სომხეთმა მეოთხე პრეზიდენტი აირჩია: ერთადერთი პრეტენდენტი მწვავე დებატების ფონზე აირჩიეს
სომხეთის მე-4 პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულია არმენ სარგსიანი. ის იყო პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც სომხეთის მმართველმა კოალიციამ წარადგინა.
არმენ სარგსიანის კანდიდატურა ეროვნული საკრებულოს ხმათა უმრავლესობის მიერ დამტკიცდა: 100 დეპუტატიდან 90-მა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, 10-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
პროსახელისუფლებო კოალიციის გარდა, არმენ სარგსიანს ორიდან ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის – ბლოკი „ცარუკიანის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
„ჩემი არჩევის შემთხვევაში, მართლაც ყველანაირ ღონეს ვიხმარ, რათა ისეთი პრეზიდენტი ვიყო, როგორიც თქვენ ყველას წარმოგიდგენიათ, კეთილსინდისიერად ვიმსახურებ და ჩემს, ასე ვთქვათ, მოკრძალებულ გამოცდილებას თავდადებით და დიდი მონდომებით მოვახმარ ჩვენს დიდ ქვეყანას, მის განვითარებასა და წარმატებას – რადგან ჩემთვის ეს პატარა სამშობლო დიდ სახელმწიფოს წარმოადგენს“, – პირობა დადო არმენ სარგსიანმა.
პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევამდე სარგსიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
საბჭოთა წლებში (1984-1985 წწ. და 1989-1991 წწ.) სარგსიანი კვლევით საქმიანობას ეწეოდა, ასწავლიდა კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში. 1996 წელს ის სომხეთის მეხუთე პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა ეს თანამდებობა მხოლოდ ოთხ თვეს ეკავა.
რატომ ირჩევდა მეოთხე პრეზიდენტს პარლამენტი?
ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საექსპერტო წრეებში მიმდინარეობდა დავა იმის თაობაზე, თუ ვის და რა თანმიმდევრობით უნდა აერჩია სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი.
ადვოკატმა ვაგე გრიგორიანმა განაცხადა, რომ ეროვნული საკრებულოს მიერ პრეზიდენტის არჩევა მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„სომხეთში კონსტიტუცია შეიცვალა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მართლაც ეროვნული საკრებულო ირჩევს, მაგრამ ეს დებულება მხოლოდ მომდევნო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შედის ძალაში, მანამდე კი მოქმედებს წინა კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ხალხი ირჩევს“, – ამბობდა ვაგე გრიგორიანი.
თუმცა, ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებდა და საბოლოოდ არჩევნები საპარლამენტო კენჭისყრის ფორმატით ჩატარდა.
სად ცხოვრობდა არმენ სარგსიანი?
ადრე გამოქვეყნდა ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მმართველმა პარტიამ სწორედ არმენ სარგსიანი აირჩია. მომავალი პრეზიდენტის დახასიათებათა შორის ჩამოთვლილი იყო მის მიერ უცხო ენების ცოდნა, ფართო კავშირები როგორც სომხეთში, ისე დიასპორის წრეებში, მიუკერძოებლობა, ავტორიტეტი, უპარტიობა და ა.შ.
თუმცა, არსებობს კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებიც. მაგალითად, კონსტიტუციის 124-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, რესპუბლიკის პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ ის პირი, ვინც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ სომხეთის მოქალაქე იყო.
სომხური მედიის ცნობით, არმენ სარგსიანს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ის ერთდროულად სომხეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. არმენ სარგსიანის სახელი დიდი ბრიტანეთის თეთრ ფურცლებზე მოიხსენიებოდა: ამაზე ამომრჩეველთა სახელმწიფო რეგისტრის 2003-2012 წლების ჩანაწერები მეტყველებს.
არმენ სარგსიანს პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენდენტობის უფლება რომ ჰქონოდა, მას ბრიტანულ პასპორტზე, სულ მცირე, 2012 წლის 2 მარტამდე უნდა ეთქვა უარი.
ხელისუფლება არ გამორიცხავდა, რომ არმენ სარგსიანს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სომხეთის მოქალქე იყო, ხოლო მის საცხოვრებელ ადგილს პრზიდენტად მის წარდგენასთან კავშირი არ აქვს.
სომხეთის მეოთხე პრეზიდენტის არჩევა წინა არჩევნებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი დებულებით განსხვავდება:
- კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად სომხეთი მმართველობის ახალ – საკონსტიტუციო ფორმაზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყნის მეთაური, პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი იქნება;
- ამიერიდან პრეზიდენტის თანამდებობა სიმბოლური და წარმომადგენლობითი იქნება;
- პრეზიდენტს, უკვე მოქალაქეები კი არა, ეროვნული საკრებულოს დეპუტატები ირჩევენ;
- პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ და მას ამ თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია;
- საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ორ ტურად ჩატარდეს;
- პრეზიდენტი უპარტიო უნდა იყოს.