სომხეთში პირველი შვილისთვის გამოყოფილი შემწეობა 6-ჯერ იზრდება
სომხეთში მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პირველი შვილისთვის გამოყოფილი შემწეობა 6-ჯერ გაზარდოს. ახლა 50 ათასის ($103) ნაცვლად, ახალშობილების მშობლები 300 ათას დრამს ($619) მიიღებენ. მთავრობა ამ გზით ქვეყანაში შობადობის სტიმულირებას და ქვეყნისთვის დეპოპულაციის საფრთხის აცილებას ცდილობს – იმ ეტაპის, როდესაც სიკვდილიანობა, შესაძლოა, შობადობას აჭარბებდეს.
• მარტოხელა დედები სომხეთში: ქალები, რომლებმაც ტრადიციის დარღვევა გაბედეს
• საკუთარი სხვისი ბავშვი: სუროგატული დედობა სომხეთში
კიდევ რა ცვლილებები მოხდა
დემოგრაფიული სიტუაციის საბჭოს სხდომაზე მომავალი რეფორმების თაობაზე ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა.
პირველი ბავშვისთვის გამოყოფილი შემწეობის გარდა, მთავრობამ იმ თანხის გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც მეორე შვილისთვის ეძლევათ. ახლა ამავდროულად მეორე შვილისთვის გადახდილი თანხა ასევე 300 ათას დრამს ($619) უტოლდება – ადრინდელი 150 ათასის ($309) ნაცვლად.
ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომუშავე დედებისთვის განსაზღვრული შემწეობა 41%-ით გაზარდოს – 18 ათასიდან ($37) 25 500 ათას დრამამდე ($52).
დადებითი ცვლილებები სოფლის თემებსაც შეეხო. იქ შემოღებული იქნება ახლებური შემწეობა – ორ წლამდე ბავშვების დედები ყოველთვიურად 25 500 დრამს ($52) მიიღებენ.
რეფორმის მომდევნო პუნქტი საბავშვო ბაღებში რიგების გაუქმებას ეხება. ამავდროულად, საბავშვო ბაღებში ბავშვების დატოვება შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 08:30 -დან 19:00-მდე, რაც მომუშავე მშობლებისთვის არსებითია.
„დავამატებდი, რომ ეს პროგრამები – მხოლოდ დასაწყისია. 2021 წლიდან ახალი ეროვნული იდეოლოგია უნდა განვიხილოთ… 2021 წლიდან ჩვენ საშუალო მაჩვენებლად უნდა გვქონდეს ყოველ ოჯახში სამი ბავშვი. და ყველა ჩვენი პროგრამა იქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სომხეთში ყოველ საშუალოსტატისტიკურ ოჯახს სურდეს და შეძლოს თავს უფლება მისცეს, როგორც მინიმუმ, სამი ბავშვი იყოლიოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.
რას უკავშირდება რეფორმები
სომხეთი დემოგრაფიულ კრიზისამდე მივიდა და მუდმივად უახლოვდება დეპოპულაციას.
„წელს ისტორიაში პირველად ლორის ოლქში დაფიქსირებულია დეპოპულაცია: სიკვდილიანობამ შობადობას 90 შემთხვევით გადააჭარბა. რესპუბლიკურ დონეზე დეპოპულაციის ეტაპზე ჩვენ ჯერ არ შეგვიბიჯებია, მაგრამ თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მაშინ, გაეროს პროგნოზებით, ოთხ-ხუთ წელიწადში მთელ ქვეყანაში სიკვდილიანობა შობადობას გადააჭარბებს“ – განაცხადა სომხეთში მოსახლეობის გაეროს ფონდის აღმასრულებელმა წარმომადგენელმა ცოვინარ არუთიუნიანმა.
ეს, ექსპერტების აზრით, ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ახლა ქორწინების ასაკში 1990-იან წლებში დაბადებული თაობა შედის. ეს სომხეთის უახლეს ისტორიაში უმძიმესი წლები იყო. მიმდინარეობდა ომი, ქვეყანა ბლოკადაში იმყოფებოდა, ეკონომიკა – კრიზისში. იმ სიტუაციაში არცთუ ბევრი ადამიანი აძლევდა თავს შვილის ყოლის უფლებას.
შესაბამისად, 90-იანი წლების თაობაში 1980-იან წლებზე 40 პროცენტით ნაკლები დაბადებულია. და ეს არ შეიძლება ამჟამდინდელი ქორწინებებისა და შობადობის რიცხვზე არ აისახოს. მით უმეტეს, რომ 1990-იანი წლების თაობის 20-25 პროცენტი სომხეთიდან ემიგრირებულია.
ქვეყნის წინაში მდგარი დეპოპულაციის საფრთხის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს დაქორწინება და ოჯახური პასუხისმგებლობის თავზე აღება არ სურთ.
ამავდროულად 20-40 წლის ადამიანებს შორის დარღვეულია დემოგრაფიული ბალანსი – ქვეყანას 60 ათასი მამაკაცი აკლია. მთავარი მიზეზი – ემიგრაციაა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელ Facebook-ის სომხურ სეგმენტში ეს სიახლე შეუმჩნევლად არ დარჩენილა.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„მშვენიერი პროგრამაა! ღმერთმა ქნას, თანდათან ყველაფერი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“;
„ნუთუ დღესაც კი მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი შეცვლილა?“
„რევოლუციის შემდეგ ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნორმალური სიახლეა!“
„და მაშინ რატომ ვცხოვრობთ ევროპაში? შეგვიძლია სომხეთში დავბრუნდეთ, სამი, ოთხი, ან ხუთი შვილი გავაჩინოთ და მათი არსებობისთვის საჭირო თანხა გამოვიმუშაოთ. ეს ყველაფერი ცხოვრებაში თუ განხორციელდა, დამიჯერეთ, ევროპაში სომხები აღარ დარჩებიან“;
„როგორც იქნა, რაღაც კარგი მაინც გააკეთეს. სამ შვილთან დაკავშირებით კი ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი“.