სომხეთის "მარტის მოვლენებიდან" 10 წლის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მკვლელობის საქმე გაუხსნელია
10 წლის წინ, 1 მარტს ერევნის ქუჩებში განვითარებული მოვლენების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის ხელმძღვანელობით შექმნილი პოლიტიკური ბლოკის მომხრეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.
ზედიზედ ათი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი მოედანს არ ტოვებდა და მთელი დღე-ღამის განმავლობაში დემონსტრაციებს მართავდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სინამდვილეში არჩევნებში ლევონ ტერ-პეტროსიანმა გაიმარჯვა და არა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
1 მარტს, გამთენიისას, საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედანი ძალით დაატოვებინეს. მოგვიანებით, ქალაქის სხვა ნაწილში – მიასნიკიანის ძეგლის მახლობლად – 10 დემონსტრანტი მოკლეს.
ამ მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ უფლებადამცველები და ოპოზიცია გვახსენებენ: დანაშაულის ჩამდენები აქამდე არ აღმოუჩენიათ და არ დაუსჯიათ – ისინი დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანების გამცემებს გულისხმობენ.
გენერალურმა პროკურორმა არტურ დავტიანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „1 მარტის“ სქმე რთულია“. არადა, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა, რომლის უფლებამოსილება 2008 წელს ამოიწურა, ამ სისხლიანი მოვლენების შემდეგ მაშინვე განაცხადა: ეს უბრალო საქმეა, რომლის გახსნა ჩვეულებრივ „უბნის პოლიციელსაც“ შეუძლია.
გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ათი მოქალაქის მკვლელობის საქმის ძიება არ შეწყვეტილა, ამის წინაპირობაც კი არ არსებობს. თუმცა, მას არ უთქვამს, მიუახლოვდა თუ არა ძიება საქმის გახსნას.
1 მარტს სპეციალური ნივთიერების „ჩერიომუხა-7“-ის გამოყენების შედგად დაღუპული გორ კლოიანის მამა, სარგის კლოიანი აცხადებს, რომ გამოძიების საგანგებო სამსახურში, რომელიც ამ საქმეს იძიებს, ის უკანასკნელად სამი წლის წინ დაიბარეს.
„ეს საქმე ისევ თაროზეა და მტვერი ედება. პროკურორი მუდმივად ერთსა და იმავეს ამბობს, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ გასულ ათ წელიწადში რატომ არაფერი გაკეთდა? თავიანთ თავს ხომ არ გაასამართლებენ – და თუ ახალი ძალა მოვა, და ხელისუფლება შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, ეს საქმეც გაიხსნება“, – ამბობს სარგის კლოიანი.
ოპოზიციას ასევე მიაჩნია, რომ „1 მარტის“ მოვლენები მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში გაიხსნება.
„დღევანდელი ხელისუფლების მიერ თავის მოჩვენება, თითქოს 1 მარტის დამნაშავეების აღმოჩენა სურთ, სინამდვილეში ბლეფია. ეს მორიგი თამაში და ფანდია, რომლის გამოყენებასაც ისინი ცდილობენ. გულუბრყვილოები ნუ იქნებით და ნუ გეგონებათ, რომ ხელისუფლება ისეთ დოკუმენტს მიიღებს, რომლითაც 1 მარტის მკვლელობების ჩადენაში თავს დაიდანაშაულებს. მათ შეუძლიათ კიდევ ერთხანს გადადონ ამ პრობლემის გადაწყვეტა, დაპირებები გასცენ, მაგრამ ეს ბლეფია“, – მიაჩნია სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ერთ-ერთ თანამოაზრეს, პარტია სომხეთის ეროვნული კონგრესის ვიცე-თავმჯდომარეს, არამ მანუკიანს.
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა განაცხადა, რომ 1 მარტის მოვლენები სახელმწიფო დონეზე ტერორის გამოვლინებაა.
მან განაცხადა, რომ ხელისუფლება მომხდარს მასობრივ უწესრიგობას უწოდებს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ხალხის მიმართ მასობრივი ძალადობა გამოიყენა:
„არსებობს მოწმეების ჩვენება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ ძალადობა გამოიყენა“.
დღეს 1 მარტს დაღუპულების მოსახსენიებელი წირვა აღევლინა. უფლებადამცველმა, ყოფილმა დეპუტატმა ზარუი პოსტანჯიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წინ საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც საქმის გახსნა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. იმავე მოთხოვნით გამოვიდნენ დემონსტრაციაზე ლევონ ტერ-პეტროსიანის თანამოაზრეებიც.