შვიდი აზერბაიჯანელი სტუდენტი, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
შვიდი აზერბაიჯანელი სტუდენტი, კარანტინის გამო, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. მთლიანობაში ჩინეთში დაახლოებით 500-მდე აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს. განათლების სამინისტრომ ჩინეთიდან სახელმწიფო ხაზით განათლების მიმღები 62 სტუდენტი გამოიყვანა. ამის შესახებ, განათლების მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სიტყვებზე დაყრდნობით, ВВС იუწყება.
იმ შვიდ სტუდენტთან კავშირს მუდმივად ინარჩუნებენ და მათი გამოყვანის გზებს ეძებენ, – ამბობენ განათლებისა და საგარეო საქმეთ სამინისტროების წარმომადგენლები.
ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი უჰანი – კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელების ეპიცენტრია, რომლისგანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უკვე ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამჟამად ქალაქი გამსვლელთათვის სრულად ჩაკეტილია.
• უფრო დაწვრილებით კორონავირუსის შესახებ
• საქართველოს აეროპორტებში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ
• როგორ უწევენ სომხეთში დისკრიმინაციას აივ ინფექციითა და შიდსით დაავადებულ ადამიანებს
იმის თაობაზე, რომ ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ჩინეთი უკვე დატოვა, ჰყვება იქ მცხოვრები ელმარ აგაზადეც, რომელიც ბაქოში თავადაც ახლახან დაბრუნდა.
მისი თქმით, ჩინეთში მყოფი აზერბაიჯანელი სტუდენტების უმეტესობა პანიკაში არ ვარდება, არამედ „სიახლეებს მშვიდად ელოდებიან.“
ამავდროულად აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ „ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)-ის საწინააღმდეგო საპროფილაქტიკო ზომების გაძლიერების“ განკარგულება გასცა. ამ ბრძანების თანახმად, საავადმყოფოებმა პაციენეტებს, რომლებზეც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ეჭვი გაჩნდება, საგანგებო პალატები უნდა გამოუყონ და სხვა დამატებითი ზომები მიიღონ.
ჯანდაცვის სამინისტრო ასევე თანამშრომლობს საბაჟო კომიტეტთან – ისინი დაავადებით მოცული ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებში ვირუსის არსებობას ერთობლივად ამოწმებენ, და მათზე სამედიცინო დაკვირვებას აწარმოებენ.