სომხეთში დამსაქმებლები მომუშავეთა შრომით უფლებებს ხშირად არღვევენ
სომხეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები დამსაქმებლების მხრიდან ხშირად ირღვევა. ასეთი შეფასება მიეცა ამ საკითხს სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიურ მოხსენებაში.
გასული წლის განმავლობაში დამსაქმებლები ხშირად უშვებდნენ შემდეგ დარღვევებს:
– უსაფუძვლოდ ათავისუფლებდნენ თანამშრომლებს;
– კანონით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, წინასწარ არ აცნობებდნენ მათ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის შესახებ;
– გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მათ შრომას არ ანაზღაურებდნენ;
– არ ასწორებდნენ მათთან ანგარიშს.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ეს დარღვევების სრული ჩამონათვალი არ არის. ჰელსინკის სომხეთის კომიტეტის კვლევების თანახმად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მომსახურების სფეროს მუშაკთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. საუბარია სუპერმარკეტებზე, კაფეებზე, რესტორნებზე, კლუბებსა და ტაქსით მომსახურეობაზე.
ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარის, ავეტიკ იშხანიანის თქმით, ადამიანები შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ, მათ დღიურად უხდიან, და ხელშეკრულება თუ იდება, მას მაინც ფორმალური ხასიათი აქვს.
მან განაცხადა, რომ კომიტეტს ამგვარი გამოკვლევა სახელმწიფო სექტორში ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა მათთვის ზუსტად არის ცნობილი: მომუშავეთა შრომითი უფლებები იქაც ირღვევა. განსაკუთრებულად შემაშფოთებელია სკოლის პედაგოგებისადმი დამოკიდებულება. პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულებები ერთი წლით იდება. და თუკის დირექტორს რომელიმე მასწავლებელთან მუშაობის გაგრძელება არ სურს, შეუძლია უბრალოდ ხელშეკრულება არ გაუგრძელოს.
„ჩვენი მოქალაქეები კერძო და სახელმწიფო სექტორშიც დაუცველები არიან. ისინი ყოველდღიურად ღელავენ თავიანთი სამუშაო ადგილების გამო“, – მიაჩნია სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარეს.
ომბუდსმენის მოხსენების მიხედვით, დარღვევები აღმოჩენილია იმ ორგანიზაციებშიც კი, რომლებიც საკუთრივ შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროდან იმართება. კერძოდ, ომბუდსმენის ოფისში შესული საჩივრების საფუძველზე, მსგავსი დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასების არასწორად დაანგარიშების შემთხვევები გამოვლინდა.
JAMnews-ის მიერ ადრე გამოქვეყნებული მასალის წაკითხვა, სომხეთში შრომითი უფლებების ხუთი ყველაზე გავრცელებული დარღვევის შესახებ, შესაძლებელია აქ.