ФСБ-ს ყოფილი ჯაშუშები ამბობენ, რომ საქართველოში სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ
ФСБ-ს ყოფილი ჯაშუშები
ФСБ-ს ყოფილმა ჯაშუშებმა აღიარეს, რომ საქართველოში სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორმა ყოფილმა ჯაშუშმა, მიხაილ სოკოლოვმა და ვსევოლოდ ოსიპოვმა ისაუბრა.
სოკოლოვის თქმით, ის 19 წლის ასაკში რუსეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა და რუსეთის ადგილობრივ მმართველობებში კორუფციულ საქმიანობებს იკვლევდა, რის შედეგადაც ФСБ-მ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის უკანონოდ არიდებაში დასდო ბრალი. სოკოლოვის თქმით, ამის შესახებ მას ФСБ-ს წარმომადგენელმა პირადად უთხრა და არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა – თანამშრომლობა ან 2-წლიან პატიმრობა.
მისივე თქმით, რუსეთის ციხეებში არსებული არაადამიანური მოპყრობის შიშით ის დათანხმდა ФСБ-ს ჯაშუშად მუშაობას და საქმიანობა 2017 წელს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციულ კამპანიაში მოხალისედ დაიწყო. სოკოლოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ФСБ-ს აწვდიდა.
როგორც ყოფილი ჯაშუში ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ ის ФСБ-მ საქართველოში გაუშვა, რათა ეთვალთვალა და ინფორმაცია მოეგროვებინა საქართველოში მცხოვრებ და დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიებს გაექცნენ.
“მათ ეგონათ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დავალებით ახდენდნენ რუსი ოპოზიციონერების რეკრუტირებას.” – ამბობს სოკოლოვი.
რაც შეეხება მეორე ჯაშუშს: ვსევოლოდ ოსიპოვი CNN-თან აცხადებს, რომ რუსული ლიბერტარიანული პარტიის წევრი იყო და 2021 წლის მაისს, 19 წლის ასაკში დააკავეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისთვის და ზეწოლის შედეგად დაითანხმეს ФСБ-სთან თანამშრომლობაზე.
“სხვადასხვაგვარი დავალებები მქონდა. უნდა შევხვედროდი და გამეცნო კონკრეტული ადამიანები. მაგალითად, რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის ლიდერი, იაროსლავ კონვეი, ან თავისუფალი რუსეთის ფონდის კოორდინატორი საქართველოში, ანტონ მიხალჩუკი.” – თქვა ოსიპოვმა.
ოსიპოვის განმარტებით, ის საქართველოში გაგზავნეს, რათა ეთვალთვალა და შეესწავლა საქართველოში მყოფი რუსები, განსაკუთრებით კი მათი შეხედულება უკრაინაში მიმდინარე ომზე. ასევე, ინფორმაცია მოეგროვებინა, თუ როგორ ეხმარებიან უცხო ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინელ ლტოლვილებს.
“როგორც კი ომი დაიწყო, ჩემმა უფროსმა მომთხოვა, გამერკვია, რას ფიქრობენ საქართველოში მყოფი რუსები უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ФСБ ასევე დაინტერესებული იყო დასავლურ უსაფრთხოების სამსახურებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობით, ან თუ ვინმე რაიმე სახის დაფინანსებას იღებდა უცხო ქვეყნებიდან.” – აღნიშნა ოსიპოვმა CNN-თან ინტერვიუში.
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
7 სექტემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ ალბანეთში დაკავებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ქალი, ლანა სატორი საქართველოში ცხოვრობდა. ინფორმაციას “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ავრცელებს.
“გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით?
დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იმ ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი დაპატიმრებამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს, ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი “ტურისტი” საქართველოში.
რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც. ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ.” – წერს ბატიაშვილი.
Instagram-გვერდი, რომელიც ლანა სატორის სახელზეა შექმნილი, სოციალურ ქსელში დღემდე იძებნება – პროფილის ავტორს საქართველოში გადაღებული მრავალი ფოტო აქვს გამოქვეყნებული.
ალბანეთში, სამხედრო ქარხანაში შეჭრის მცდელობისას რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე 21 აგვისტოს დააკავეს. ალბანეთის პრემიერმინისტრის თქმით, დაკავებული სამი პირი – 24 წლის რუსი კაცი, 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი კაცი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.