ვითარება სომხეთში. ათასობით მომიტინგე სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა
მასალის განახლება ხდება ერევნიდან ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე
ერევანში ოპოზიცია დაუმორჩილებლობის აქციას მართავს. ადამიანები ქუჩაში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ სომხეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, თუმცა, სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და რეალურ მმართველად რჩება. სწორედ მის ხელისუფლებაში დარჩენას აპროტესტებენ მომიტინგეები და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. პარლამენტს დღეს სარგსიანი პრემიერ-მინისტრად უნდა აერჩია. სწორედ ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ დემონსტრანტები. ერევანში გადაკეტილია თითქმის ყველა მთავარი ქუჩა. აქციაში მონაწილეობს უკვე ათასობით სამოქალაქო აქტივისტი და სტუდენტი. ისინი სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების შენობაში შედიან და ყველას გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
JAMnews-ი უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით აქ:
მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
დღის სამი საათისთვის ათასობით მომიტინგე და ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა პაშინიანი სომხეთის პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. პარლამენტს პოლიციელების გაძლიერებული კორდონი იცავს და მავთულხლართი აქვს შემოვლებული.
პაშინიანმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სამსახურში მოვიდა და თან ახლავს მოქალაქეები, რომლებიც მასთან მიღებაზე არიან ჩაწერილები.
როდესაც მომიტინგეები პარლამენტთან ახლოს მივიდნენ, პოლიციელებმა აირწინაღები გაიკეთეს და მომიტინგეების მისამართით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე დემონსტრატი დაშავდა. მათ შორის, თავად პაშინიანიც. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას სისხლი მოსდიოდა. ფაშინიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის სერიოზულად არ არის დაშავებული და როგორც მისი ცოლი ამბობს, სულ მალე პარლამენტის შენობასთან დაბრუნდება. სამედიცინო ცენტრ “ნაირიში” აცხადებენ, რომ სამედიცინო დახმარება რამდენიმე სამართალდამცავსაც დასჭირდა. ერთ-ერთმა მათგანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
ამის შემდეგ პოლიციელებმა აირწინაღები მოიხსნეს და დემონსტრანტებთან ერთად სომხეთის ჰიმნი შეასრულეს. მათი თქმით, პოლიციას არ უნდა კონფრონტაცია დემონსტრანტებთან და მათთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
ამავე დროს შსს ავრცელებს განცხადებას, რომ თუ დემონსტრანტები უახლოეს მომავალში არ დაიშლებიან, პოლიცია მიტინგს ძალის გამოყენებით დაშლის.
რა ხდებოდა მანამდე
ერევანში დაუმორჩილებლობის მორიგი აქცია დილიდან დაიწყო. ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგისანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ათობით აქტივისტი, ძირითადად სტუდენტები, დედაქალაქის ქუჩებს ბარიკადებითა და ნაგვის ურნებით კეტავენ. საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მარშრუტს იძულებით ცვლიან.
აქტივისტები მეტროშიც ჩავიდნენ – ისინი მეტროს ვაგონების კარებთან გაწვნენ და მათ დახურვის საშუალებას არ აძლევენ. პოლიცია აქტივისტების მეტროდან გამოყვანას ძალით ცდილობს.
წინა დღეს ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა ერევნის ალყაში მოქცევის გეგმა წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი იქნება, და ადამიანებს თავიანთი საბანკო ანგარიშების განულებისკენ, აჯანყების დაწყებისა და ეროვნულ საკრებულოსთან მიტინგის გამართვისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება სატრანსპორტო მოძრაობის გაჩერებას, გეგმის ეს ნაწილი მართლაც დაპირებულ დროს დაიწყო – 8 საათსა და 15 წუთზე. ავტობუსის წინ პირველი თავად პაშინიანი გაწვა. აქტივისტები მოძრაობის ლოზუნგად ქცეულ ფრაზას სკანდირებენ, – „გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი“.
პოლიციელებმა ბაგრამიანის ქუჩა ბარიკადებით გადაკეტეს, რათა დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან არ მიეშვათ. მოძრაობის ლიდერი პაშინიანი ერევნელებს მიყენებული უხერხულობებისთვის დროდადრო რუპორით ბოდიშს უხდის. მისი თქმით, მოძრაობის აქტივისტები ამ გზით ქვეყანას უფრო უსიამოვნო მოვლენებს აარიდებენ.
სომხეთში დაწყებული დაუმორჩილებლობის მოძრაობის სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია.
2 მარტს სომხეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი, არაპირდაპირი წესით არჩევნები იყო. პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გახდა. რაც შეეხება სერჟ სარგსიანს, ის წასვლას არ აპირებს – იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის რეალური მმართველი გახდება.
დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეები სწორედ სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღმდეგ გამოდიან.
ამისთვის მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანამოაზრეები მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის ჩანაფიქრით, ქუჩაში სულ მალე 100 ათასამდე ადამიანმა უნდა მოიყაროს თავი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ 17 აპრილს მომიტინგეებმა ალყაში მოაქციონ პარლამენტის შენობა. სწორედ 17 აპრილს უნდა აირჩიოს პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი.
კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრის არჩევნები ორჯერ ჩაიშლება, მოქმედი პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დაკარგავს, და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ოპოზიციონერების აზრით, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა შეიცვლება და სერჟ სარგსიანის ხელისუფლება არ გაგრძელდება.
JAMnews-ი მოვლენების გაშუქებას აგრძელებს.
სხვა დეტალები წაიკითხეთ ჩვენს წინა პუბლიკაციებში:
ერევანი: ოპოზიციამ სეჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების საწინააღმდეგო სადღეღამისო აქციები დაიწყო
ოპოზიცია საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა