სომხეთის ხელისუფლებამ დღეს მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმად, უნდა გაუქმდეს მოთხოვნა, რომელიც ახალწვეულის მიერ ჯარში სამსახურის საცხოვრებლიდან არანაკლებ 150 კილომეტრის დაშორებით გავლას გულისხმობდა.
„სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის“ შესახებ კანონპროექტი მთავრობაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წარდგინა.
თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა განმარტა, რომ სახლიდან, სულ მცირე, 150 კმ-ის დაშორებით სამხედრო სამსახურის გავლის მოთხოვნა ადრე რიგი მიზეზების გამო შემოიღეს, კერძოდ, დისციპლინის დასამყარებლად. როგორც ჩანს, ახალწვეულებს ამ გზით შინ გაქცევის ცთუნებას არიდებდნენ.
ახლა ახალწვეულის სამსახურის გავლის ადგილი კენჭისყრით განისაზღვრება. და, მინისტრის თქმით, შეირაღებული ძალები უკვე საკმაოდ შემდგარია საიმისოდ, რომ „სამხედრო ნაწილებში აღნიშნული პრობლემები გადაწყდეს, და არ არსებობს იმის მიზეზები, რომ მოქალაქეებმა კენჭისყრის შედეგების მიხედვით სახლთან ახლოს სამსახური ვერ შეძლონ“.
უქმდება ასევე პირობები, რომელთა თანახმად, სახლთან ახლოს სამსახურის უფლება ჰქონდათ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ახალწვეულებს, რომლებიც ასეთებად ოჯახური ან სხვა გარემოებების გამო იყვნენ მიჩნეულები.
სარგსიანის თქმით, ეს პრივილეგია რეალურად არაფრის მომცემი არ იყო. მისი მიზანი ახალწვეულისთვის ოჯახთან ურთერთობის გაიოლება იყო. თუმცა, სამსახურის დროს ჯარისკაცებს ამის საშუალება მაინც არ აქვთ. ხოლო მშობლებს ბოლო ხანს პერიოდულად ეძლევათ იმის საშუალება, რომ სამხედრო ნაწილებში თავიანთი შვილები მოინახულონ. ერევნის მერიასთან და საოლქო ადმინისტრაციებთან ერთად განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, მშობლები იმ სამხედრო ნაწილებში ჩაჰყავთ, სადაც მათი შვილები მსახურობენ.
ვიგენ სარგსიანის თქმით, განსაკუთრებული კატეგორიის ახალწვეულები, სახლთან ახლოს სამსახურის უფლების ნაცვლად, სხვა პრივილეგიებს მიიღებენ, კერძოდ – გათავისუფლდებიან სამხედრო მორიგეობისგან (ლაპარაკია საზღვრისპირა საგუშაოგებზე) – გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ისინი თავად გამოთქვამენ საბრძოლო პოსტზე სამსახურის სურვილს.