საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მარიხუანის კულტივირებაზე
კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას კულტივაციას ეხებოდა, საქართველოს პარლამენტიდან გაწვეულია – მას შემდეგ , რაც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები სრულიად საქართველის კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ
როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარდა სასულიერო პირებისა და საზოგადოების პოზიციებისა, ასევე გათვალისწინებული იყო სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც, რომელიც ასევე კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის.
• ნარკოპოლიტიკა საქართველოში-ყველაფერი ამის შესახებ
•საქართველოს ხელისუფლება მარიხუანას ექსპორტის მოგვარებას გეგმავს
•როგორ უკავშირდება თავისუფლება მარიხუანას, ანუ რატომ ცეკვავდნენ ადამიანები თბილისში პარლამენტის წინ
• ახალი ნარკოპოლიტიკა —შესაძლოა თუ არა სასარგებლო აღმოჩნდეს პორტუგალიის მაგალითი?
„ჩვენი პარტიის შიგნით თავიდანვე განსხვავებული პოზიციები არსებობდა. ჩვენ ჯერ კიდევ თავიდან განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციებისა და ეკლესიასთან შეთანხმების საფუძველზე იქნებოდა მიღებული. ჩვენს ეს დანაპირები ავასრულეთ. საუბარი იყო ვადებზე, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრინციპული პოზიცია გამოხატა, რომ საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღების გადადება მიზანშეუწონელი იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღეთ და პროექტი გავიწვიეთ“, – თქვა კობახიძემ.
• 11 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის თანახმადაც, საქართველოში, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, სამომავლო ექსპორტისთვის დაშვებული იქნებოდა მარიხუანას კულტივაცია. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო შემუშავებული. კანონპროექტში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველოში მარიხუანას საექსპორტოდ მოყვანა მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით მოხდებოდა.
• ამას საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ოქტომბერში დოკუმენტის განხილვა შეჩერდა, თუმცა მისი უკან გაწვევა არ მომხდარა. მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვას პარლამენტში არჩევნების შემდეგ დაუბრუნდებოდნენ.
• ახლახან მმართველი პარტიის მეთაურმა, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საქართველოში სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაციის იდეის შემუშავებაში პირადად მონაწილეობდა. მისი თქმით, მარიხუანას ექსპორტი საქართველოს წელიწადში მილიარდი დოლარის შემოსავლის (მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 6% -ის)მიღების საშუალებას მისცემდა.