ჭიათურა - შავი მარგალიტი. ფოტორეპორტაჟი
პიონერთა სასახლის უნიკალური შენობა, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული; ექსპლუატაციიდან გასული, ჟანგმოკიდებული ვაგონები; გამწევი თბომავალი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჭიათურა-საჩხერის სარკინიგზო მონაკვეთზე ჩიხში გაჩხერილა; საბაგიროების ქსელი – საღებავგადაცრეცილი, მორყეული კაბინებით – ჭიათურაში თითქოს დრო გაჩერდა ან სულაც უკან მიდის. აქ ყველაფერს ჟანგი ჭამს.
“შავი ოქროს ქალაქი” ასე იცნობდნენ მას საბჭოთა კავშირის დროს. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და დამუშავების ცენტრია ამიერკავკასიაში. თუმცა, აქაურებისთვის ეს თითქმის არაფერს ცვლის – მაღაროელთა ქალაქი დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
- ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
- რა აჩვენა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულმა აქციებმა? ექსპერტების მოსაზრებები
- ომი და მაღაროები. გადარჩება თუ არა აღმოსავლეთ უკრაინის მეშახტეთა ქალაქები?
ამ ქალაქში, სადაც არ გაიხედავ, ყველა ფეხის ნაბიჯზე გარე მოვაჭრეს შეხვდები. ადრე მაღაზიები შენობაში იყო, მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა. ჭიათურის ცენტრში, ტროტუარზე საცვლები, მაისურები, წინდები და ქუდები აწყვია – 10 ლარზე მეტი აქ არაფერი ღირს.
ტრასასთან მწვანილით, ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობენ. მიმდებარე სოფლებიდან ქალები დილაუთენია ჩამოდიან და შინ ღამით ბოლო ავტობუსს მიჰყვებიან.
მამაკაცებს ძველი ქარხნის ნანგრევებიდან რკინა ამოაქვთ, რომ ჯართში ჩააბარონ და ოჯახში საკვები მიიტანონ.
აქაურები ამბობენ, რომ ადრე ყოველი ოჯახიდან ერთი წევრი მაინც მაღაროში მუშაობდა, თუმცა წარმოების შემცირებისა და ზოგიერთი მაღაროს დახურვის შემდეგ უმეტესობა გარე ვაჭრობით ირჩენს თავს.
ყოველთვის ხალხმრავლობაა ჭიათურის უფასო სასადილოსთან. დღის ულუფის მომლოდინენი აქ ადრიანად, დილიდანვე გროვდებიან – იქვე სკამზე ჩამოსხდებიან და ათას რამეზე ლაპარაკობენ.
ციცაბო კლდეებით გარშემორტყმულ და საბაგირო გზებით დაქსელილ ქალაქში ფოტოგრაფმა დავით თაბაგარმა იმოგზაურა.
** მალსალა პირველაგ გამოქვეყნდა 2017 წლის აპრილში