სომხეთში ავტოდილერები საპროტესტო აქციებს მართავენ
სომხეთში ნამდვილი საავტომობილო ბუმია. 2019 წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე ქვეყანაში 140 ათასი ავტომობილი შეიტანეს. საქმე ისაა, რომ 2020 წლიდან ავტომობილების განბაჟების ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს. თანაც ცვლილებები -არამხოლოდ ავტოლიდერებს, არამედ ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
საბაჟო გადასახადები გაიზრდება განსაკუთრებით ძველი მანქანებისთვის, რომლებსაც ახლა იაფად ყიდულობენ და ქვეყანაში დიდი რაოდენობით შეაქვთ, რათა შემდეგ შეაკეთონ და ამით მოგება ნახონ.
ავტოდილერები ახლა მეორე ქალაქ გიუმრიში, საბაჟოზე მანქანების განბაჟების წინააღმდეგ მართავენ პროტესტს, სადაც მათ ძველი მანქანები, ხშირად საბურავების გარეშე, უნდა გადაიყვანონ, ევაკუატორებში ფული უნდა დახარჯონ და რიგებში ჩადგნენ.
ყველა დეტალი იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა სომხეთის ავტოსამყაროში
• ერევანში ფაშინიანისა და პუტინის პირდაპირი დიალოგი შედგა
• სომეხი შრომითი მიგრანტები რუსულ პენსიას მიიღებენ
• რა პირობით დათანხმდება სომხეთი აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას?
ევრაზიის კავშირი და საბაჟო გადასახადების გათანაბრება
სომხეთი ძველი მანქანების ერთგვარ „სასაფლაოდ“ გადაიქცა, რადგან 2020 წლიდან ძალაში შევა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგლამენტი, რომელიც, უკვე 5 წელიწადია, ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებში მოქმედებს. შედეგად, სომხეთში შეტანილი 800 დასახელების საქონლის საბაჟო გადასახადი, მათ შორის ავტომობილებისაც, მნიშვნელოვნად გაიზრდება. საუბარია იმ საქონელსა და ავტომობილებზე, რომლებიც სომხეთში არა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან შევა.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს.
ორგანიზაცია თავის წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.
2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ავტომატურად ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი გახდა.
იმავე 2015 წელს გადაწყდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში საბაჟო გადასახადების გათანაბრება. ამ პროცესის საბოლოო მიზანი საერთო ბაზრის ჩამოყალიბება უნდა გახდეს.
სომხეთში საბაჟო გადასახადების გაზრდა გადაიდო, ანუ ზოგიერთი საქონლისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ივარაუდებოდა, რომ 2020 წლამდე სომხეთის ხელისუფლება ცვლილებებთან ქვეყნის ეკონომიკის ადაპტირებას შეძლებდა.
მაგრამ ახლა უკვე, სომხეთში არა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან შესული საქონლის იმპორტთან დაკავშირებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საზღვარზე მაღალი საბაჟო გადასახადები იქნება გადასახდელი. ამრიგად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან შესულ საქონელს კონკურენტული უპირატესობა ექნება.
რის წინააღმდეგ გამოდიან ავტოდილერები
საბოლოოდ, 2015 წლიდან 2020 წლამდე სომხეთში მანქანის საბაჟო გადასახადი, მოტორის მოცულობისა და სიძველის მიუხედავად, 10%-ის დონეზე დარჩა. მაგრამ მომავალი წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, რაც გახდა კიდეც აჟიოტაჟის მიზეზი.
გარდა ამისა, ქვეყანაში შეტანილია ცვლილებები საკუთრივ „განბაჟების“ პროცესშიც.
2019 წელს გიუმრიში ახალი საბაჟოს აშენება გადაწყდა.
ეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივ მძღოლებსა და სომეხ ავტოდილერებს არ მოეწონათ. ბევრს ხელისუფლების ეს ინიციატივა უაზრობად მიაჩნია, ახალი საბაჟოს მშენებლობისთვის გამოყოფილი დაფინანსება კი – ფულის ტყუილად ფლანგვად.
11 ნოემბერს ავტოდილერებმა დედაქალაქის განაპირას მდებარე საბაჟოსთან აქცია მოაწყვეს და გზა გადაკეტეს.
ავტომოყვარულები თავიანთ პროტესტს იმით ხსნიან, რომ გიუმრიში ჩასვლა საკმაოდ პრობლემურია. ავტოდილერებს გიუმრიში ან მეგრიში ავტომობილების საბაჟო გაფორმებისთვის ჩასვლა არ სურთ, ვინაიდან ეს მათ ხარჯებს ზრდის და დამატებით დროს ართმევს.
„შემოტანილი მანქანების უმეტესობა მწყობრში არ არის, დამტვრეულია. ჩვენ ისინი გიუმრიში ევაკუატორით უნდა ჩავიტანოთ, დღეების განმავლობაში რიგში ვიდგეთ, რათა განბაჟება მოვახდინოთ, შემდეგ კი ისევ ევაკუატორით ერევანში ჩავიტანოთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პროტესტანტებმა თავიანთი უკმაყოფილება იმით ახსნეს, რომ გიუმრიში საბაჟოზე ელემენტარული პირობებიც კი არ არის. გარდა ამისა, იქ ჩასვლა რთულია, რადგან გზები ცუდ მდგომარეობაშია, ავტომობილების უმეტესობა კი იმპორტიორებამდე საერთოდ საბურავების გარეშე აღწევს.
ავტომობილების ფანჯრებზე მიმაგრებული იყო პლაკატები წარწერებით: „გიუმრიში ჩასვლა არ გვსურს“!
მომიტინგეთა თქმით, გიუმრის საბაჟოზე რიგში 320-330 ავტომობილი დგას. განბაჟების ნელი პროცედურის გამო, ადამიანები იძულებულები არიან საკუთარი და ოჯახის ყველა საქმე მიატოვონ.
„როდესაც საბაჟოს ახალი შენობები მზად იქნება და სამუშაო ცვლები ორგანიზდება, ასეთი რიგები არ დადგება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ შესაბამისი პირობები არ შექმნეს. შენობა, გზები ამ დროისთვის მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მზად არ არის. და როდესაც მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების დღე დადგა, უბრალოდ გიუმრიში გაგვიშვეს“, – აღშფოთებით ამბობდა სიტუაციით უკმაყოფილო ერთ-ერთი ავტოდილერი.
გიუმრიში საბაჟოს მშენებლობის ვადები
საუბარი იმის თაობაზე, რომ ავტომობილების საბაჟო გიუმრიში უნდა გადაეტანათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. 1 აგვისტოს სომხეთის მთავრობამ ავტომობილების საბაჟო გაფორმების პუნქტის ნორაგავიტიდან, ანუ ერევნის გარეუბნიდან, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება ჩრდილოურ დედაქალაქში ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურებით ახსნა.
სხვათა შორის, იქამდე სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ანანიანის დაპირებით, საბაჟოზე სამშენებლო სამუშაოები 11 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ უკვე 16 ოქტომბერს ჟურნალსიტებთან საუბრისას მან აღიარა, რომ ეს ვადები, სამშენებლო სამუშაოების მოცულობის გაუთვალსიწინებლად, თავად დაადგინა.
ანანიანმა პირობა დადო, რომ გიუმრის საბაჟოს ექსპლუატაციაში უკვე ნოემბერში ჩააბარებენ, რაც, ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, მოხდა კიდეც.
როგორ შოულობენ ფულს რიგებით
9 ნოემბერს სომხეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიუმრის მცხოვრებლებმა საავტომობილო საბაჟოს რიგებით ფულის შოვნის გზას მიაგნეს. ისინი საბაჟოს რიგს წინდაწინ იკავებენ, შემდეგ კი ამ ადგილებს 20 ათას დრამად(დაახლოებით $40) ყიდიან – რიგის დასაწყისში, და 10 ათასად (დაახლოებით $20) – შუაში.
ეს სიტუაცია იმის გამო წარმოიშვა, რომ ავტომობილების მფლობელებს მათ განსაბაჟებლად გიუმრიში რამდენიმე დღის გატარება უწევთ. და რადგანაც აქაურ სასტუმროებში თავისუფალი ადგილი ხშირად არ არის, ადამიანები იძულებულები არიან საკუთარ მანქანებში გაათენონ.
მართალია, უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქალაქის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო იმ მოქალაქეების გამოვლენა, რომლებმაც ასეთ სიტუაციაში ფულის შოვნა დააპირეს.
საბაჟო გადასახადები უცბად არ გაიზრდება
თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ავტომობილების საბაჟო გადასახადები უკვე 2020 წლის 1 იანვრიდან გაიზრდებოდა.
თუმცა, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ იანვარში ავტოდილერები კიდევ შეძლებენ დეკემბრის ფასებით მანქანების იმპორტირებას.
საბაჟო სამსახურის პოლკოვნიკმა, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შუშანიკ ნერსისიანმა ეს იმით ახსნა, რომ მათ კანონისთვის „გვერდის ავლა“ შეძლეს.
„ჩვენ კანონში აღმოვაჩინეთ „ხვრელი“, რომელსაც იმ ადამიანების შეშფოთების გაფანტვა შეუძლია, რომლებიც სომხეთში ავტომობილების იმპორტით არიან დაკავებულები, და ეშინიათ, რომ მანქანის გვიან ჩამოსვლის შემთხვევაში, 31 დეკემბრამდე განბაჟებას ვერ მოასწრებენ. თითქმის 100 პროცენტით გარწმუნებთ, რომ მოქალაქეებს იანვარში ამ მანქანების დეკემბრის ფასებით განბაჟების შესაძლებლობას მივცემთ“, – განმარტა მან.
ცოტაოდენი სტატისტიკა
ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა მიქაელ მელქუმიანმა 12 ნოემბერს სომხეთში მანქანების იმპორტის სტატისტიკა წარადგინა:
• 2017 წელს იმპორტირებულია 34 ათასი მანქანა;
• 2018 წელს – 64 ათასი;
• 2019 წელს –1 ნოემბრის მდგომარეობით – 140 ათასი.
მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 180-185 ათასს მიაღწევს.
„მოცემულ მომენტში სახელმწიფო ბიუჯეტმა 150 მილიონის ოდენობის საბაჟო გადასახადი და დღგ მიიღო, წლის ბოლომდე კი 250 მილიონს მიიღებს“, – თქვა მელქუმიანმა.