ცნობილი მსახიობი ერევნის მერის თანამდებობის აღსრულებას შეუდგა
გაიმართა ერევნის უხუცესთა ახლახან არჩეული საბჭოს – ანუ ქალაქის პარლამენტის პირველი სხდომა. ტრადიციის თანახმად, სხდომა საბჭოს ასაკით ყველაზე უხუცესმა წევრმა გახსნა. ახლა ეს არის ლილიტ პიპოიანი, რომელიც ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“ წარმოადგენს. გათვალისწინებული დღის წესრიგის თანახმად, მან თავმჯდომარეობა ახალ მერს გადასცა. ის ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერი, აიკ მარუტიანი გახდა.
უხუცესთა საბჭოს პირველი გადაწყვეტილებები
ქალაქის თვიმართველობის ორგანოს წევრთა პირველ სხდომაზე ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მერის ინაუგურაცია 13 ოქტომბერს ჩატარდეს.
ასევე აირჩიეს მერის მოადგილეები, და მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები.
თავად მარუტიანმა, რომელიც მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა, განაცხადა, რომ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველამ ქალაქის საკეთილდღეოდ უნდა იმუშაოს.
„აქ თქვენ დაუყოვნებლივ და მოურიდებლად უნდა გაახმაუროთ ერევნელებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი, ჩვენ კი მათ გადაწყვეტა უნდა მოვუძებნოთ.
ვინ გახდა ერევნის ახალი მერი
აიკ მარუტიანი – სომხეთში ცნობილი კომედიური მსახიობია. ის მრავალ ფილმშია გადაღებული. მაგრამ ბოლო ხანს მარუტიანი აქტურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, კერძოდ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში, გამოდიოდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. აიკ მარუტიანი რევოლუციის დღეებში მისი ლიდერის ნიკოლ პაშინიანის გვერდით იდგა და მხარს უჭერდა.
ნიკოლ პაშინიანის პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ერევნის მერის თანამდებობაზე სწორედ აიკ მარუტიანი უნდა გამხდარიყო მათი კანდიდატი. შესაბამისად, ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ სიაში ის პირველ ადგილს იკავებდა. არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელიც 23 სექტემბერს ჩატარდა, ბლოკმა 80%-ზე მეტი ხმა მიიღო და უხუცესთა საბჭოში 57 ადგილი დაიკავა, აიკ მარუტიანი კი ავტომატურად გახდა ქალაქის მერი – უხუცსთა საბჭოში დამატებითი კენჭისყრის გარეშე.
კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქის მერი უხუცესთა საბჭოს არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკური ძალის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ხდება, რომელიც მანდატების 40 ან მეტ პროცენტს აიღებს.
აიკ მარუტიანის დაპირებები
ერევნის ახლად არჩეული მერი პირობას დებს, რომ ერევნის ყველაზე არსებით პრობლემას – სატრანსპორტო საკითხს გადაჭრის. ის სთავაზობს, რომ შეიქმნას სახმელეთო ტრანსპორტის ერთიანი სისტემა, „მარშრუტკებისა“ და ხაზების მფლობელების გარეშე. მარუტიანის აზრით, ამ პროგრამის განხორციელებას ერთიდან სამ წლამდე დასჭირდება.
ის ასევე აპირებს, რომ მეტროს ახალი სადგურების მშენებლობის ინიციატივით გამოვიდეს, რაც ქალაქის ცენტრალური ქუჩების დატვირთვას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პიკის საათში ერევანი უკვე განიცდის ავტონაკადთან დაკავშირებულ პრობლემას. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ საიდან აპირებს ქალაქის თავი მეტროს სადგურების ასაშენებლად საჭირო თანხის მოტანას.
ის პრემიერ- მინისტრის კაცია
აიკ მარუტიანი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის პრიზმაში აღიქმებოდა. ქვეყნის მეთაური ასევე აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო რბოლაში და მხარს მარუტიანს უჭერდა.
საბოლოოდ, ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები სომხეთის ახალი ხელისუფლებისადმი ნდობის გამოცხადების რეფეერენდუმად გადაიქცა. არჩევნების შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მათ სასრგებლოდ მიცემული ხმების ასეთი მაღალი პროცენტი იმაზე მიუთითებს, რომ სომხეთში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება შეიცვალა.
საქმე ის არის, რომ დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შესაბამისად, ექსპერტებმაც აღნიშნეს, რომ მოცემულ მომენტში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მოქალაქეების უმრავლესობა ხმას ახალ ხელისუფლებას მისცემს.
რატომ გადადგა ყოფილი მერი ტარონ მარგარიანი
სომხეთის დედალაქში 2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი რევოლუციის შემდეგ მაშინვე დაიწყო საპროტესტო აქციები ქალაქის მერის ტარონ მარგარიანის გადადგომის მოთხოვნით.
ამის შემდეგ ერთ თვეში ტარონ მარგარიანით სახელმწიფოს უშიშროების სამსახური დაინტერესდა. გაირკვა, რომ მერიაში მშენებლობის ნებართვისა და ქონების გაფორმების სანაცვლოდ, ქრთამებს იღებდნენ.
შემდეგ სომხეთში ხმაურიანი მსჯელობა მიმდინარეობდა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ტარონ მარგარიანის სახელს უკავშირდებოდა. ჟურნალისტებმა მარგარიანის არადეკლარირებული შემოსავლების ირგვლივ გამოძიება ჩაატარეს, და მივიდნენ დასკვნამდე რომ ქალაქის თავს, მისი ხელფასით, ასეთი ქონების დასაგროვებლად 210 წელიწადი სჭირდებოდა. ჟურნალისტებმა ეს მასალები ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასცეს, ერევანში კი ისევ მიტინგები დაიწყო.
ვებგვერდზე ასევე ნახავთ: ეპოპეა ერევნის მერის გადაყენების შესახებ – დაწვრილებით
ორთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 9 ივლისს ტარონ მარგარიანი მაინც გადადგა. თუმცა, ის ჟურნალისტების წინაშე ჯერ არ გამოჩენილა და მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებაზე განმარტება არ გაუკეთებია.
გადადგომის შემდეგ მარგარიანი კიდევ ერთხელ დაიკითხა ეროვნული უშიშროების საბჭოში და მან სახლემწიფოს ბიუჯეტში დაახლოებით სამი მილიონი დოლარის დაბრუნების პირობა დადო.