ევროკავშირთან და ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან სტრატეგიული დღის წესრიგი და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს ჩამოყალიბებული. და ჩვენთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული უთანხმოებების შუაგულში ყოფნა, რადგან მუდმივად ვექვემდებარებით იმ რისკს, რომ რომელიმე მათგანის ან ყველას მხრიდან არასწორად ვიყოთ აღქმული“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
• ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ. რატომ არ მოხდა გარღვევა
პრემიერის თქმით, დღეს მეზობლებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული დაძაბულობა სომხეთს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს:
„ამ რეალობას თან ახლავს ისიც, რომ ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა – შესაძლოა, ყველამაც – არასწორად გაგვიგოს“.
და ამ კონტექსტში სომხეთის მთავრობის მეთაურმა მეზობელ თურქეთთან ურთიერთობის თაობაზე კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, თურქეთი დღესდღეობით „სომხეთისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ რჩება“.
ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები
სომხეთის პრემიერი თავის გამოსვლაში შეეხო ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომელთა განვითარებასაც ყოფილი პოლიტიკური ელიტა ხელს უშლის:
„ჩვენ განუხრელად გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და რეფორმების განვითარება. ის ეფუძნება ჩვენი ხალხისგან მონიჭებულ სოლიდურ მანდატს, რომლისთვისაც რეფორმების განხორციელების , სამართლიანობის უზრუნველყოფის, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების და ჩვენი ერის განვითარების საქმეში პასუხს ვაგებთ…
ისინი კი [ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ] ცდილობენ მართლმსაჯულებას გაექცნენ, თავიანთი ფინანსური რესურსების გამოყენებით გამოწვევებს უქმნიან ჩვენს დემოკრატიულ მიღწევებსა და სომხეთის დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას, რომელიც ქონებისა და საკუთრების გადანაწილებით არ არის დაკავებული“.
• როგორ ებრძვიან კორუფციას სომხეთში
ქვეყნის ახალ ხელისუფლებას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმ მცდარი ხმებისა და დეზინფორმაციის გამო, რომელსაც მათი წინამორბედების მხარდამჭერი მედია ავრცელებს. ამ გამოსვლაში ფაშინიანი ამ თემას ისევ შეეხო, და წინასწარ განაცხადა, რომ მისი მთავრობა მედიის მუშაობაში არ ერევა, და მათი საქმიანობის გაკონტროლებას არ ცდილობს:
„მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ექვემდებარება, ცრუ ხმებს ავრცელებენ, და „ხავერდოვანი“ რევოლუციის მიზნების მიმართ ხალხში უნდობლობას ნერგავენ. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მედიაორგანიზაციების თავისუფლების დაცვისა და სტიმულირების მხრივ, ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია.“