აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა, ქვეყანაში უკვე სამი დაინფიცირებულია
გაზიარება
გაზიარება
29 თებერვალს აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა, რათა კორონავირუსისგავრცელება აღიკვეთოს. მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში დაინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი დაინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა, ორი – აზერბაიჯანის. სამივე ირანიდან ჩამოვიდა.
ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით Report იუწყება.
ამავდროულად დარჩება კორიდორი, რათა ირანის მოქალაქეებმა აზერბაიჯანიდან გასვლა, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა კი ქვეყანაში შემოსვლა შეძლონ.
იგივე ეხება საჰაერო მიმოსვლასაც – როგორც „აზერბაიჯანული ავიახაზების“ პრეს-სამსახურში იუწყებიან, თეირანი- ბაქოს რეისებზე მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიშვებიან, ხოლო ბაქო-თეირანის რეისებზე – მხოლოდ ირანის მოქალაქეები.
სამშობლოში დაბრუნების მსურველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეუძლიათ თეირანში ან თებრიზში არსებულ საელჩოებს მიმართონ.