"ტრანსფერტდამოკიდებულების" საშველი
ფულადი გადარიცხვები ,ანუ იგივე ტრანსფერტები,ძალიან კარგია იქამდე, ვიდრე რიცხავენ. ასე იწყება ბრიტანული The Economist-ის სტატია, რომელიც რუსეთიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში გადარიცხულ ფულს ეხება.
ცხადია, ტრანსფერტები სომხეთში არ შეწყვეტილა, თუმცა მკვეთრად კი შემცირდა _ განსაკუთრებით 2015 წელს. და მაინც აშკარად ცუდი მდგომარეობაა შექმნილი _ იმიტომ კი არა , რომ ფულადი გადმორიცხვები შემცირდა, ცუდი ის უფროა, რომ ქვეყანა ამ თანხებზე ძალიან არის დამოკიდებული.
ამ დამოკიდებულების გამო, უკვე აზრიც აღარ აქვს, იზრდება თუ კლებულობს ტრანსფერტების მოცულობა. ორივე შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალია. ამჟამად პრობლემები იმიტომ იქმნება, რომ, ტრანსფერტების მოცულობის შემცირების გამო, შიდა მოხმარება მცირდება და ეს ყველაფერი ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს; 2000-იანი წლების ბოლოს ყველაფერი პირიქით ხდებოდა – ტრანსფერტების მოცულობა იზრდებოდა, რის შედეგადაც დრამი მყარდებოდა და ადგილობრივ მეწარმე-ექსპორტიორებს ზიანი ადგებოდათ.
ეს დაავადება, რომელიც ნარკოტიკულ დამოკიდებულებას ჰგავს, პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა სახელმწიფოს შეეყარა (ცხადია, ყველას განსხვავებული სიმძიმით). ნარკომანებსაც იგივე სჭირთ _ თუკი საჭიროზე ნაკლებ დოზას მიიღებენ, საშინელ მდგომარეობაში ვარდებიან, ნარკოტიკული შიმშილი ეწყებათ, ზედოზირებამ კი შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს კიდევ ერთი საერთო აქვთ _ თითქმის ყველა მათგანისთვის ფულად გზავნილების მთავარი წყარო რუსეთია და ამიტომ, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება თითქმის ყველაზე აისახა.
იმის შესაფასებლად, თუ რა ხარისხითაა „ტრანსფერტდამოკიდებული“ ესათუის ქვეყანა, მეტნაკლებად მისაღები მეთოდია გადარიცხვებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ურთიერთდამოკიდებულების დადგენა’.
წინასწარი მონაცემებით, სომხეთში 2015 წელს ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს შეადგენდა. გასულ წელს საზღვარგარეთ მცხოვრებმა სომხებმა სამშობლოში დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი გამოგზავნეს (მხოლოდ რუსეთიდან 1 მილიარდი გადმოირიცხა), ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კი 10,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
წინა, 2014 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 11,6 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ კი 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამდენად, გადმორიცხვებისა და მთლიანი შიდა პროუქტის შეფარდებამ 18 პროცენტს გადააჭარბა. ამ მონაცემის შემცირება, არა მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების ზრდით, არამედ ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებით არის გამოწვეული. 2015 წელს ფიზიკური პირებისგან რუსეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა, რაც სომხეთივით მცირე ზომის ეკონომიკისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, სომხეთის მდგომარეობა სახარბიელოდაც შეიძლება მივიჩნიოთ. არსებულ სიტუაციას ასახვს ეს გრაფიკი, რომელსაც საფუძვლად დაედო მთლიანი შიდა პროდუქტისა და ფულადი გადმორიცხვების მონაცემები. ეს მაჩვენებლები დამოუკიდებლად, სხვასხვა წყაროდან მოვიპოვეთ.
ჩანს,რომ ტრანსფერტებზე დამოკიდებულების მხრივ ტაჯიკეთი ლიდერობს _ ტაჯიკი შრომითი მიგრანტების მიერ 2015 წელს სამშობლოში გადარიცხულმა თანხებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 32,5% (დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ყირგიზეთში ეს მაჩვენებელი 20,3 პროცენტს (დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი) შეადგენს, მოლდოვაში კი _ 17,4 პროცენტს (1,1 მილიარდი დოლარი).
ეს შეფარდება საქართველოში საკმაოდ დაბალია და 7,6 პროცენტს უდრის, თუმცა, თუკი მდგომარეობას აბსოლუტური სიდიდეებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებმა შინ, მოლდაველების მსგავსად, 1,1 მილიარდი დოლარი გაგზავნეს.
აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა და მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს. თუმცა, საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელებიც საკმაოდ დიდ თანხებს რიცხავენ სამშობლოში. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1,2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. საქმე ისაა, რომ ნავთობის წარმოების წყალობით, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (დაახლოებით, 63 მილიარდი დოლარი). იგივე სურათია ნავთობითა და გაზით მდიდარ თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნების შემთხვევაში, სხვა სახის ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. ნავთობით მდიდარი სახელმწიფოების ეკონომიკური კეთილდღეობა ნავთობპროდუქტებზეა მიბმული, რაც ტრანსფერტულ გადარიცხვებზე ნაკლებ პრობლემებს არ ქმნის.
როგორც უკვე ითქვა, 2015 წელს საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების მოცულობა ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანაში შემცირდა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, რუსეთში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობაა.
საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობა 25 პროცენტით შემცირდა, აზერბაიჯანში _ 30,8 პროცენტით, ტაჯიკეთში _ 33,3 პროცენტით, ყირგიზეთში _ 26,6 პროცენტით, მოლდოვაში კი _ 30 პროცენტით.
მთლიანობაში, რუსეთის მონაცემების მიხედვით, ფიზიკური პირების მიერ დსთ-ს წევრ ქვეყნებში დაახლოებით 8 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაირიცხა. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს რუსეთიდან ამ გზით 18,3 მილიარდი დოლარი გავიდა.
ბუნებრივია, რომ ასეთმა მკვეთრმა შემცირებამ ყველას თავსატეხი გაუჩინა. ყველაზე დიდი პრობლემა კი იმ ქვეყნებს შეექმნათ, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული ფულად გადარიცხვებზე.
ამბობენ, რომ პრობლემები, თავისთავად, კარგის ნიშანი არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლებლობებს აჩენს, დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, შეცდომების დანახვასა და მათ გამოსწორებაში გვეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა კი ისაა, რომ ეკონომიკის გასაჯანსაღებლად აუცილებელია სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების დაწყება და დამოკიდებულების ხარისხის შემცირებაა. ამდენად, არა კოსმეტიკური ცვლილებები, არამედ რეალური რეფორმების გატარების ნება და „ტრანსფერტდამოკიდებულებისგან“ თავის დაღწევაა საჭირო.
აუცილებელ ზომებს თუ მივიღებთ,ის ქვეყნები, რომლებსაც დღეს ეს პრობლემა უდგათ, დროთა განმავლობაში მოგებული დარჩებიან, რადგან უფრო ძლიერ, თანამედროვე ეკონომიკურ სისტემებს დანერგავენ. და თუ ეს ზომები ფიქტიურ ხასიათს მიიღებს და უბრალოდ ქაღალდზე დარჩება, დამოკიდებულება კიდევ უფრო მოიმატებს, და საბოლოოდ მკურნალობის უარმყოფელი ნარკომანების ბედს გავიზიარებთ.
გამოქვეყნებულია 22.03.2016