უკრაინის მოქალაქეობა რეფორმებისთვის: სად არიან დღეს უკრაინის ექსპატი-ჩინოსნები?
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე აღარ არის უკრაინის მოქალაქე. პეტრო პოროშენკომ მას შეუჩერა მოქალაქეობა, რომელიც თავადვე მიანიჭა. მაშინ , ღირსების რევოლუციის შემდეგ პოროშენკო უცხოელ რეფორმატორებს პასპორტებს ურიგებდა. 2015 წელს პასპორტები 978-მა ადამიანმა მიიღო, 2016-ში – 809 -მ. მათ შორის 131 – რუსია, 97 -სირიელი, 47 – ქართველი. ჰრომადსკოე იხსენებს, თუ რა ბედი ეწიათ უკრაინის მოქალაქეობის მიმღებ სახელმწიფო ჩინოსნებს.
ხატია დეკანოიძე
სააკაშვილის გუნდის წევრი. უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თავიდან შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი იყო. შემდეგ, 2015 წლის ნოემბერში უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით კიევის პოლიციის უმაღლესი სარდლობა 80%-ით განახლდა.
ერთი წლის შემდეგ დეკანოიძე გადადგა, და განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანები შესრულებულია, ხოლო რეფორმების დასასრულებლად მას საკმარისი უფლებამოსილება არ ჰქონდა.
2017 წლის მაისში ხატია დეკანოიძემ საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა და საქართველოში დაბრუნდა.
მარია გაიდარი
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 1990-იანი წლების რეფორმატორის ეგორ გაიდარის ქალიშვილი, რომელიც უკრაინაში 2015 წლის ივლისში გადავიდა. ის სოციალური პოლიტიკის საკითხებში ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოადგილე გახდა, და უკვე აგვისტოში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. გაიდარს პასპორტი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრი პოროშენკომ გადასცა. 2015 წლის შემოდგომაზე მარია გაიდარი ოდესის საოლქო საბჭოში ფრაქცია “პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ დეპუტატად აირჩიეს.
2016 წელს მარია გაიდარმა რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების თაობაზე თხოვნა გააგზავნა, 2017 წელს პეტრო პოროშენკომ გაიდარი თავის უშტატო მრჩევლად დანიშნა.
საშა ბოროვიკი
სააკაშვილის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, ლვოვის მკვიდრმა, საშა ბოროვიკმა 2011 წელს გერმანიის მოქალაქეობა მიიღო, და უკრაინულ პასპორტზე უარი თქვა. უკრაინის მოქალაქეობა მან 2015 წელს აღიდგინა, როდესაც ის ოდესისი საქალაქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. პარალელურად, ბოროვიკი სააკაშვილის მოდგილის მოვალეობის შემსრულებლადაც მუშაობდა.
2016 წელს ბოროვიკი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა: სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ჩინოსნებს, უკრაინულის გარდა, რაიმე სხვა მოქალაქეობის ქონას უკრძალავდა.
“… არსებობდა ხელმოწერა, რომ ბოროვიკი უკრაინის სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებდა, და სხვა მოქალაქეობას დათმობდა. მან ეს ვადებულება დაივიწყა“, – განაცხადა პოროშენკომ. ერთ წელიწადზე მეტ ხანს ბოროვიკი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას ის ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს, რადგან უკრაინული პასპორტის მიღების დროს ორმაგი მოქალაქეობა არ მიუღია და სხვა ქვეყნების სახელმწიფო სამსახურში არ ჩამდგარა“.
დავით საყვარელიძე
სააკაშვილის მოკავშირე საქრთველოში მუშაობის დროიდან, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის დასწყისში მიიღო. საყვარელიძე გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. მან პროკურატურაში არსებული კორუფციის ფაქტების გამოძიებით გაითქვა სახელი, კერძოდ – ეგრეთ წოდებული „ბრილიანტის პროკურორების“ საქმეებით. 2015 წელს საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურატურას ჩაუდგა სათავეში, მომდევნო წელს კი ორგანოებიდან გაირიცხა.
ამის შემდეგ სახელმწიფოს პოლიტიკური სამართველოს წევრ, ასევე თანამდებობიდან მოხსნილ კოლეგასთან ვიტალი კასკოსთან ერთად საყვარელიძემ შექმნა პარტია „ხვილია“ („ტალღა“), რომლის მთავარ ამოცანად მას კორუფციასთან ბრძოლა ესახებოდა. მოგვიანებით ის მიხეილ სააკაშვილის პარტიას „რუხ ნოვიხ სილს“ („ახალი ძალების მოძრაობა“) შეუერთდა.
ამ წლის მაისში სააკაშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე წერდა, რომ პრეზიდენტი პოროშენკო „თავისი მორიგი ავანტიურის განსახორციელებლად ქმნის ჯგუფს – ჩვენთვის, ქართველებისთვის, მოქალაქეობის ჩამოსართმევად“.
აივარას აბრამოვიჩუსი
უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ლიტველმა აივარას აბრამოვიჩუსმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო. გამონაკლისის სახით, ლიტვამ მას საკუთარი პასპორტის შენარჩუნების ნება დართო.
აბრამოვიჩუსი მინისტრის თანამდებობას ერთ წელიწადზე ცოტა მეტ ხანს იკავებდა, შემდეგ გადადგა და კორუფციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის შესახებ განაცხადა.
ის საცხოვრებლად კიევში დარჩა. მისი თქმით, ის უკრაინასა და საზღვარგარეთ ბიზნეს-პროექტების განხორციელებით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის არის დაკავებული. ის დამოუკიდებელი უკრაინელი მეწარმეების კავშირის დირექტორი გახდა და უკრაინის მოქალაქეობა შეინარჩუნა.
ეკა ზღულაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ეკა ზღულაძე უკრაინაში 2014 წლის ბოლოს გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა არსენ ავაკოვმა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვა. ზღულაძეს პასპორტი პრეზიდენტმა გადასცა, შემდეგ კი ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
2016 წლის მაისში ის თანამდებობიდან წავიდა, თუმცა პირობა დადო, რო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას გააგრძელებდა და არსენ ავაკოვის მრჩეველთა საგანგებო ჯგუფს ჩაუდეგებოდა სათავეში. მაგრამ, მოგვიანებით ის საფრანგეთში, ქმართან გაემგზავრა.