ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს ემხრობა - ასე განაცხადა ერდოღანმა ბაქოში
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში საზეიმო აღლუმზე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ერდოღანის თქმით, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნაზე საუბარიც კი შეუძლებელია.
აღლუმი 1918 წელს ბაქოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანი-თურქეთის ჯარის გამარჯვების 100 წლისთავს ეძღვნებოდა. ამ ისტორიულ ეპიზოდს აქამდე რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება აქვს, მაგრამ აზერბაიჯანში 15 სექტემბერი ბაქოს განთავისუფლების თარიღად და არაოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. მათ შორის – ორი ქვეყნის მეგობრობის დღესასწაულადაც.
აღლუმში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კავალერიამ, სამხედრო ორკესტრმა და სამხედრო ტექნიკამ, ცაში კი აზერბაიჯანისა და თურქეთის მოიერიშეებმა, გამანადგურებლებმა და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებმა გაიფრინეს. ტექნიკა საზეიმოდ ჩაატარეს იმ მოედანზე, სადაც ტრიბუნებზე ორივე პრეზიდენტი და ოფიციალური პირები ისხდნენ. ბაქოს ბულვარი და მიმდებარე ქუჩები წინასწარ გაათავისუფლეს სხვა საზოგადოებისგან, ასე რომ, ბაქოელები აღლუმს მაღალი თანამდებობის სტუმრებს საკმაოდ მოშორებული მანძილიდან ადევნებდნენ თვალს.
სოციალურ ქსელებში დღესასწაულის დღეს აზერბაიჯანელი მომხმარებლები ერთმანეთს ისტორიულ ცნობებს უზიარებდნენ. 1918 წელი აზერბაიჯანის ისტორიაში იმდენად დატვირთული იყო მნიშვნელოვანი და არაერთაზროვანი მოვლენებით, რომ აქამდე იძლევა იმის შესახებ დავის საბაბს, თუ ვინ იყო მაშინ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მტერი ან მოყვარე.
მაგრამ სოციალური ქსელების ყველაზე მთავარ და მასობრივ ტრენდად უკვე აღლუმამდე ერთი დღე-ღამით ადრე იქცა ქალაქის ცენტრში გზების გადაკეტვა და შექმნილი საცობები.