სოხუმში ისტორიის სახელმძღვანელოების სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი იწყება
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთში დასრულდა ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის პირველი ეტაპი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.
სახელმძღვანელოს ავტორები – ორი ავტორიტეტული მეცნიერი – სტანისლავ ლაკობა და ოლეგ ბგაჟბა, დაავალდებულეს, შეცვალონ ერთი თავი, რომელიც 2014 წლის კრიზისს ეხება.
თუმცა, მეცნიერებმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში.
პრობლემატური გახდა მე-10-მე-11 კლასების სახელმძღვანელო, „აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან ჩვენს ერამდე“.
თავი, რომლის გამოც სახელმძღვანელო სასამართლოში მოხვდა, 2014 წლის მაისის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ეთმობა. მაშინ ოპოზიციის საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლის აღებით დასრულდა, რის შემდეგაც, აფხაზეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი, გუდაუთაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე დაიმალა და მოგვიანებით ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.
2018 წელს, სასამართლოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლეონიდ ლაკერბაიამ მიმართა. ის ამ პოსტს სწორედ იმ პერიოდში იკავებდა – 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისის ბოლომდე.
ლაკერბაიამ მეცნიერები მოვლენების განზრახ დამახინჯებულ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელში იყო იმ პარაგრაფების რედაქტირების მოთხოვნაც, რომელშიც მოთხრობილი იყო მის მოქმედებებზე იმდროინდელი პოლიტიკური კრიზისის დროს.
ლაკერბაიამ მიიჩნია, რომ სახელმძღვანელოს ავტორებმა მისი ქმედებები ცრუ და უარყოფითი კუთხით წარმოაჩინეს. ფაქტობრივად, პრეტენზიები მხოლოდ ერთ ფრაზას უკავშირდება:
„შექმნილ სიტუაციაში, 2014 წლის 29 მაისს, აფხაზეთის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ლ. ლაკერბაიას, რომელმაც ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში დადო თანამდებობის დატოვების პირობა“.
სასამართლო სარჩელში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ მას არანაირი პირობა არ დაუდია და სახელმძღვანელოში შეტანილი ფრაზა უარყოფითად მოქმედებს მის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციაზე.
გასული ერთი წლის განმავლობაში, სასამართლომ მოუსმინა დაცვისა და ბრალდების მხარის ყველა მოწმეს, ამასთან, ჩაატარა ლინგვისტური ექსპერტიზა და დაეთანხმა მოსარჩელეს.
სასამართლომ განათლების სამინისტროს დაავალა, „ერთი თვის განმავლობაში ამოიღონ სახელმძღვანელოდან მოსარჩელის რეპუტაციის შემლახველი წინადადება, ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები, ლაკობა და ბგაჟბა კი დაავალდებულა, საჯაროდ უარყონ მათ მიერვე გამოქვეყნებული ინფორმაცია“.
„ინფორმაციის წაშლა უნდა იყოს გაგებული, როგორც მისი შემდგომი გაცნობის შესაძლებლობის შეზღუდვა“, – წაიკითხა სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბელა ხასაიამ.
სასამართლომ არ განმარტა, როგორ უნდა ამოიღონ ერთი ფრაზა ისტორიის სახელმძღვანელოს რვა ათასი ეგზემპლარიდან.
თუმცა, საქმე დასრულებული არ არის, რამდენადაც სახელმძღვანელოს ავტორებმა გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს.
2018 წელს, ამ საქმემ რამდენიმე აფხაზი მეცნიერის აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც გაავრცელეს ღია წერილი და უკმაყოფილება გამოთქვეს თვითონ სასამართლო გარჩევის ფაქტთან დაკავშირებით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო