ფეხბურთი FIFA-ს გარეშე
ConIFA-ს ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ერთგვარი შვებაა იმ ნაკრებებისათვის, ვისაც მსოფლიო მასშტაბის დიდ ტურნირებში მონაწილეობის შანსი ჯერჯერობით არ აქვს.
სოხუმში ამ ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ასეთი მასშტაბური რომც არ ყოფილიყო (ფინანსები არ დაუზოგავთ), მის მიმართ საერთაშორისო მედიასაშუალებების ინტერესი მაინც გარანტირებული იქნებოდა, და ეს პოლიტიკური ასპექტებით უფრო აიხსნება, ვიდრე სპორტული მახასიათებლებით.
ConIFA-ს ტურნირთან დაკავშირებით დასავლურ მედიაში დამკვიდრდა კლიშე “არაღიარებული, ან საკუთარი ტერიტორიის არმქონე ქვეყნებისა და ხალხების ტურნირი.” სინამდვილეში კი, ეს ისეთი გუნდების ჩემპიონატია, რომლებიც “ფიფაში” ვერ მოხვდნენ.
უკვე დამოუკიდებლად არსებული აფხაზეთი, ჩრდილოეთი კვიპროსი, ქურთისტანი და სომალილენდი ამ ტურნირში მონაწილეობენ ისეთი ისტორიულ რეგიონებთან ერთად, რომლებსაც დამოუკიდებლობაზე არც კი უფიქრიათ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაპლანდიას ან რეციას, რომელთა გუნდებიც ამ ტურნირზე გამოდიან, იმაზე მეტის პრეტენზია ჰქონდეთ, ვიდრე ახლა აქვთ. ისინი დიდ პოლიტიკაში არ ერევიან – მათ პირველ რიგში, საკუთრივ ფეხბურთი აინტერესებთ.
“ეს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირია მათ შორის, რომელზეც არაფერი გსმენიათ“, – ასე დააანონსა ტურნირი ამერიკულმა გაზეთმა The Christian Science Monitor. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფრაზა აფხაზეთში ამჟამად მიმდინარე ამ ტურნირს ყველაზე ზუსტად განსაზღვრავს.
მართლაც ძალიან დიდია ინტერესი ამ ტურნირის მიმართ, რომელშიც თორმეტი ნაკრები მონაწილეობს. ჩემპიონატზე ასზე მეტი ჟურნალისტია აკრედიტებული. მატჩების ტრანსლაცია კი შეგიძლიათ არამხოლოდ ინტერნეტში, არამედ მრავალი ქვეყნის ტელეარხებზეც იხილოთ.
“ფიფამ”, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩემპიონატს და მასში მონაწილე ნაკრებებს არ აღიარებს, ტურნირზე თავისი წარმომადგენელი მაინც გამოგზავნა.
მონაწილე გუნდების სათამაშო კლასი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. ჯგუფური ეტაპიდანაც ჩანს, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდები ჰყავთ აფხაზეთს, ჩრდილოეთ კვიპროსს, დასავლეთ სომხეთს, პადანიას, ლაპლანდიასა და ქურთისტანს.
ამ ნაკრებებში წარმოდგენილები არიან სამაოდ კარგი ფეხბურთელები, რომელთაგან ზოგიერთი პრესტიჟულ ევროპულ ჩემპიონატებში ასპარეზობს. მათ გვერდით კი ერთმნიშვნელოვნად “მოყვარულთა” გუნდები მონაწილეობენ.
მაგალითად, с ჯგუფში აფხაზეთთან და დასავლეთ სომხეთთან გამართულ 2 შეხვედრაში ჩაგოსის კუნძულების ნაკრებმა გუნდმა 21 ბურთი გაუშვა ისე, რომ თავად ერთი გოლიც არ გაუტანია.
აფხაზებთან თამაშის დროს ადგილობრივ გულშემატკივრებს ისე შეეცოდათ ჩაგოსის უმწეოდ მოთამაშე ფეხბურთელები, რომ მთელი სტადიონი აზანზარდა შეძახილებით, – “ჩაგოს! ჩაგოს!”, – და გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს სრული სერიოზულებით მოსთხოვეს, აფხრიკელების კარში გოლი აღარ გაეტანათ.
გულშემატკივრების მოწოდებამ აფხაზ ფეხბურთელებზე ერთგვარი გავლენა იქონია და მოწინააღმდეგის კარში გატანილი 9 ბურთით დაკმაყოფილდნენ. თუმცა, კიდევ ორი ათეული ბურთის შეგდება შეეძლოთ.
ჩაგოსის ღირსებას იცავს ორი ფეხბურთელი – გვარად მანდარინი, რაც ადგილობრივ ენაკვიმატებს აფრიკელების ცუდი თამაშის მიზეზების ასახსნელად გამოადგათ. “ორი მანდარინი და არც ერთი ფორთოხალი. როგორ გინდა, ეთამაშო. თანაც, ციტრუსები ზაფხულს ვერ უძლებენ. არ არის მათი სეზონი.”
მაგრამ ძმები მანდარინებზე გაცილებით პოპულარულია იაპონიის კორეელების ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც, პასპორტის მიხედვით, მთლად აფხაზური სახელი და გვარი აქვს – შოთა აიბა. თავად მოთამაშე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთ პოპულარობას მოიხვეჭდა (ის მხოლოდ შეცვლაზე შევიდა მოედანზე). მან განაცხადა, რომ სახელი და გვარი ფსევდონიმი არ არის, მას მართლაც ასე ჰქვია.
მატჩის შემდეგ შოთა აიბაზე მზრუნველობა აიბების გვარის წარმომადგენლებმა იკისრეს და პირობა დადეს, რომ ტურნირის პირველივე პაუზის დროს მოაწყობენ საგვარეულო ნადიმს, რომელზეც შოთა აიბას თავის აფხაზ ძმებს წარუდგენენ.
თავის მხრივ, კორეელი ფეხბურთელიც, მისადმი გამოჩენილი ყურადღების გამო, მადლიერების ნიშნად, პირობას დებს, რომ შეისწავლის არამხოლოდ აფხაზეთის ისტორიას, არამედ აფხაზი აიბების გვარის წარსულსაც. თავის განზრახვის სერიოზულობის დასტურად, კორეელმა რამდენიმე აფხაზური სიტყვაც ისწავლა.
ზოგიერთი ადგილობრივი გულშემატკივრისთვის უსიამოვნო სიურპრიზად იქცა ისედაც ძლიერი დასავლეთი სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ორი ადგილობრივი ფეხბურთელის – არმენ კაპიკიანისა და რუსლან ტრაპიზონიანის გამოჩენა.
მით უმეტეს, რომ ეს გუნდი აფხაზეთისთვის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მთავარ კონკურენტად ითვლება.
“მათთვისვე იქნება უკეთესი, თუკი აფხაზეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დროს მოედანზე არ გამოვლენ”, – ამბობენ პატრიოტულად განწყობილი ადგილობრივი ფანები.
არმენ კაპიკიანი, ჩაგოსთან გამართული სანახაობის ერთ-ერთი გმირი, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში ოთხი ბურთი გაიტანა, შეცბუნებით აღნიშნავს, რომ აფხაზეთი მისი სამშობლოა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობს, მაგრამ არც დასავლეთი სომხეთია მისთვის უცხო, რადგანსწორედ იქიდან არიან მისი წინაპრები.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კაპიკიანი და ტრაპიზონიანი აფხაზეთის ნაკრების ვრცელ სიაშიც კი ვერ მოხვდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს მიწვევა დასავლეთი სომხეთის ნაკრების ხელმძღვანელობისაგან.
ადგილობრივი გულშემატკივრების უმრავლესობა ფეხბურთელთა არჩევანს გაგებით ეკიდება; თავად დასავლეთი სომხეთის ნაკრები კი სოხუმში ტრადიციული აფხაზური სტუმართმოყვარეობითა და ფრიად წარმომადგენლობითი სომხური დიასპორის მზრუნველობით მიიღეს, და სავსებით კომფორტულად გრძნობს თავს.
“სოჭის სომხურმა სათვისტომომ აეროპორტშივე მოგვიწყო დახვედრა, საზღვრამდე მიგვაცილა, და, როგორც იტყვიან, “ხელიდან ხელში” გადაგვცა აფხაზეთის დიასპორას, რომლის წარმომადგენლებმაც პირდაპირ სასტუმრომდე მიგვაცილეს. ასეთი გულისხმიერება ძალიან გვსიამოვნებს,” – ამბობს დასავლეთი სომხეთის ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანუშავან შახნაზარიანი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს