ტრამპის მრჩეველმა აზერბაიჯანში ბევრს იმედი გაუცრუა, რადგან ერთდღიანი ვიზიტის დროს ადამიანის უფლებებს არ შეეხო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი 24 ოქტომბერს, კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს შეხვდა. საუბარი ძირითადად რეგიონულ პრობლემებს, ყარაბაღის კონფლიქტსა და ტერორიზმთან ბრძოლას შეეხებოდა. მაგრამ ადგილობრივი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისთვის მნიშვნელოვანი თემას – აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს ფაქტობრივად არ შეხებიან.
პრესკონფერენციაზე, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს მოჰყვა, ჟურნალისტებმა ბოლტონს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ის ალიევს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ. ბოლტონმა ბუნდოვნად უპასუხა: „იყო ძალიან პროდუქტიული დიალოგი“, და არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც აზერბაიჯანსა და აშშ-ს შეუძლიათ ითანამშრომლონ და ერთმანეთისგან ისწავლონ“.
2014 წელს რადიო „თავისუფლების“დახურული ოფისის ბედთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ბოლტონმა თქვა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტთან ერთად არ განუხილავს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ციტატა მოიხმო: „აშშ არ აპირებს, რომ სხვა ქვეყნებს ლექციები წაუკითხოს“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიოს ლიდერები ბაქოში ჩამოდიან და ადამიანის უფლებების დარღვევის თემას იგნორირებას უკეთებენ, თუმცა, დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტებისთვის ეს გასაკვირი აღარ არის – 2017 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში 150-ზე მეტი პოლიტპატიმარი იყო, და ქვეყანა, სიტყვის თვისუფლების რეიტინგში რეგიონში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.
ბოლტონისთვის აზერბაიჯანში ჩამოსვლის მიზეზს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და, კერძოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციები წარმოადგენდა. ადამიანის უფლებები – ეს საჩოთირო თემაა, და შესაძლოა, ბოლტონი ამ საკითხებს იმის გამო არ შეეხო, რომ უსაფრთხოების საკითხში აზერბაიჯანის მთავრობასთან თანხმობისთვის მიეღწია“, – უთხრა JAMnews-ს ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს მმართველობის წევრმა ნატიგ ჯაფარლიმ.
ტრამპის მრჩეველს ასევე არ ჩამოუტანია ახალი წინადადებები არც ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად. მეტიც, მან განაცხადა, რომ რეგიონში იმისთვის არ ჩამოსულა, რომ ამ რეგიონში აშშ-ს პოლიტიკა შეცვალოს, მაგრამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან ის ერთადერთი სამხრეთკავკასიური ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ირანსა და რუსეთს ესაზღვრება.