ფილმები ტოლერანტობაზე - აზერბაიჯანში კინოფესტივალი IMAGINE დაიწყო
აზერბაიჯანში ევროპის რიგით მესამე ტოლერანტობის ფესტივალი IMAGINE დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში, 1-დან 15 მაისამდე ბაქოელები ტოლერანტობისა და კულტურული დიალოგის თემაზე შექმნილ დაახლოებით 30 მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ნახვას შეძლებენ. სწორედ ამ ფასეულობების პოპულარიზაცია წარმოადგენს ფესტივალის ძირითად მიზანს, რომელიც აზერბაიჯანში ევროპის კავშირის დელეგაციის მიერ არის ორგანიზებული.
გარდა კინოჩვენებებისა, ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე კონცერტი და ფოტოგამოფენა ჩატარდება. ფესტივალის პირველი ღონისძიება ჩილელ-ბელგიელი საქსოფონისტის მასელო მონკადას კონცერტი იყო – მან კონცერტი „იჩერი-შეჰერის“ მეტროს სადგურში გამართა.
ფესტივალის კინოპროგრამა
ფესტივალის კინოპროგრამაში ცნობილი ფრანგი, ლატვიელი, ფინელი, ბელგიელი და ნიდერლანდელი რეჟისორების ფილმები შევიდა.
აი, ზოგიერთი მათგანი:
„ვიოლონჩელისტი ქალი“ –ფინელი რეჟისორის პაავო ვესტერბერგის რომანტიკული დრამაა. ფილმის მთავარი გმირი ქალი იძულებული ხდება ვარსკვლავურ კარიერაზე უარი თქვას. ის მუსიკის პედაგოგი ხდება და ერთ-ერთი თავისი სტუდენტი უყვარდება. ამ ახალგაზრდასთან ქალს დიდი ასაკობრივი სხვაობა აშორებს, თუმცა მათ მუსიკისადმი ვნება აერთიანებთ.
„ქამელეონის შეფერილობა“ – ანდრეს ლიუბერტის დოკუმენტური ფილმია, და მოგვითხრობს მის მამაზე, სამხედრო ფოტოგრაფ ხორხე ლიუბერტზე, რომელიც პინოჩეტის დიქტატურის დროს ჩილედან გაიქცა. მრავალი წლის შემდეგ ის მიტოვებულ სამშობლოსა და ბნელ წარსულში ბრუნდება.
„საშკა“ – კატაჟინა ლესიშის მოკლემეტრაჟიანი პოლონური დრამაა, რომელიც ეტგარ კერეტის მიხედვით არის გადაღებული. 27 წუთის განმავლობაში ის მაყურებელს აცნობს ახალგაზრდა უკრაინელი ქალის ისტორიას, რომელმაც ფიქტიური ქორწინება გააფორმა, რათა პოლონეთის ვიზა მიეღო.
საფესტივალო პროგრამაში შესული ფილმების რეჟისორები მაყურებელს შეხვდებიან, მასტერ-კლასებს გამართავენ და სტუდენტებთან ექნებათ ურთიერთობა.
სხვა ღონისძიებები
მეტროში გამოსვლის გარდა, მარსელო მონკადა მუსიკალურ კოლექტივ Brasilidade-თან ერთად კონცერტს გამართავს ჯაზკლუბ „Ratunda“-ში. ეს კოლექტივი ბრაზილიელმა მუსიკოსმა კლაუდიო ფრანკომ აზერბაიჯანელ შემსრულებლებთან ერთად შექმნა.
ამავე ჯაზკლუბში ჩატარდება ესპანელი გიტარაზე დამკვრელის ელ-ამირას კონცერტი, რომელიც ფლამენკოსა და ხმელთაშუაზღვისპირულ მოტივებს უკრავს.
პორტუგალიელი მომღერალი მაგდა მენდესი კინოთეატრ „ნიზამიში“ გამოვა.
ორგანიზატორებმა ფართო აუდიოტორიისთვის ფესტივალის ხელმისაწვდომობაზე იზრუნეს, ამიტომ პრაქტიკულად ყველა ღონისძიებაზე შესვლა თავისუფალია.
წელს ფესტივალის სიახლედ ის იქცა, რომ ის „მიაღწევს“ ასევე აზერბაიჯანის დასავლეთში მდებარე ქალაქ განჯასაც – რამდენიმე ღონისძიება იქაც გაიმართება.
იმის გაგება, თუ სად და როდის შეიძლება ევროპულ ტოლერანტობასთან შეერთება, შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.imagine.az.