შენგენის ზონის ქვეყნების საელჩოებმა 2015 წლის განმავლობაში 57787 განცხადება მიიღეს, რომელთაგან 7105 უარყოფილია. ამის შესახებ გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, როდესაც მან ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივების შეთანხმების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ვიზების მიღების მსურველთა განცხადებების რაოდენობამ, წინა წლებთან შედარებით, მოიმატა, რადგან 2012 წელს სომხეთმა ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ძალაში შევიდა, უარის რაოდენობამაც იმატა:
2012 წელს ვიზის გაცემაზე უარი ეთქვა განმცხადებელთა 8%-ს, 2015 წელს კი – 12%-ზე მეტს. სტეპან გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოქალაქეებს ვიზის გაცემაზე უარს, ძირითადად, იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ ისინი საელჩოში ყველა საჭირო საბუთს არ წარადგენენ: „ადამიანები მიდიან საელჩოში, და მათ ეკითხებიან: “რა მიზნით მიემგზავრებით?“ პასუხობენ: „ჩემი ძმა იქ ცნობილი კაცია, კარგად ცხოვრობს“. არადა, აღმოჩნდება, რომ სამეცნიერო კონფერენციაზე მიდის. კანონის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, შესაბამისი საბუთების წარდგენა“.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სომხეთი ახლანდელი სიტუაციით არ უნდა დაკმაყოფილდეს. მან, საქართველოს მსგავსად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი. ამის წყალობით, გარდა იმისა, რომ სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ, ქვეყანაში დემოკრატიის დონე ამაღლდება და ადამიანის უფლებათა სისტემა ამოქმედდება.