რატომ ვერ ამარცხებს საქართველო წითელას - "უმეცრების ვირუსს"?
იმ შვიდ ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც წითელას შემთხვევები 2018 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა, საქართველო მესამე ადგილზე იყო. ამ დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა სერბეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის უკრაინა და მესამეზე – საქართველო.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერბეთს ჰქონდა, იქ 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო საქართველოში -2. ეს 2018 წლის მონაცემებია. 2018 წელს საქართველოში წითელას 1400 შემთხვევა გამოვლინდა.
2019 წლის იანვრისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებდა, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა.
2019 წლის პირველი იანვრიდან 17 იანვრამდე, სულ რაღაც 17 დღეში საქართველოში წითელას 312 შემთხვევა აღირიცხა.
და ეს მონაცემები მზარდია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი კვლავ არ არის. ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია, სწორედ აუცრელი ადამიანების ვაქცინაციაა.
ცივილიზებულ სამყაროში წითელა დიდი ხანია მართვად ვირუსულ ინფექციად იქცა. მაგრამ რატომ ვერ ამარცხებს მას საქართველო?
სტატია გამოქვეყნებულია 2018 წლის ოქტომბერში და განახლებულია 2019 წლის იანვარში, როდესაც საქართველოში წითელათი დაავადების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა.
______________
2018 წელს საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება გურიიდან დაიწყო, სადაც ერთ-ერთ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალი გახდა ავად. გურიიდან დაავადება აჭარაში გადავიდა, შემდეგ კი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა.
განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს ის ადამიანები მიეკუთვნებიან, რომლებსაც წითელა არ გადაუტანიათ, გამოტოვებული აქვთ თუნდაც ერთი აცრა ან წითელას ვაქცინით არასოდეს აცრილან – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 500 000 ადამიანია.
“კვლევის მიხედვით, ისინი ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან. სანამ ასეთი დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ, წითელა ისევ გავრცელდება,” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
____________________________________
ამ დაავადებამ საქართველოში 2004-2005 წლებშიც იფეთქა. მაშინ 14500-მდე ადამიანი დაავადდა და 9 გარდაიცვალა. 2014-2015 წლებში კი წითელას გამო 4 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო. მანამდე ამ დაავადებას ხალხში “ბატონები” ერქვა და ხალხური მეთოდებით მკურნალობდნენ.
“ბატონები” და აცრების მოწინააღმდეგეები
დალის, რომელიც 58 წლისაა, დღესაც კარგად ახსოვს როგორ მოიხადეს მან და მისმა დამ წითელა: ბებიამ ოთახის ფანჯრებზე წითელი ხავერდის ფარდები დაკიდა. შემდეგ ლარნაკში წითელი ვარდები ჩაალაგა და ოჯახის ყველა წევრი საგანგებოდ გააფრთხილა, რომ ქცევის განსაკუთრებული წესები დაეცვათ – ჩხუბი და კამათი არ შეიძლებოდა. სახლიდან გარეთ ხმამაღალი საუბრის ხმა არ უნდა გასულიყო და სასურველი იქნებოდა, თუ ბავშვები წითელას სიმღერით დახვდებოდნენ. დიდ ბებიებს სჯეროდათ, რომ თუ ოჯახი “ბატონებს” არ გააბრაზებდა, დაავადება არ გართულდებოდა. დალის არ ახსოვს, რატომ გაბრაზდნენ მათთან “ბატონები”. მან და მისმა დამ წითელა მძიმედ გადაიტანეს: დაავადების გამო მას სმენა დააკლდა, დას კი სმენასთან ერთად მხედველობაც.
“ჩემს ორივე შვილს ყველა გეგმიური აცრა გავუკეთე. ასეთი გამოცდილებით, ცხადია, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი,” – ამბობს დალი. თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც დალის მსგავსად არ ფიქრობს და შვილსაც არ ცრის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 6 წლამდე ასაკის ბავშვების 10% აცრილი არ არის.
ირინა ალიაშვილი იმ მშობლებს შორის არის, რომელიც შვილს ყველა გეგმიურ აცრას უკეთებს. ირინა ამბობს, რომ პედიატრის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და გარდა ამისა, აცრების შესახებ სანდო და სარწმუნო ინფორმაციას თავადაც იძიებს. “ზუსტი, სამედიცინო კვლევებით დადასტურებული ინფორმაცია, რომ აცრა რაიმე დაავადებას ან სერიოზულ გართულებას იწვევს, არ მინახავს. ჩემს სამი წლის შვილს ყველა აცრა გაკეთებული აქვს. ასე ის უფრო დაცულია,” – ამბობს ირინა.
ნინი თვალავაძე 25 წლისაა. არასამთავრობო ორგანიზაციის – “აცრა და რისკფაქტორები” ერთ-ერთი დამფუძნებელია. ნინი ამბობს, რომ აცრებს უამრავი გვერდითი უარყოფითი ეფექტი აქვს და ერთი ასეთი ეფექტი საკუთარ თავზეც იწვნია: “5 წლის ასაკიდან ეპილეფსიური შეტევები დამეწყო. ეს შეტევები 18 წლის ასაკამდე გაგრძელდა და ჩემი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარისხი გაუარესდა. სახლიდან გარეთ გასვლის მეშინოდა. არ ვიცოდი, შეტევები როდის და სად დამემართებოდა. ექიმები ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა. მოგვიანებით, როცა მე და დედამ მოვლენები აღვიდგინეთ, გაგვახსენდა, რომ შეტევები 5 წლის ასაკში ჩატარებული გეგმიური აცრის შემდეგ დამეწყო.”
ნინის 3 წლის გოგონა ჰყავს. ბავშვს სამშობიაროში ჩატარებული ანტიტუბერკულოზური (ე.წ. ბეცეჟე (BCG) და B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრის გარდა სხვა არცერთი გეგმიური აცრა არ აქვს გაკეთებული: “აცრების გვერდითი უარყოფითი მოვლენების შესახებ ის ინფორმაცია, რაც ახლა მაქვს, შვილის დაბადების დროს რომ მცოდნოდა, სამშობიაროში იმ აცრებსაც არ გავაკეთებინებდი. ძალიან ბევრი და სანდო ინფორმაციაა ინტერნეტში იმისთვის, რომ ვაქცინაციას არ ვენდო. ახლა ვაგროვებთ ინფორმაციას ვაქცინაციის შედეგად დაზარალებული ბავშვების შესახებ. გვაქვს შემთხვევა, როცა აცრის შემდეგ ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა განუვითარდა. პოლიომელიტის აცრის შემდეგ ერთ ბავშვს ხელი გაუშეშდა. ჩემი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი გეგმიური აცრა არ გამიკეთებია, ძალიან ჯანმრთელია. მის აცრას არც მომავალში ვაპირებ.”
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ აცრის შემდგომი გართულებების არსებობას.
“საქართველოში შემოდის მხოლოდ ევროპული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ვაქცინები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში აცრის შემდგომი გართულების ან ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, – აცხადებს იმნაძე.
იმნაძის თქმით, წითელა-წითურა-ყბაყურას აცრას გართულებები, ფაქტობრივად, არ აქვს.
“შეიძლება მოხდეს შეწითლება და გამკვრივება ინექციის ადგილზე. სხვა გართულება ან გვერდითი მოვლენა პრაქტიკულად არ აქვს ამ ვაქცინას. ყველაზე მძიმე, რაც თეორიულად შეიძლება მოხდეს, ეს არის ალერგიული რეაქცია, რომელიც ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ, სწორედ ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ 20-30 წუთი ადამიანი დარჩეს იქ, სადაც გაიკეთა ინექცია, რადგან იქ ყველაფერია იმისთვის, რომ გვერდითი მოვლენის შემთხვევაში პრობლემა აღმოიფხვრას”, – აცხადებს იმნაძე.
დეზინფორმაციის შედეგი?
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება ორი მთავარი მიზეზითაა გამოწვეული: 1. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩავარდა იმუნიზაციის პროგრამა და 2. დიდი ხანია უკვე, რაც ქვეყანაში მშობელთა კატეგორიული წინააღმდეგობის გამო უმცროსი ასაკის ყველა ბავშვის აცრა ვერ ხერხდება.
2008 წელს, საქართველოში წითელა-წითურა-ყბაყურაზე 6-დან 27 წლამდე ასაკის ერთი მილიონი ადამიანის აცრა იყო დაგეგმილი, თუმცა პროგრამა ჩავარდა და მხოლოდ 500 000 ადამიანის აცრა მოხერხდა. “ძალიან კარგი დასაწყისი იყო. პირველ დღეს 100 000 ადამიანი აიცრა, მეორე დრეს – 80 000. მესამე დღიდან კი ქართულ მედიაში აცრით გამოწვეული გართულებების შესახებ ისეთი კამპანია გაჩაღდა, რომ მეც კი შემეშინდა და ბუნებრივია, პროგრამა ჩავარდა”, – ამბობს იმნაძე
ქართულ საზოგადოებაში აცრების საწინააღმდეგო არაერთი მითი არსებობს. დღემდე საქართველოში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აცრა აუტიზმს იწვევს და ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
გეგმიურ აცრებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ზიანი ინგლისელი მეცნიერის, ენდრიუ უეკფილდის ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში 1998 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ მიაყენა, სადაც უეკფილდი ამტკიცებდა, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა აუტიზმს იწვევდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ კვლევა დაფინანსებული და ყალბი იყო. Lancet-მა ბოდიში მოიხადა და სტატიაც ამოიღო. ენდრიუ უეკფილდი დიდი ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციიდან გარიცხეს და ექიმობა აუკრძალეს. თუმცა, უეკფილდის სიცრუის “ვირუსული” შედეგი, რომელი ევროპამ და აშშ-მ ასე თუ ისე დაძლია, საქართველოში უფრო ძნელად დასამარცხებელი აღმოჩნდა. “წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემით რუსული პროპაგანდის მანქანაც დაინტერესდა. დადგინდა, რომ რუსული ტროლები ევროპაში სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ წითელასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას”,- აცხადებს იმნაძე.
ახლა საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს განიხილავს. ამ ცვლილებების მიხედვით, აცრები სავალდებულო გახდება. თუ მშობელი ბაღში ან სკოლაში ვაქცინაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების ჩატარების დამადასტურებელ საბუთს არ წარადგენს, ბავშვი სასწავლო პროცესზე არ დაიშვება. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
პარალელურად დროს არ კარგავს არც “აცრა და რისკფაქტორები”. ისინი სავალდებულო აცრის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და მასშტაბური აქციით იმუქრებიან.
ყველაფერი წითელას შესახებ
წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა. ის ადვილად ვრცელდება. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას და კანსა და ლოყის ლორწოვან გარსზე გამონაყარს. ის ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1000-დან ერთი შემთხვევაში წითელა ლეტალურად მთავრდება.
წითელას პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა.
გადაცემის გზები:
ვრცელდება ჰაეროვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინების და ხველების დროს. ასევე, ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.
სიმპტომები:
მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებზე და მთელ სხეულზე.
გართულებები:
პნევმონია (20 შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით. ორსულობის პერიოდში წითელა შესაძლებელია გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.
წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმიური აცრა ორჯერ ტარდება: 1 და 5 წლის ასაკში.
ერთი აცრა ადამიანს ამ დაავადებისგან მხოლოდ 85%-ით იცავს, ორი აცრა კი 98%-ით.
წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა საქართველოში 41 წლამდე უფასოა.
ბავშვებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი წლამდე ასაკია, მით უმეტეს მაშინ, თუ დედა აცრილი არ არის.
“როცა წითელა ემართებათ წლამდე ასაკში, ეს ნიშნავს რომ დედას არ აქვს იმუნიტეტი. თუ დედას აქვს იმუნიტეტი, ის გადასცემს ბავშვს და წლამდე ის ავად არ გახდება. წლის ასაკში კი წითელას აცრა გეგმიურად ეკუთვნის. თუ მანამდე დაემართა, შეიძლება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს. ამიტომ, ის ადამიანები, ვისაც 1-წლამდე ბავშვები ჰყავს, თვითონ უნდა აიცრან”, – ამბობს პაატა იმნაძე.